სოციალურ ქსელში შოვის ტრაგედიის დროს მეწყრის შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელების შესახებ კონსპირაციული თეორია ვრცელდება: „კახი კალაძის ცოლ-შვილმა სტიქიიდან რამოდენიმე საათით ადრე გამოასწრო, რა თქმა უნდა წინასწარ გააფრთხილებდნენ შესაბამისი სამსახურები მოახლოებული საფრთხის შესახებ. ამაზე ორი აზრი არ არის და ძალიან სასიხარულოა რომ გაასწრეს, თუმცაღა, რატომ არ აცნობეს ეს უბრალო დამსვენებლებს, ჩემთვის გასაკვირია“-წერია პოსტში.

შოვის სტიქიის კონტექსტში, თბილისის მერთან დაკავშირებით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისმა ოჯახმა შოვი ვერტმფრენის საშუალებით დატოვა. ეს ინფორმაცია ტვ პირველის ეთერში ერთ-ერთი დაზარალებულის მიერ გაჟღერდა, რასაც პოლიტიკოსებისა და Facebookანგარიშების გამოხმაურება მოჰყვა.

რეალურად, მეწყრის შესახებ წინასწარ ინფორმაციის გავრცელება ვერ მოხდებოდა, რადგან სტიქიის ადგილას მონიტორინგისა და წინასწარი შეტყობინების სისტემები არ არის. ამავდროულად, როგორც ირკვევა, კალაძის ოჯახმა სასტუმრო არა ვერტმფრენის, არამედ ავტომობილების საშუალებით დატოვა.

კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა, რასაც, 9 აგვისტოს მონაცემებით, 20 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნული სტიქიური მოვლენიდან მალევე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ლიდერების შესახებ მადისკრედიტირებელი პოსტები გავრცელდა, მათ შორის, კახა კალაძესთან დაკავშირებით (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2).

მტკიცება 1: თბილისის მერი წინასწარ გააფრთხილეს მეწყრის შესახებ

რეალურად, აღნიშნულ ტერიტორიაზე წინასწარი გაფრთხილების სისტემები, რომლებიც სტიქიის პროგნოზირების საშუალებას მოგვცემდა, არ არის. აღნიშნულ თემაზე „ამერიკის ხმასთან“ ჰიდროლოგმა, ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ლაშა სუხიშვილმა ისაუბრა: „სასიგნალო სისტემას, ეს არის პოსტ ფაქტუმ მექანიზმი... თუ ხეობის ზედა ნაწილში ჩამოყალიბდა ღვარცოფული კერა და დაიძრა დასახლებული ტერიტორიისკენ, აი ამის მერე, შესაძლებელია, რომ სანამ ეს ნაკადი დასახლებულ პუნქტამდე მოაღწევს, იქამდე გადაიცეს სიგნალი ონლაინ რეჟიმში და მოსახლეობამ წინასწარ იცის, რომ საფრთხეა“.

ლაშა სუხიშვილმა ასევე განმარტა, რომ ე.წ უსაფრთხოების რადარები სააგენტოს დამონტაჟებული აქვს დევდორაკ-ამალის მყინვარზე და მდინარე ვერეს ხეობაში, თუმცა ისინი დღემდე არ არის გამართული.

გარემოს დამცველი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი კახა არცივიძე „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, რომ მტკიცება თითქოს სტიქიის არიდება შეუძლებელი იყო არასწორია, რადგან „ქვეყნები, რომლებსაც აქვთ წინასწარი შეტყობინების სისტემები და კვლევების მაღალი მაჩვენებელი, ყოველთვის უფრო მომზადებული არიან და ასეთი ტრაგედიებისგან თავს იზღვევენ“.

მაგალითად, სამხრეთ ავსტრია, სადაც მოქმედებს მონიტორინგის სისტემები, ახლახან მძიმედ დაზიანდა კოკისპირული წვიმებით, ღვარცოფით და მდინარეების ადიდებით. ქვეყნის გეოლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის სამხრეთით, სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და მოგვიანებით, ისინი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანა. რადგან ავსტრიაში საკმაოდ ბევრი მეწყერსაშიში ადგილია, უხვი ნალექის დროს, მეტეოროლოგები ყოველთვის აკვირდებიან ადგილებს, სადაც საფრთხეა მოსალოდნელი, ხოლო მოსახლეობას შეტყობინებები მისდით სპეციალური გამაფრთხილებელი სისტემის, „KATWARN“-ის საშუალებით. ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებულია ასევე 8000-ზე მეტი სირენა, რომლებიც მოსახლეობას საგანგებო სიტუაციების დროს აფრთხილებს.

„ძალიან მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, სრული ინფორმაცია გვექნება და ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება ყველაზე კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ 2014 წლიდან დაიწყო მონიტორინგის სისტემის აღდგენა ქვეყანაში: „2014 წლიდან დავიწყეთ პროცესი და ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის, დონორების დახმარებით ვახორციელებთ მეტეოროლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების მონტაჟს, ორი ახალი, სრულიად თანამედროვე რადარი იქნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დამონტაჟებული, ეს შარშან და შარშანწინ მოხდა, რომელიც ამინდის შესახებ ინფორმაციას გვაძლევს, 200-ზე მეტი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური იქნა ბოლო წლების განმავლობაში დამონტაჟებული და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესებს ბოლოში მივიყვანთ. რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემებს, ამის შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯია იმ შეფასებებთან ერთად, რომელსაც სპეციალისტები აკეთებენ“.

ოთარ შამუგიას განცხადებით, შოვის მოვლენები იმდენად მყისიერი იყო, რომ მისი თავიდან აცილება ვერ მოხდებოდა, რადგან სტიქიური პროცესები, რომლებმაც ღვარცოფი გამოიწვია, 8-10 წუთის განმავლობაში განვითარდა.

ცნობისთვის, ამ თემასთან დაკავშირებით , 6 აგვისტოს „2023 წლის 3 აგვისტოს მდ. ბუბისწყლის ხეობაში (მდ. ჭანჭახის აუზი) განვითარებული სტიქიური მოვლენების პირველადი შეფასება“ გამოქვეყნდა. ე.წ. წინასწარი დასკვნაში ვკითხულობთ:

„2023 წლის 3 აგვისტოს, მდ. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში“.

დასკვნა საბოლოო არაა და მეწყრის გამომწვევი მიზეზების დადგენა კვლავ მიმდინარეობს.

მტკიცება 2: კახა კალაძის ოჯახმა შოვის ტერიტორია ვერტმფრენით დატოვა

დეზინფორმაციას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ კალაძის ოჯახმა სასტუმრო ვერტმფრენის საშუალებით დატოვა. აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის სწრაფი გავრცელება პოლიტიკური პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის განცხადებას მოჰყვა. ოქრიაშვილის თქმით, „იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდა, რომ კალაძემ ოჯახის წევრები შოვიდან ნამდვილად სტიქიამდე ცოტა ხნით ადრე, სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენით გამოიყვანა, მას პატიმრობა უნდა შეეფარდოს”.

გავრცელებულ ინფორმაციაზე ბრიფინგი გამართა თბილისის მერმა, სადაც შემდეგი განცხადება გააკეთა:

„სამი მცირეწლოვანი შვილი ისვენებდა 2 კვირის განმავლობაში შოვში. სანამ სტიქია დაიწყებოდა, ჩემმა შვილებმა, ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული ტერიტორია და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება, რაც დღეს გვაქვს სახეზე. ის სპეკულაციები, რაც მიზანმიმართულად ხდება და მიზანმიმართულად მიმდინარეობს, კონკრეტულად „ტვ პირველს“ მინდა მივმართო, ხართ სამარცხვინოები უბრალოდ, როდესაც ასეთი ტრაგედიის, ასეთი უბედურების ფონზე, ამგვარ სპეკულაციებს ავრცელებთ. ასაუბრებთ ადამიანს, ქალბატონს, რომელიც უდიდესი უბედურების წინაშე დგას, რომელიც ეძებს თავისი ოჯახის წევრებს და სპეკულირებთ იმაში, რომ თითქოს ჩემმა შვილებმა გამოიყენეს ვერტმფრენი და მისი საშუალებით დატოვეს ტერიტორია. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები, ვთქვათ იქ რომ ყოფილიყო ჩემი შვილები, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიები დროს, არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში?!“

ცნობისთვის, კალაძის მიერ „ტვ პირველის“ კრიტიკა არხის მიერ შოვში ერთ-ერთი დაზარალებულის, მარიტა გუტაშვილის ინტერვიუს ეთერში გაშვებამ გამოიწვია.

„მაქვს ინფორმაცია, რომ კახი კალაძის ცოლ-შვილი აქ იმყოფებოდა. როგორც ჩანს, დაინახეს, რომ იქ ხალხი იყო და ჯერ ეგენი გამოიყვანეს. დრო მოანდომეს იმას, რომ ხალხი, რომელიც მშვიდობიანად იყო და აღარაფერი არ ემუქრებოდა, გამოეყვანა ეგენი. ჩვენი ხელისუფლება არაფრის მაქნისია და ყველას გაგვწირავენ,“ - ამბობდა მარიტა გუტაშვილი.

ტელეკომპანია „იმედმა“ ვიდეომასალაც მოიპოვა, სადაც ნათლად ჩანს, რომ კალაძის ოჯახის წევრები 14:09 საათზე ავტომობილების მეშვეობით ტოვებენ სასტუმროს „Sunset Shovi“ ტერიტორიას.

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ შოვში მეწყრის შესახებ წინასწარ შეეძლოთ ვინმეს გაფრთხილება, მცდარია, ამავდროულად, ვიდეოკადრებით დასტურდება, რომ კალაძის ოჯახის წევრებს შოვი ვერტმფრენის საშუალებით არ დაუტოვებიათ.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი