სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, 17 სექტემბერს სომხეთს სამდღიანი ვიზიტით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ეწვია. ნენსი პელოსიმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ერევანში ვიზიტი იყო დემონსტრირება „აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის სომხეთისა და კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და დემოკრატიული მმართველობის მიმართ“.

ჯერ კიდევ ნენსი პელოსის დელეგაციის ვიზიტამდე, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ პელოსის ვიზიტი „დიდ როლს ითამაშებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“. ოფიციალური განცხადებების გარდა, სომხეთში პელოსის ვიზიტს მხარი დაუჭირეს მოქალაქეებმაც, რომლებმაც სომხეთის კუხოდან (SCTO) გამოსვლის მოთხოვნით რამდენიმე აქციაც გამართეს. აქცია ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე გაიმართა და დაკავშირებული იყო იმ ფაქტთან, რომ სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი და პარტნიორები კუხო-ს სამხედრო ბლოკში სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარს აცხადებდნენ. აღნიშნულის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა და სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პარალელურად მიმდინარეობდა რუსეთის მხარდამჭერი აქციებიც. ზემოთ ხსენებულმა მოვლენებმა სოციალურ ქსელებში - განსაკუთრებით რუსულ სივრცეში, მრავალი მანიპულაციის გავრცელებას შეუწყო ხელი. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პორტრეტით ბილბორდის ფოტოების გამოქვეყნება დაიწყეს და ამტკიცებდნენ, რომ ბილბორდი ნენსი პელოსის ვიზიტის წინა დღეს ჩამოხსნეს.

პოსტის აღწერა ფოტოზე - „შაბათს ნენსი პელოსის ერევანში ვიზიტამდე, გზებიდან პუტინის ბილბორდი ჩამოხსნეს, იტყობინება ადგილობრივი მედია. ასევე, სომხეთში გზების გასწვრივ ამერიკის დროშები გამოფინეს ნენსი პელოსის ვიზიტის წინ“.

რეალურად, სომხეთში პუტინის ბილბორდი ნამდვილად ჩამოხსნეს, თუმცა არა ნენსი პელოსის ვიზიტის წინა დღეს, არამედ ერთი თვის წინ. სომხურმა დამოუკიდებელმა პლატფორმა „Factor“-მა ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან გადაამოწმა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ბილბორდი პელოსის ვიზიტამდე დიდი ხნით ადრე ჩამოხსნეს. პუტინის ბილბორდის ადგილას ახლა სომხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სარეკლამო ბანერია განთავსებული. ამ ბანერის გვერდით კი არის პლაკატი მოწოდებით „დავრჩეთ სახლში და თავიდან ავიცილოთ ინფექციის ჯაჭვი“. ეს უკანასკნელი, 2020 წლიდან, ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან არსებობს.

წყარო: Factor.am

რუსულ სოციალურ ქსელებში პუტინის ბილბორდის სხვა ფოტოც გამოჩნდა, რომელზეც ამჯერად პუტინთან ერთად ნენსი პელოსის ფოტოც არის გამოსახული და ზედ აქვს წარწერა „Forever together“ („მუდამ ერთად“), რაც რეალურად ფოტომონტაჟის შედეგია. ანალოგიური ფოტო ქართულ სოციალურ სივრცეშიც გავრცელდა.

სინამდვილეში, ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და პუტინის ფოტო პელოსის ფოტოთი არ ჩაუნაცვლებიათ. როგორც უკვე აღინიშნა, პუტინის ბილბორდის ნაცვლად ახლა პოლიტიკური პარტიის ბილბორდია გაკრული.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბილბორდი პუტინის ფოტოთი სომხეთის მთავრობას არ განუთავსებია. პლაკატის შესახებ ინფორმაცია პირველად 2021 წელს, ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელდა და ის სომხეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლის, იერჯანიკ ღაზარიანის ინდივიდუალური დაკვეთით დამონტაჟდა. თავად ღაზარიანმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ კონკრეტული ბილბორდი გენოციდის საკითხის გამო სომხეთის მხარდაჭერისათვის ერთგვარი მადლობა იყო და აეროპორტის გზაზე გამოკრული პლაკატების - წარწერით „მადლობა ბაიდენს“, პასუხს წარმოადგენდა.

ამდენად, სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. პუტინის ბილბორდი ნენსი პელოსის ვიზიტის გამო არ ჩამოუხსნიათ და ის არც სპიკერის ფოტოთი ჩაუნაცვლებიათ.

-------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი