2023 წლის 27 თებერვალს ფეისბუქ-გვერდმა ,,პოლიტიკური რენტგენი/Political X-ray’’ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.

პოსტში წარმოდგენილი ინფორმაცია არაზუსტი და მანიპულაციურია. კერძოდ, პოსტის ავტორები უსაფუძვლოდ ამტკიცებენ, რომ „კანონპროექტი სრულიად გამორიცხავს ფიზიკური პირების იდენტიფიცირებას უცხოური გავლენის აგენტად და არავითარი პრობლემა პერსონალურ იარლიყებში - არც ადამიანურ და არც ორგანიზაციულ დონეზე არ არის“.

2023 წლის 14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა. კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც დარეგისტრირების ვალდებულება იმ არასამეწარმეო იურიდიულ პირებსა და მედიასაშუალებებს ექნებათ, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

პარალელურად, 22 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში ანალოგიური თემატიკის მეორე კანონპროექტიც დაარეგისტრირა. ამ კანონპროექტის 1-ლი მუხლის „გ“ პუნქტი განსაზღვრავს „უცხოური ძალის აგენტის“ მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, „უცხოური ძალის აგენტად“ შეიძლება მიჩნეული იქნეს ნებისმიერი - როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.

კერძოდ, მეორე კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის აგენტი არის უშუალოდ უცხოური ძალის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად ან პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან უმეტესწილად უცხოური ძალის მიერ კონტროლირებადი ან დაფინანსებული პირის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად მოქმედი ნებისმიერი პირი…“

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მართალია, პირველად ინიციირებული კანონპროექტი დარეგისტრირების ვალდებულებას ტექნიკურად მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიულ პირებისა და მედიასაშუალებების მიმართ წარმოშობს, თუმცა მეორე კანონპროექტი უცხოურ აგენტად დარეგისტრირებას, როგორც იურიდიულ ისე, ფიზიკურ პირებსაც ავალდებულებს. შესაბამისად, ნათელია, რომ ინიციატორები უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირების ლეგიტიმურ მიზნებს როგორც იურიდიული, ისე, ფიზიკური პირების მიმართაც ხედავენ. გარდა ამისა, კანონპროექტის განხილვის პროცესში მან შეიძლება მოდიფიკაცია ყველა შესაძლო ვარიანტის მიხედვით განიცადოს.

ამასთან, კანონპროექტის იმ ვერსიის წარმატების პირობებშიც კი, რომელიც აღნიშნულ ვალდებულებას მხოლოდ იურიდიულ პირებზე ავრცელებს, საბოლოოდ ამ იურიდიულ პირთა წარმომადგენლებისა თუ თანამშრომლების სტიგმატიზება მაინც გარდაუვალი რჩება. ამდენად, მტკიცება, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტად ფიზიკური პირების იდენტიფიცირებას სრულად გამორიცხავს“, მცდარია.

პოსტი ასევე ამტკიცებს, რომ „არავითარი პრობლემა პერსონალურ იარლიყებში, არც ადამიანურ და არც ორგანიზაციულ დონეზე არ არის“. სინამდვილეში, კანონპროექტი მსგავსი პრობლემების წარმოშობის გარდაუვალობას ნათლად წარმოაჩენს, რაც მისი შინაარსის იმგვარ ფორმულირებასთან არის დაკავშირებული დაკავშირებული, რომელიც სხვადასხვა ევროპული სტრუქტურის მიერ არაერთხელ გაკრიტიკებულა.

კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსულ კანონთან მიმართებით ტერმინ „უცხოეთის აგენტთან“ დაკავშირებით იმსჯელა და აღნიშნა, რომ „უცხოურ აგენტებად“ რეგისტრაციამ ორგანიზაციების საჯარო ცხოვრებაში ჩართულობა და საქმიანობის განხორციელება შეზღუდა.

2014 წელს ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ რუსული კანონმდებლობა აძლიერებს მსუსხავ ეფექტს ისეთ ფუნდამენტურ თავისუფლებაზე, როგორიცაა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება და რაც დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კომისიის თქმით, იმ ორგანიზაციების „უცხოეთის აგენტებად” რეგისტრაცია, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომა არ არის და ეს პრაქტიკა ამ ორგანიზაციების მიმართ „ეჭვსა და უნდობლობას“ უსამართლოდ აღვივებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის „უცხოეთის აგენტის“ (და სხვა, მსგავსი შინაარსის ტერმინების) სტატუსის მინიჭების მასტიგმატიზებელ ეფექტს ასევე უსვამს ხაზს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები „ამნესტი ინტერნეიშენალი“ და იურისტთა საერთაშორისო კომისია (ICJ). ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით ნათელია, კანონპროექტის ის მასტიგმატიზებელი ეფექტი, რომელიც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთათვის, როგორც პერსონალური, ისე ორგანიზაციული იარლიყების მინიჭებას, ცალსახად იწვევს.

იმ პრობლემების გარდა, რაც უშუალოდ ტერმინ „უცხოეთის აგენტთან“ არის დაკავშირებული, კანონპროექტის შინაარსობრივი მხარეც ნათელია, რომელიც საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ უფლებების დარღვევის მკაფიო რისკებზე მიუთითებს. აღნიშნულ რისკებზე იმსჯელეს არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრმა (ICNL) და არაკომერციული სამართლის ევროპულმა ცენტრმა. ანალიზში ვკითხულობთ:

„საქართველო არის „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის“ (ICCPR) და „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ (ECHR) ხელმომწერი მხარე. კანონპროექტის ანალიზი ცხადყოფს, რომ მისი ბევრი დებულება არ შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო კანონებით გათვალისწინებულ და ევროკავშირის სტანდარტების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს“.

კვლევის თანახმად, კანონპროექტი სუბიექტებს აყენებს მთავრობის მხრიდან შეუზღუდავი შემოწმების საფრთხის ქვეშ და აწესებს მკაცრ ჯარიმებს კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის. ის მკაცრ მოთხოვნებს უწესებს უცხოური დაფინანსების მიმღებ ა(ა)იპ-ებსა და მედია ორგანიზაციებს, მაგრამ არა სხვა სუბიექტებსა და პირებს (რომლებიც შეიძლება ასევე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას), რითაც ამკვიდრებს დისკრიმინაციულ მიდგომას, წარმოშობს პერსონალური მონაცემების ხელყოფის საფრთხეებს, ვინაიდან იუსტიციის სამინისტროს აძლევს უფლებას, მოიძიოს მონიტორინგისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია და სხვ.

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ერთი მხრივ, ნათელია კანონპროექტის ის მასტიგმატიზებელი ეფექტი, რომელიც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთათვის - როგორც პერსონალური, ისე ორგანიზაციული იარლიყების მინიჭებას ცალსახად იწვევს, ხოლო, მეორე მხრივ, მკაფიოა ორგანიზაციების საქმიანობაში გაუმართლებლად ჩარევისა და მათი სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკებიც.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი