ირაკლი ღარიბაშვილი: მშპ 11 წელიწადში გასამმაგდა და 27-დან 85 მლრდ-მდე გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ეროვნულ ვალუტაში დათვლილი ნომინალური ეკონომიკის მოცულობა 2012 წელს 27.2 მლრდ ლარს შეადგენდა, 2024 წლის პროგნოზი 3.2-ჯერ მეტი - 85.4 მლრდ ლარია.

3-ჯერ გაზრდილი ნომინალური ეკონომიკა, ცხოვრების დონის 3-ჯერ გაზრდას არ ნიშნავს, წლების განმავლობაში ეკონომიკასთან ერთად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სამომხმარებლო ფასებიც იზრდებოდა.

2012-2023 წლებში ლარის გაცვლითი კურსიც დოლართან მიმართებით 58%-ით - 1.65-დან 2.61-მდე, გაიზარდა, რამაც ნომინალური ეკონომიკის ზრდაზე დამატებითი გავლენა იქონია.

ინფლაციისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გამორიცხვით, 2024 წლისთვის, 2012 წელთან შედარებით, რეალური ეკონომიკა 68%-ით ანუ 1.7-ჯერ იქნება გაზრდილი.

დამატებითი მითითების გარეშე, ნომინალურად სწორად დასახელებული რიცხვები მცდარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რის გამოც, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეფასდა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: 2024 წლის ბიუჯეტი გადამუშავებული ვარიანტის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა მშპ-ის ზრდაზე ისაუბრა, მან საბაზისო პერიოდად 2012 წელი აიღო და განაცხადა: „2012 წელს იყო [მშპ] 27 მლრდ ლარამდე ანუ გასამმაგდა ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი მმართველობის პირობებში 11 წელიწადში, 85 მლრდ ლარი იქნება 2024 წელს და იყო 27 მლრდ ლარი“.

2012 წელს ეროვნულ ვალუტაში დათვლით საქართველოს ეკონომიკა 27.2 მლრდ ლარს შეადგენდა, ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2024 წელს მშპ 85.4 მლრდ ლარს უნდა გაუტოლდეს.

თუ ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი გამართლდა, რომლის რადიკალურად შეცვლის წინაპირობა ამ ეტაპზე არ არსებობს, 2012-2024 წლებში, 12 და არა 11-წლიან პერიოდში, ნომინალური ეკონომიკა ნამდვილად იქნება 3.2-ჯერ გაზრდილი, ზრდა იქნება რეალურ ეკონომიკაშიც, ოღონდ უფრო დაბალი ტემპით.

ინფლაცია ქვეყნის ნომინალურ ეკონომიკას, ისევე როგორც ნომინალურ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, რეალურთან შედარებით უფრო მეტად ზრდის. იმ პროდუქტზე, რაც ადრე 1 ლარი ღირდა, 1.5 ლარის გადახდა ადამიანის გამდიდრებას არ ნიშნავს.

12 წელიწადში ეკონომიკა რომ 3-ჯერ გაზრდილიყო, ამისთვის საშუალო წლიურ ზრდას 10%-ისთვის უნდა მიეღწია. რეალურად, 10%-იანი ზრდა მხოლოდ 2-ჯერ - 2021 და 2022 წლებში დაფიქსირდა, 2013-2019 წლებში მაქსიმალური ზრდის ტემპი 5%-ს შეადგენდა, 2020 წელს ის 6.8%-ით შემცირდა, 2023 წლის 9 თვეში ზრდის ტემპმა 6.8% შეადგინა და 2024 წელსაც 5.2%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.

რამდენი პროცენტით იქნება გაზრდილი საქართველოს რეალური ეკონომიკა 2024 წლისთვის 2012 წელთან შედარებით? თუ დავუშვებთ, რომ 2023 წლის ბოლომდე 6.8%-იანი ზრდა შენარჩუნდა და 2024 წელსაც 5.2%-იანი ზრდის პროგნოზი გამართლდა, მაშინ 68%-ით, ანუ 1.7-ჯერ და არა 3-ჯერ, როგორც ეს პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა.

გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდა 2012=100%-ს

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ფინანსთა სამინისტრო

2012 წელს საქართველოს ეკონომიკა 27.2 მლრდ ლარი იყო და მას იგივე მსყიდველუნარიანობა გააჩნდა, რაც დღეს 45.2 მლრდ ლარს, თუ 2024 წლის სავარაუდო 3%-იან ინფლაციასაც გავითვალისწინებთ, მისი მსყიდველუნარიანობა 46.2 მლრდ-ს გაუტოლდება.

46.2 მლრდ-იანი ეკონომიკის 68%-ით გაზრდის შემთხვევაში 77.7 მლრდ ლარს ვიღებთ, მაშინ როცა 2024 წლის ეკონომიკის სავარაუდო მოცულობა 85.4 მლრდ ლარითაა შეფასებული. თითქმის 8 მლრდ-იანი სხვაობა კურსის ცვლილებით აიხსნება. 2012 წელს დოლარის საშუალო ღირებულება 1.65-ს შეადგენდა, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 2.61-ს. მშპ-ს ნაწილი სწორედ უცხოური ვალუტის შემოდინებით ფორმირდება.

2012 წლის შემდეგ, რეცესიული მხოლოდ 2020 იყო, დანარჩენ პერიოდში ეკონომიკა ხან ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით, ხან მცირედით, მაგრამ მაინც იზრდებოდა, ზრდა არის ნავარაუდევი 2024 წლისთვისაც. 2012 წლის ეკონომიკის მოცულობას უკვე 2013 წლის ეკონომიკა აღემატებოდა და ცხადია, 2024 წლის ეკონომიკის მოცულობაც 2012 წელთან შედარებით ნებისმიერ შემთხვევაში უფრო მეტი იქნება, გასარკვევია ის, თუ რამდენით მეტი.

დამატებითი მითითების გარეშე „3-ჯერ გაზრდილი ეკონომიკა“ აღქმაში გულისხმობს იმას, რომ თითქოს რეალური ეკონომიკა გაიზარდა 3-ჯერ, რომ თითქოს ცხოვრების დონე, ადამიანთა საშუალო რეალური შემოსავალი გაიზარდა 3-ჯერ და მათ 3-ჯერ მეტი პროდუქციისა და მომსახურების შეძენის საშუალება გაუჩნდათ. რეალურად, ნომინალურ შემოსავლებთან ერთად სამომხმარებლო ფასებიც გაიზარდა. შესაბამისად, 2024 წლისთვის, 2012 წელთან შედარებით, რეალური ეკონომიკა 200%-ით კი არა 68%-ით იქნება გაზრდილი. დამატებითი მითითების გარეშე დასახელებული რიცხვები მცდარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რის გამოც, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეფასდა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი