სოციალურ ქსელში მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, (1; 2;) მორიგ ყალბ ამბავს ავრცელებს. მისი მტკიცებით - „უკრაინის თავდაცვის მინისტრის რეზნიკოვის ქალიშვილმა ანასტასია სტეინჰაუსმა კანში 7 მილიონ ევროდ იყიდა სახლი“. პოსტს თან ერთვის ვიდეო, რომელშიც ფოტოკოლაჟია წარმოდგენილი, მათ შორის რეზნიკოვის ფოტო შვილთან ერთად და სახლის ფოტოებიც, რომელიც, პროპაგანდისტების მტკიცებით, ანასტასია სტეინჰაუსმა შეიძინა.

აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

განვიხილოთ ფოტოები, რითაც ვიდეო იწყება. პირველ ფოტოზე ქალი შავი კაბით, არა მინისტრის ქალიშვილი, არამედ მისი მეუღლეა - იულია ზორი. ფოტო გამოქვეყნდა 2022 წლის აგვისტოში ჟურნალი „Elle”-ის უკრაინული გამოცემის ვებგვერდზე. რაც შეეხება მეორე ფოტოს, იგი თავად მინისტრმა 2013 წელს საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. ფოტოზე რეზნიკოვი შვილთან, ანასტასია სტეინჰაუსთან ერთადაა, ამ უკანასკნელის ქორწილში. აღსანიშნავია, რომ ამ დროს მას არანაირი სამთავრობო თანამდებობა არ ეკავა. მისი სამთავრობო საქმიანობა 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტი გახდა. ამიტომ ამ ფოტოს აღნიშნულ ვიდეოსთან არანაირი კავშირი არ აქვს და პროპაგანდისტების მიზანი ამ გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

სახლის კადრები, რომლებიც ნაჩვენებია ვიდეოში, აღებულია ინტერნეტიდან. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საიტზე აღნიშნული სახლის ფოტოები ახლაცაა განთავსებული და კვლავ იყიდება, ხოლო მისი ფასი თითქმის 12 მილიონი ევროა.

გარდა ამისა, თავად რეზნიკოვის ქალიშვილი ანასტასია სტეინჰაუსი Facebook-სტატუსით დასახელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია, Facta.news-მაც გადაამოწმა.

ამგვარად, მტკიცება, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის ქალიშვილმა 7 მილიონ ევროდ კანში სახლი იყიდა, ყალბია.

--------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5431 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი