ირაკლი კობახიძე: ეკა გიგაური საზოგადოებას ცხინვალის რეგიონში შეჭრისკენ მოუწოდებდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ყალბი ამბავი.

ანალიზი:

2022 წლის 14 ივნისს ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის - ეკა გიგაურის, მიმართ დეზინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთი მიერ უკრაინაში შეჭრით განვითარებული მოვლენების ფონზე, ეკა გიგაური საზოგადოებას ცხინვალის რეგიონში შეჭრისკენ მოუწოდებდა.

მოგვიანებით, 15 ივნისს ირაკლი კობახიძემ ეკა გიგაურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გასამყარებლად, განცხადებების კრებული წარადგინა, რომელიც მისივე თქმით, „რადიკალური ოპოზიციის, არასამთავრობოების და ტელევიზიების მხრიდან ომის პროპაგანდას ადასტურებს“. საკუთარი განცხადების დასადასტურებლად ირაკლი კობახიძე 2022 წლის 23 მარტს ეკა გიგაურის მიერ გაკეთებულ განცხადების ნაწილ იშველიებს - „ ერთ-ერთი არის ეკა გიგაურის განცხადება, რომელსაც წაგიკითხავთ და თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რას ამბობდა ის მაშინ და როგორ იხევს ახლა ის უკან: „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში. იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ“. ასევე, ირაკლი კობახიძის მსგავსად, ეკა გიგაური ომის პროპაგანდაში სოზარ სუბარმაც დაადანაშაულა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძის მტკიცება, რომ ეკა გიგაური „ცხინვალში შეჭრის“ მოწოდებებს აკეთებდა, არის ყალბი ამბავი. ეკა გიგაურის მიერ მსგავსი შინაარსის განაცხადს საჯაროდ ხელმისაწვდომი არცერთი წყარო არ ადასტურებს. ირაკლი კობახიძის მტკიცების აბსურდულობაზე ისიც მიუთითებს, რომ საკუთარი ნათქვამის გასამყარებლად კობახიძემ ეკა გიგაურის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც იგი ცხინვალში შეჭრის მოწოდებას აკეთებდა, ვერ წარმოადგინა. ამის ნაცვლად, ირაკლი კობახიძემ ეკა გიგაურის ერთ-ერთი განცხადების მონაკვეთი გამოაქვეყნა, სადაც გიგაური საუბრობს, რომ საქართველომ რუსეთის უკრაინაში შეჭრით შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოიყენოს. სწორედ, აღნიშნულ წინადადებაზე მითითებით, სრული განცხადებისა და კონტექსტის უგულებელყოფით ცდილობს ირაკლი კობახიძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დისკრედიტაციას.

რეალურად, ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული ციტატა ნაწყვეტია ეკა გიგაურის იმ განცხადებიდან, რომელშიც იგი საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციისთვის შექმნილი შესაძლებლობის გამოყენებაზე საუბრობს. ქვემოთ გთავაზობთ აღნიშნული განცხადების სრულ ტექსტს:

ეკა გიგაური - რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, არ ჰყოფნის რესურსები და ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ, ვანახოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ.

დაშინება არის არასწორი, საფრთხე არ დგას, რადგან რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, არ ჰყოფნის რესურსები და ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ და ვანახოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაურმა უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ომით კი არ უნდა დააშინოს ხალხი, არამედ „გააკეთოს ყველაფერი, რომ ახალი პერსპექტივები გვანახოს და მაქსიმალურად გააერთიანოს საზოგადოება“ და ყველანაირი დისკუსია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ დავდგეთ დასავლეთის გვერდში, რუსეთის ინტერესია.

„საქართველოს შეიძლება ჰქონდეს უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, ვინაიდან დასავლეთი ყოველთვის განგვიხილავდა პარტნიორებად და დღეს ეს ყველაფერი უნდა დავამტკიცოთ. საფრთხეები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ეს არ არის ის საფრთხეები, რომლებზეც დღეს საუბრობს სახელმწიფო, მთავარი საფრთხეა, რომ შეიძლება შესაძლებლობების ფანჯარა ვერ გამოვიყენოთ. არასწორ დისკუსიებს ვატარებთ, არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ვართ დაყოფილები, მთავრობა არ ელაპარაკება ხალხს და არ ფიქრობს რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. უკრაინაში რუსეთი აგებს ომს და არის ერთობა დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებში, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა პუტინის რეჟიმი განადგურდეს. როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩნდება ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, მათ შორის ევროპასთან და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს სწორი ნაბიჯები გადავდგათ, ჩვენი მთავრობა და ხალხი უნდა იდგეს დასავლეთის გვერდით, ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს, აუცილებლად უნდა დავგეგმოთ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია სწრაფად მოხდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ამ საფრთხეებს პასუხი გავცეთ. ამისთვის მნიშვნელოვანია გაფართოებული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც დამსწრე იქნება როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე პრეზიდენტი და მმართველი პარტია“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

დასკვნა

როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, ირაკლი კობახიძის მტკიცება, რომ ეკა გიგაური ცხინვალში შეჭრის მოწოდებას აკეთებდა, არის ყალბი ამბავი. ეკა გიგაურის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება არ დასტურდება. მეტიც, განცხადება, რომელსაც ირაკლი კობახიძე საკუთარი მტკიცების გასამყარებლად იყენებს, არ ადასტურებს ფაქტს, რომ ეკა გიგაურმა ცხინვალში შეჭრის მოწოდება გააკეთა. როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, განსახილველ განცხადებაში ეკა გიგაური საუბრობს, რომ საქართველომ დასავლეთთან დაახლოებისთვის შექმნილი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. განცხადების შინაარსის მიუხედავად, ირაკლი კობახიძე ამ განცხადების მხოლოდ ერთ ნაწილზე აკეთებს აქცენტს და მის იმგვარ ინტერპრეტაციას ცდილობს, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ეკა გიგაური ცხინვალში შეჭრის მოწოდებას მართლაც აკეთებდა. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება მხოლოდ ნაწილია იმ მადისკრედიტირებელი კამპანიისა, რომელსაც ხელისუფლება სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ იყენებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი