რომეო მიქაუტაძე: წელს [2023 წელს] ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი და გენერაცია დაფიქსირდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომეო მიქაუტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2023 წლის ელექტროენერგიის იანვარ-აგვისტოში ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 94 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც ცალკე აღებულ სხვა ნებისმიერი სრული წლის მონაცემს აღემატება. წინა 84 მლნ დოლარიანი რეკორდი 2022 წელს დაფიქსირდა. მოცულობაში დათვლით, 8 თვეში ექსპორტზე 1.336 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც ასევე რეკორდულია.

ექსპორტის მსგავსად რეკორდული იყო გენერაციაც და მან იანვარ-აგვისტოში 10.804 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწია.

ბოლო წლებში არც ერთი დიდი ჰესი და თბოსადგური ექსპლუატაციაში არ შესულა და გენერაციის ზრდა ძირითადად იმპორტირებულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოსადგურების დატვირთვის ზრდითა და ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო არსებული ჰესების მიერ უფრო მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებით იყო გამოწვეული. 8 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბოსადგურების გამომუშავება 14%-ით გაიზარდა, ჰესების - 1.4%-ით და გენერაციის ყველა ობიექტის ჯამურად - 3.5%-ით.

მიმდინარე წელს ექსპორტი გენერაციაზე მეტად გაიზარდა, რაც მოხმარების შემცირებამ გამოიწვია, თავის მხრივ მოხმარება ოკუპირებული აფხაზეთისა და დიდი კომპანიების ხარჯზე შემცირდა.

ანალიზი: 2023 წლის 10 სექტემბერს, ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა: „მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი ფაქტორებით, როცა დაფიქსირდა ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი და ასევე რეკორდული გენერაცია – მათმა მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

რომეო მიქაუტაძე თავის განცხადებაში ორ მიმართულებას შეეხო ელექტროენერგიის ექსპორტს და გენერაციას. გენერაცია ყოველთვის კვტ/სთ-ებში იზომება, ექსპორტი კი როგორც კვტ/სთ-ებში ასევე მონეტიზაციის გზით დოლარებში.

გრაფიკი 1: ელექტროენერგიის ექსპორტი იანვარ-აგვისტო

წყარო: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რადგან ელექტროენერგიის ფასი წლიდან წლამდე იცვლება, ღირებულებაზე გავლენას სეზონურობაც ახდენს, ამიტომ გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობა და მიღებული შემოსავალი ერთმანეთის პირდაპირპროპორციული არაა. 2010 წლის იანვარ-აგვისტოში საშუალო საექსპორტო ფასი 1 კვტ/სთ-ზე 2.2 ცენტს შეადგენდა, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში - 3.9 ცენტს, 2018 წელს - 3.4 ცენტს, 2022 წელს - 8.7 ცენტს და 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით - 7 ცენტს. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც მოცულობით - 1.336 მლრდ კვტ/სთ, ასევე მიღებული ჯამური შემოსავლით - 94 მლნ დოლარი, ელექტროენერგიის ექსპორტის მხრივ 2023 წელი სარეკორდოა.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ექსპორტის გარდა, გენერაციაც რეკორდულ მაჩვენებელზე გავიდა. 8 თვეში ქვეყანამ 10.804 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოა, რაც ექსპორტის მსგავსად ყველა წინა წლის მაჩვენებელს აღემატება.

გრაფიკი 2: ელექტროენერგიის გენერაცია იანვარ-აგვისტო (მლნ კვტ/სთ)

წყარო: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

საქართველოში გენერაციის ძირითად ობიექტებს ჰიდროსადგურები წარმოადგენენ. მათი წილი გამომუშავებაში საშუალოდ 80%-ს შეადგენს, თუმცა მნიშვნელობა კლიმატურ პირობებსაც ექცევა. ერთი და იგივე ჰესი სხვადასხვა წელს სხვადასხვა ოდენობის ელექტროენერგიას აწარმოებს. 2022 და 2023 წლებში ერთი ახალი, თუნდაც საშუალო ზომის ჰესიც კი არ შესულა ექსპლუატაციაში და გენერაციის ზრდა ძირითადად უკეთეს კლიმატურ პირობებს უკავშირდება. დაახლოებით 20% თბოსადგურებზე მოდის. თბოსადგურების შემთხვევაშიც 2022-2023 წლებში წარმოების ზრდა დატვირთვის ზრდას უკავშირდება. ერთადერთი ქარის სადგურის წილი კი 1%-ზე ნაკლებია. მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგური არ არსებობს, ინდივიდუალური პანელების წილი მინიმალურია და ბალანსზე არსებით გავლენას ვერ ახდენს.

ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ათობით მცირე და რამდენიმე საშუალო ზომის ჰესი გაიხსნა. საშუალო ზომის ჰესებიდან შეიძლება დარიალჰესი, შუახევჰესი და ფარავანჰესი გამოვარჩიოთ, რომლებიც წლიურად ჯამში 1 მლრდ კვტ/სთზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. დიდი ჰესები: ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონი პროექტებად დარჩა, რითაც ქვეყანამ რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციის, რამდენიმე მილიარდი კვტ/სთ დამატებითი ელექტროენერგიისა და ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის შესაძლებლობა დაკარგა.

როგორც წესი, ენერგიის მოხმარება ეკონომიკის ზრდის პარალელურად იზრდება და თუ წარმოება/მოპოვებაც არ გაიზარდა, დეფიციტი წარმოიქმნება და იმპორტის საჭიროება დგება. საქართველო შიდა მოთხოვნის თითქმის სრულად დაკმაყოფილებას მხოლოდ ელექტროენერგიაზე ახერხებს და პერიოდულად მისი ექსპორტი იმპორტსაც აჭარბებს. ჩვეულებრივ, როდესაც გენერაცია იზრდება, იზრდება ექსპორტიც, მართებულია პირიქითაც. 2023 წელსაც ორივე გაიზარდა, ოღონდ გენერაცია - 3.5%-ით, ხოლო ექსპორტი - 23%-ით. მსგავსი დისბალანსი მოხმარების კლებას უკავშირდება.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში მოხმარებამ 9.657 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 8%-ით ნაკლები - 8.879 მლრდ კვტ/სთ. მოხმარება ოკუპირებული აფხაზეთისა და ზოგიერთი დიდი კომპანიის ხარჯზე შემცირდა.

როგორ მოხდა, რომ ეკონომიკური ზრდის პირობებში კომპანიებმა მოხმარება შეამცირეს? შეამცირა მხოლოდ ნაწილმა - კერძოდ, კრიპტომაინერებმა და სამთო მოპოვებითი საქმიანობით დაკავებულებმა. „ბი ეფ დი სიმ“ (ბიტფურად ცნობილი ბიტკოინების ქარხანა) გასული წლის იანვარ-აგვისტოში 170 მლნ კვტ/სთ მოიხმარა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 280-ჯერ ნაკლები - 0.6 მლნ კვტ/სთ. მის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ წარმოება შეამცირეს ან სულაც გაანულეს სხვა მცირე ზომის მაინინგით დაკავებულმა კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმაც.

მიმდინარე წელს ფეროშენადნობებსა და სპილენძის მადნებზე მსოფლიოში მოთხოვნა შემცირდა. შემცირდა ფასიც. შექმნილ რეალობაში საქართველოც იძულებული გახდა, მათი მოპოვება-გადამუშავება შეემცირებინა. შედეგად, თუ გასული წლის პირველ 8 თვეში ფეროშენადნობების ქარხანამ, ჭიათურ-მანგანუმ ჯორჯიამ, რუსელიოსმა (ფეროშენადნობების მწარმოებელი) და ჯორჯიან მანგანეზმა ჯამში 963 მლნ კვტ/სთ მოიხმარა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში მათი მოხმარება 768 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა.

2.091 მლრდ კვტ/სთ-დან 1.827 მლრდ კვტ/სთ-მდე მოხმარება შემცირებულია ოკუპირებულ აფხაზეთშიც. რეგიონში, სადაც ელექტროენერგიის საფასურს არავინ იხდის და ბოლო დრომდე უკონტროლო მოხმარება მუდმივად იზრდებოდა, შემცირება მაღალი ალბათობით „ბი ეფ დი სის“ მსგავსად, კრიპტომაინინგის კლებას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ რომეო მიქაუტაძე რეკორდულ გენერაციასა და ექსპორტთან დაკავშირებით სწორად აღნიშნავს ფაქტებს, ის არ ასახელებს მიზეზებს, რაც მცდარი წარმოდგენების წინაპირობას ქმნის. ელექტროენერგიის გენერაცია ნამდვილად გაიზარდა, მაგრამ გაიზარდა არა ჰესების, თბოსადგურების, მზის ან ქარის ელექტროსადგურების, არამედ თბოსადგურებისთვის დამატებითი გაზის შესყიდვით და ნაწილობრივ უკეთესი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რაც მმართველი გუნდის დამსახურებად ვერ ჩაითვლება. დამატებით, გაზრდილია ექსპორტიც, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ფეროშენადნობების წარმოების შემცირებაა. 8 თვეში ადგილობრივი ექსპორტი 22%-ით - 2.480 მლრდ-დან 1.930 მლრდ დოლარამდე შემცირდა, მათ შორის - ფეროშენადნობების ექსპორტი 68%-ით - 365 მლნ-დან 115 მლნ დოლარამდე. ფეროშენადნობების ექსპორტის კლებით დაკარგულმა შემოსავალმა ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდით მიღებულ შემოსავალს რამდენჯერმე გადააჭარბა და ეს ფაქტი პოზიტიურ ჭრილში ვერ წარმოჩინდება. ფაქტობრივი სიზუსტისა და მიზეზების არ დასახელების გათვალისწინებით, რომეო მიქაუტაძის განცხადება „ფაქტ-მეტრმა“ შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი