სოციალურ ქსელში ანგარიში მარიკა მარი Facebook-ის საჯარო ჯგუფი „გამარჯვებული ირაკლი ღარიბაშვილი 41“, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და თბილისის მერის გაყალბებულ ციტატებს ავრცელებს (1,2,3,4,5). რეალურად, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები ირაკლი კობახიძესა და კახა კალაძეს არ გაუკეთებიათ, აღნიშნული ანგარიში შოვის ტრაგედიის ფონზე ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაციას ცდილობს.

გთავაზობთ Facebook-ის ანგარიშის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს, რომლებიც ირაკლი კობახიძის გაყალბებულ ციტატებს შეიცავს:

პოსტი 1: გარეული ღორის ხორცი პარკში 3 დღე არ ფუჭდება, ასე არის ადამიანისაც. ეს ექსპერტიზით არის დამტკიცებული, ამიტომ იქ სამაშველო ვერტმფრენის მალე მისვლა არ იყო საჭირო. ვიღაცებმა თქვეს, რომ პარკში ჩაყრილი მიცვალებულები გაფუჭდებოდა, ეს არის პროვოკაცია

პოსტი 2: კიდევ კარგი უფრო მეტით გვამი არ მივიღეთ ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ და ადამიანები გადავარჩინეთ ჩვენთვის ადამიანობის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია

პოსტი 3: არაფერი ვიცი სტიქიის დღეს ჯაკუზში ვიწექი და მოვლენებს ინტერნეტით ვაკვირდებოდი იმდღეს თქვეს 2 კაცი მოკვდაო მეტი არაფერი ვიცი მადლობა ღმერთს რომ მეტი არდაიღუპა

პოსტი 4 : " ეს არის ღმერთისთვის მსხვერპლშეწირვა".

პოსტი 5: "მეწყერის შედეგად მგონი 2 თუ 3 კაცი გარდაიცვალა, მეტი კი არა. ჟურნალისტები ტყუილ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ 30 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ამბავი რომ მოხდა, ჯაკუზზე ვიწექი, მაშინ გამოაცხადეს, რომ 2 კაცი დაიღუპაო".

პოსტი 6: "მგონი 18 ადამიანი დაიღუპაო, კიდევ კარგი, რომ ეს ციფრი 20-მდე არ გაიზარდა , მადლობა ღმერთს, რომ დიდი ტრაგედია არ დატრიალდა".

Facebook-ის იმავე ანგარიში თბილისის მერს კახა კალაძეს შემდეგ ციტატებს მიაწერს:

პოსტი 1: მე სტიქიის ზონიდან ჩემი შვილები გამოვიყვანე და გამოვიქეცი სხვისი ბედი არვიცი, რა ვითარებაა მე თბილისის მერი ვარ, ჩემი საქმე მაქვს, არ ვერკვევი ასეთ სმქმეებში, მიმართეთ ამ საქმის პროფესიონალებს

პოსტი 2: რომ გამოვიქეცით და მივრბოდი გზაზე მიწაში 18 წლის გოგო იყო ხელები ჰქონდა ზევით და შველას მთხოვდა. ჩემი თვალით ვნახე, თუ როგორ ჩაიტანა მიწამ, მაგრამ რა მექნა ვერ მივედი, მივრბოდი მეწყერი მომზდევდა

პოსტი 3: დამეწყრილ ადგილას 2024 წლის ზაფხულზე ახალი კოტეჯები და სასტუმროები აშენდება კალაძემ პირობა დადო ჩვენ მეწყერი არ შეგვაშინებს ცხოვრება გრძელდება

პოსტი 4: "მადლობა ბიძინას რომ გადამირჩინა შვილები".

პოსტი 5: "ისე ერთისმხვრივ სიამოვნება კი მივიღე, მიყვარს ექსტრემალური სიტუაციები, მიწა მოგზდევს და მირბიხარ, მაგარი სიამოვნება მივიღე".

პოსტი 6: "სამაშველო ვერტმფრენი რომ გამოიძახეს, პირველი მედაჩემი შვილები ჩავსკუპდუთ და გამოვფრინდით თბილისისკენ. ჩემი ცოლი მილანში მიემგზავრებოდა საყიდლებზე და ძალიან მეჩქარებოდა სხვები ტალახიანები იდგნენ და მათ მაინც ვერ დასვამდნენ ვერტალიოტზე განაცხადა კალაძემ".

ცნობისთვის, კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა, რასაც 7 აგვისტოს მონაცემებით, 18 ადამიანი ემსხვერპლა, დამატებით 17-ს კი კვლავ ეძებენ. სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით კობახიძემ და კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთეს. მათ შორის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა:

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა, ახლა არის, გასაგებია, ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა ყველაფერი გაირკვევა საბოლოო ჯამში. ამიტომ, სასურველია, არავინ არ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით“.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ოფიციალურ Facebook გვერდზეც დაწერა:

„რაჭაში მომხდარმა სტიქიამ შეძრა საქართველო. შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს. მთელი გულით ვუსამძიმრებ შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს! მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებში, ჩვენს გმირ მაშველებთან ერთად, მონაწილეობს. ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაკარგულთა გადასარჩენად“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შოვში 5 აგვისტოს ჩავიდა. „მადლობას გადავუხდი მაშველებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს და ღამეს ათენებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა მოახერხონ. ვითარება არ არის მარტივი, იმედი ვიქონიოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ“.

სტიქიის ადგილას 6 აგვისტოს ჩავიდა თბილისის მერიც: „გვახსოვს ის უბედურება, რაც მოხდა. სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. ყველა ჩართულია, ყველა უწება მობილიზებულია და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამდენად, Facebook-ის ჯგუფში უმრავლესობის ლიდერების გაყალბებული ციტატები გავრცელდა. აღნიშნული გაყალბებული ციტატების ავტორის მიზანი ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის დისკრედიტაციაა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი