18 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 2023 წლის ანგარიში წარუდგინა. პრემიერმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა, თუმცა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა წლიური ანგარიში წარმოადგინა, ანგარიშში ეკონომიკური და სხვა მაჩვენებლები ძირითადად 2012 წელთან არის შედარებული. თუ გრძელვადიან პერიოდს [10-11 წელი] მიმოვიხილავთ, რა თქმა უნდა „მიღწეული პროგრესი“ უფრო შთამბეჭდავი იქნება. „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონის თუ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად, 11 წლის წინ არსებულ მდგომარეობასთან შედარება არარელევანტურია, მით უმეტეს, არარელევანტურია პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის კონტექსტში, როდესაც მოლოდინია, რომ ყურადღება უფრო მეტად ბოლო წლის მოვლენებზე იქნებოდა გამახვილებული.

„ფაქტ-მეტრმა“ პრემიერის გამოსვლაში მოცემული ძირითადი განცხადებების სიზუსტე გადაამოწმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი [2012 წელს]; დღეს, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი და 2024 წელს გახდება 86 მილიარდი ლარი. ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა, 27 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

ეროვნულ ვალუტაში დათვლილი ნომინალური ეკონომიკის მოცულობა 2012 წელს 27.2 მლრდ ლარს შეადგენდა, 2023 წლის მოსალოდნელი მაჩვენებელი 2.9-ჯერ მეტს - 79.4 მლრდ-ს შეადგენს, 2024 წლის პროგნოზი 86 მლრდ ლარია.

თითქმის 3-ჯერ გაზრდილი ნომინალური ეკონომიკა, ცხოვრების დონის 3-ჯერ გაზრდას არ ნიშნავს, წლების განმავლობაში ეკონომიკასთან ერთად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სამომხმარებლო ფასებიც იზრდებოდა.

2012-2023 წლებში ლარის გაცვლითი კურსიც დოლართან მიმართებით 62%-ით - 1.65-დან 2.67-მდე, გაიზარდა, რამაც ნომინალური ეკონომიკის ზრდაზე დამატებითი გავლენა იქონია.

3-ჯერ გაზრდილი ეკონომიკა, მის 200%-იან ზრდას ნიშნავს, მაშინ როცა, ინფლაციისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გათვალისწინებით, 2023 წელს 2012 წელთან შედარებით ეკონომიკა 60%-ით, ანუ 1.6-ჯერ იქნება გაზრდილი, 2024 წელს (მშპ-ის ზრდის პროგნოზის მიხედვით) 68%-ით, ანუ დაახლოებით 1.7-ჯერ.

გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდა (2012=100%)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ფინანსთა სამინისტრო

დამატებითი მითითების გარეშე, ნომინალურად სწორად დასახელებული რიცხვები გადაჭარბებულ შთაბეჭდილებას გვიქმნის. სინამდვილეში, ბოლო 11 წლის განმავლობაში მოსახლეობის რეალური შემოსავლები 3-ჯერ არ გაზრდილა. აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის ეს ნაწილი „ფაქტ-მეტრმა“ შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე. უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

განცხადება 2: ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი, დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი, აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

ნაერთი ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებსაც აერთიანებს.

2012 წელს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა (ჯამურად ყველა შემოსავალმა - გადასახადებმა, გრანტებმა, სესხებმა, პრივატიზაციამ, სხვა შემოსავლებმა) 8.6 მლრდ ლარი შეადგინა, 2024 წლის გეგმა 3.3-ჯერ მეტს - 28.4 მლრდ ლარს შეადგენს. მსგავსი მიმართებაა სახელმწიფო ბიუჯეტის შემთხვევაშიც - 3-ჯერ ზრდა 8.2-დან 24.6 მლრდ-მდე.

მშპ-ის მსგავსად, პრემიერის მიერ დასახელებული რიცხვები ნომინალურად სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი ისეთ მნიშვნელოვან მდგომარეობას როგორიც ინფლაციაა ამ შემთხვევაშიც არ ითვალისწინებს, რაც რეალურ სურათს, განსაკუთრებით დროის გრძელვადიან მონაკვეთში, საგრძნობლად ცვლის.

2023 წლის მდგომარეობით, 2012 წელთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 64%-ითაა გაზრდილი, 3%-იანი ინფლაციის შემთხვევაში 2024 წელს სამომხმარებლო ფასები 66%-ით იქნება გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის დროინდელი 8.6 მლრდ, მსყიდველუნარიანობით იგივეა, რაც 2024 წლის 14.3 მლრდ. ინფლაციის გათვალისწინებით, 2012-2024 წლებში ნაერთი ბიუჯეტი 99%-ით იქნება გაზრდილი. 99%-იანი ზრდა გაორმაგებაა და არა გასამმაგება. სახელმწიფო ბიუჯეტის შემთხვევაშიც რეალური ზრდის ტემპი 200%-დან 80%-მდე შემცირდება, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტი გაზრდილი იქნება 1.8-ჯერ და არა 3-ჯერ.

განცხადება 3: 15%-მდე ჩამოვიდა სიღარიბე და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს. ბოლო 11 წლის განმავლობაში სიღარიბე, ფაქტობრივად, განახევრდა. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

პრემიერ-მინისტრი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა. უნდა განვმარტოთ, რომ აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში.

საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 15.6% (582.9 ათასი ადამიანი) ცხოვრობს. სიღარიბის დონე წინა წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე ჯამში 30%-დან 15.6%-მდე შემცირდა. 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტურ სიღარიბეს 532 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი. აქვე აღსანიშნავია, რომ როდესაც მმართველმა გუნდმა ხელისუფლება გადაიბარა, ქვეყანაში სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენცია იყო.

აბსოლუტური სიღარიბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მართლაც 2022 დაფიქსირდა. ამრიგად, პრემიერის მიერ დასახელებული მონაცემები ზუსტია, თუმცა მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, პრემიერის ანგარიშში არ არის გამახვილებული ყურადღება, რომ ხელისუფლების გადაბარების მომენტში სიღარიბის მაჩვენებელი ისედაც კლებითი ტენდენციით ხასიათდებოდა. ამასთან, სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება. ამასთან, განცხადება საჭიროებს დამატებით განმარტებას, რომ საუბარია უკიდურესი სიღატაკის მაჩვენებლებზე და არა ზოგადი სიღარიბის დონეზე.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, პრემიერის აღნიშნულ განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

განცხადება 4:"World Justice Project"-ის მიხედვით, „კანონის უზენაესობის ინდექსში" საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე არის, საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს შორის მე-6 ადგილს იკავებს

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ (WJP), „კანონის უზენაესობის ინდექსს“ ყოველწლიურად წარმოადგენს. იგი 142 სახელმწიფოში იკვლევს კანონის უზენაესობის მდგომარეობას და ანიჭებს ქულას 0-დან 1-მდე, სადაც 0 ქულა სახელმწიფოში კანონის უზენაესობის კუთხით უკიდურესად უარყოფით მდგომარეობას აღნიშნავს, ხოლო 1 ქულა - იდეალურს.

აღსანიშნავია მეთოდოლოგიაც, რომლითაც ითვლება ზემოაღნიშნული ინდექსი. ინდექსი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ესენია - 1) ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, 2) კორუფციის არარსებობა, 3) მთავრობის ღიაობა, 4) ძირითადი უფლებები, 5) წესრიგი და უსაფრთხოება, 6) რეგულაციების აღსრულება, 7) სამოქალაქო სამართლებრივი მართლმსაჯულება, 8) სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულება. ეს კომპონენტები ცალ-ცალკე ფასდება და საერთო ინდექსი სწორედ მათ საფუძველზე დგება.

დღეის მდგომარეობით, კანონის უზენაესობის საერთო ინდექსში საქართველო 142 სახელმწიფოს შორის 0.60 ქულით 48-ე ადგილს იკავებს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველია. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საქართველო ამ რეგიონის სახელმწიფოთა შორის 2015 წლიდან მოყოლებული სულ პირველ ადგილს იკავებდა. ისიც მართალია, რომ 2023 წლის მონაცემებით საქართველო საშუალოზე მაღალშემოსავლიან სახელმწიფოთა შორის მე-6 ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წლიდან დღემდე აღნიშნული ინდექსი რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაზე მაღალი ინდექსი (0.65) საქართველოს სწორედ 2015 წელს ჰქონდა და საერთო რეიტინგში რიგით 29-ე სახელმწიფო იყო. საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობა ასევე 0.65 ქულით ფასდებოდა 2016 წელს, თუმცა ვინაიდან სხვა სახელმწიფოებმა გააუმჯობესეს შედეგები, საქართველომ 29-ე ადგილიდან 34-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამ შედეგების შემდგომ საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსის კოეფიციენტის კუთხითაც უკუსვლა დაიწყო და 2017-2018 წლებში 38-ე ადგილზე (0.61 ქულით) გადაინაცვლა, ხოლო 2019 წელს - 41-ე (0.61 ქულით) ადგილზე. 2020 წელს კიდევ შეინიშნა რეგრესი, რადგან საქართველოს 0.60 ქულა მიენიჭა და 42-ე ადგილი დაიკავა, ხოლო 2021 წელს, მიუხედავად მცირე პროგრესისა (0.61 ქულა), სიაში 49-ე ადგილზე დაქვეითდა. რაც შეეხება ბოლო ორ წელს, 2022-ში კვლავ 0.60 ქულამდე შემცირდა ინდექსი, თუმცა საქართველო 49-ე ადგილზე დარჩა (კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველოს მდგომარეობის შესახებ ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1; სტატია 2).

ფაქტია, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველია, ხოლო საშუალოზე მაღალშემოსავლიან სახელმწიფოთა შორის მე-6, თუმცა 2015 წლიდან მოყოლებული ინდექსის ქულის გაუარესება შეიმჩნევა. ამასთან, 2015 წელს დაფიქსირებული შედეგზე ყურადღების გამახვილება ყოველწლიური ანგარიშის კონტექსტში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არსებული მიღწევა - მათ შორის მიმდინარე წელს მდგომარეობის გაუმჯობესებამ გამოიწვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რადგან პრემიერი მხოლოდ დადებით მოვლენას აღნიშნავს და უგულებელყოფს საერთო უარყოფით ტენდენციას, „ფაქტ-მეტრი“ მის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

განცხადება 5: 2012 წელს 45 000 ჰექტარი მიწა იყო გაწყლოვანებული. ეს ფართობი 163 000 ჰექტრამდე გაიზარდა ბოლო 11 წელიწადში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრემიერის განცხადება არის სიმართლე.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 423 პროექტი განხორციელდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სულ რეაბილიტაცია 2 058 კმ საირიგაციო და 1 292 სადრენაჟე არხს ჩაუტარდა, შეკეთდა 53 სათავე ნაგებობა და 47 სატუმბი სადგური.

სამელიორაციო არხის გაწმენდისა და მოწესრიგების სამუშაოები 19 200 კილომეტრზე განხორციელდა, 23 964 ერთეულ სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა შეკეთდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი ქვეყანაში 45 000 ჰექტრიდან 163 559 ჰექტრამდე გაიზარდა. სარწყავი არხების საპროექტო ფართობის გარეთ 5 767 ჰექტარი ირწყვება.

დრენირებული მიწის ფართობი 14 000 ჰექტრიდან 43 469 ჰექტრამდე გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, ექსპლუატაციაში შევიდა რეაბილიტირებული სატუმბი სადგურები და მოწესრიგდა საირიგაციო ქსელი, რომლის მეშვეობითაც სარწყავი წყალი ისეთ სოფლებს მიეწოდება, სადაც ათეულობით წლის განმავლობაში სავარგულები არ მორწულა.

მხოლოდ 2022 წელს 39 სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა, რომლის ჯამური ღირებულება 13.2 მლნ ლარი (მათ შორის, კომპანიის ძალებით - 30 პროექტი 2,1 მლნ. ლარი) იყო.

წყარო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

განხილული მასალიდან გამომდინარე, 2012 წლიდან, 10- წლიან პერიოდში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი ქვეყანაში 45 000 ჰა-დან 163 559 ჰა-მდე - 3.6-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე

განცხადება 6: 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო მიღებული საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3000-ზე მეტი საქმე, წელს უკვე ეს რიცხვი შემცირდა 20-ჯერ 147-მდე და, რა თქმა უნდა, ესეც არის მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ როგორ სწორად იმართება დღეს პენიტენციური სამსახური

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.

ზემოაღნიშნულ განცხადებაში ირაკლი ღარიბაშვილი 2011 წლის ბოლოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების რაოდენობას 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს ადარებს. „მიმდინარე საქმეების“ კატეგორია საანგარიშო პერიოდის ბოლოს საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს დანაყოფების წინაშე განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეთა რაოდენობას ასახავს და ამ ნუსხაში წინა წლებში სასამართლოს მიერ განუხილველი საქმეებიც იყრის თავს.

2011 წლის ბოლოსსაქართველოს წინააღმდეგადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველი საქმეების რაოდენობა 3000- მართლაც აღემატებოდა (3045), თუმცა ეს რიცხვი სასამართლოს მიერ წინა წლებში განუხილველ საქმეებსაც მოიცავს, რომელთა უმრავლესობა (1700-ზე მეტი) 2008 წელს რუსეთის მიზანმიმართული კამპანიის შედეგად, საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი სტრატეგიული საჩივრებია, რაც სავსებით საკმარისია იმის წარმოსაჩენად, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული სტატისტიკური მონაცემები ერთმანეთთან შედარებადი არ არის.

მეთოდოლოგიის არავალიდურობას ადასტურებს ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს ორ ისეთ პერიოდს ადარებს, როდესაც სტატისტიკა განსხვავებულად იწარმოებოდა და ამ სტატისტიკით აღრიცხული საქმეების რაოდენობა, წინა ხელისუფლების პირობებში, სხვა ბევრი ფაქტორის გამო, გადაჭარბებულად დიდი მოჩანდა.მაგალითად, 2012 წლის შემდეგ სასამართლოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვისმის გადატვირთულობაზე პასუხად რიგირეფორმები გატარებამ გადატვირთულობასთან მიმართებით არსებული გამოწვევები შეამცირა.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილი კონტექსტის მიღმა ტოვებს ევროსასამართლოს სტატისტიკაზე გავლენის მქონე მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებმაც სურათი ისე შეცვალა, რომ სხვადასხვა საანგარიშო პერიოდის ერთმანეთთან შედარება შეუძლებელი გახდა და მიმდინარე საქმეების რაოდენობის შემცირების ტენდენციას მხოლოდ ქვეყანაში გატარებულ პოლიტიკას უკავშირებს. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის განცხადებას აფასებს ვერდიქტითმცდარი.

ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

განცხადება 7: მთავრობის ვალის მაჩვენებელი 38.2%-მდე [მშპ-თან მიმართებით] ჩამოვიდა. მე შეგახსენეთ, რომ 3 წლის წინ უკვე 60%-ს გადააჭარბა მთავრობის ვალმა და ჩვენ ეს ბოლო სამ წელიწადში, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, შევძელით - მთავრობის ვალის მკვეთრი შემცირება

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

მთავრობის ვალი ორი პარამეტრით იზომება - რიცხვებში გამოხატული აბსოლუტური მაჩვენებლით და მშპ-თან პროცენტული ფარდობით. უფრო მნიშვნელოვანი მეორე პარამეტრია, რადგან ერთი და იმავე მოცულობის ვალის მომსახურება შეიძლება გაუჭირდეს საქართველოს, მაგრამ ჩინეთისთვის უმნიშვნელო იქნება.

2020 წელს მთავრობის ვალმა მშპ-თან მიმართებით 60.2%-ს მიაღწია, რომელიც 2021 წელს - 49.7%-მდე, 2022 წელს 39.8%-მდე შემცირდა. 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებით 38.2%-ს შეადგენს. შინაარსობრივად პრემიერის განცხადება სიმართლეა, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც კონტექსტს საგრძნობლად ცვლის.

2020 წელი გამონაკლისი წელი იყო. 2011-2019 წლებში მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებით, 28%-40%-ის ფარგლებში მერყეობდა. 2020 წელს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. პარალელურად, პანდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად დამატებითი ვალის აღება გახდა საჭირო, რასაც გაცვლითი კურსის მკვეთრი შემცირებაც (გაუფასურება) დაემატა.

დამატებით აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, პრემიერის ანგარიშში რიცხვების უმეტესობა: მშპ, ბიუჯეტი, ექსპორტი, ხელფასები, 2023-2024 წლების მაჩვენებლები 2012 წელთან იყო შედარებული. ეკონომიკის ნელი ზრდის შემთხვევაშიც, წლიდან წლამდე და განსაკუთრებით გრძელვადიან პერიოდში თითოეული მათგანი აუცილებლად იქნება გაზრდილი და მათი ზრდა განსაკუთრებული მიღწევების არგუმენტად ვერ გამოდგება. გამონაკლისი აღმოჩნდა ვალის შეფარდება მშპ-თან, რომელიც 2012 წელს 10 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო და 28.4%-ს შეადგენდა.

გრაფიკი: მთავრობის ვალის აბსოლუტური და ფარდობითი მაჩვენებელი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერმა შესადარებლად პანდემიური 2020 წელი დაასახელა და იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 12 წელიწადში ვალის მოცულობა არა მხოლოდ აბსოლუტურ მაჩვენებელში, მშპ-თან ფარდობაში 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე. უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

განცხადება 8: მინდა ასევე ვთქვა, რომ ისეთ ინდექსებში, როგორიც არის კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა წელს, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ (WJP), „კანონის უზენაესობის ინდექსს“ ყოველწლიურად წარმოადგენს. იგი 142 სახელმწიფოში იკვლევს კანონის უზენაესობის მდგომარეობას და ანიჭებს ქულას 0-დან 1-მდე, სადაც 0 ქულა სახელმწიფოში კანონის უზენაესობის კუთხით უკიდურესად უარყოფით მდგომარეობას აღნიშნავს, ხოლო 1 ქულა - იდეალურს. აღნიშნული ინდექსი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მათ შორის ერთ-ერთი კორუფციის არარსებობაა.

2023 წელს საქართველომ 0,68 ქულა დაიმსახურა და 33-ე ადგილი დაიკავა და მართლაც მხოლოდ 19 ევროპულ ქვეყანას ჩამორჩა. სიმართლეა ისიც, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველომ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან მოყოლებული საქართველო რეგიონში მუდამ პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა შეფასება 0.73 ქულიდან მიმდინარე 8 წლის განმავლობაში 0,68-მდე გაუარესდა.

იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერი მხოლოდ პოზიტიურ ინფორმაციას აჟღერებს და არ ახსენებს 2015 წლის შემდეგ ინდექსის გაუარესების ტენდენციას, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

განცხადება 9: 2012 წელს უმუშევრობის დონე დაახლოებით 27% იყო. შარშან უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა. წელს, სამივე კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 15.6 % იყო

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. საქსტატის მეთოდოლოგიით, პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი, სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, უმუშევრობის დონე შესაძლოა ტექნიკურად - სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, შემცირდეს.

საქსტატისმონაცემებით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 17.3% შეადგინა, 2012 წელს უმუშევრობის დონე 26.7% იყო.

2022 წელს, დასაქმებისა და სამუშაო ძალის მაჩვენებლები პანდემიურ პერიოდთან (2020-2021) შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა წინა წლების [2015-2019] მაჩვენებლები სრულად აღდგენილი არ იყო. მიუხედავად ამისა, 2022 წელს უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მართლაც დაფიქსირდა, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გრძელვადიან პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამსახურის ძიება შეწყვიტა ან ქვეყანა დატოვა.

ამრიგად, მტკიცება, რომ 2022 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე იყო, გადაჭარბებულია და ობიექტურ რეალობას არ ასახავს. (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

რაც შეეხება მიმდინარე წლის კვარტალურ მონაცემებს, პირველ და მეორე კვარტალში [წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით] დასაქმება/უმუშევრობის პარამეტრები მართლაც გაუმჯობესდა. (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 7.7 ათასით (0.6%-ით) გაიზარდა და 1366.3 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში, უმუშევართა რაოდენობა 1.4 ათასზე მეტით (0.6%-ით) გაიზარდა და 252.2 ათასი შეადგინა.

როგორც ვხედავთ, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში თითქმის თანაბრად გაიზარდა როგორც დასაქმებულთა, ასევე უმუშევართა რაოდენობა, რაც ქვეყანაში სამუშაო ძალის ზრდით არის განპირობებული. 2023 წლის III კვარტალში სამუშაო ძალა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1 ათასით (0.6%-ით) გაიზარდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყანაში გაიზარდა სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა, მათი ნაწილი დასაქმდა, ნაწილი კი სამსახურის მაძიებელ უმუშევართა რიგებს შეუერთდა.

გრაფიკი 1:სამუშაო ძალის მაჩვენებლები, კვარტალური

წყარო:სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2023 წლის III კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა და 15.6% შეადგინა. ამავე პერიოდში, დასაქმების დონე 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 45.3% შეადგინა, რაც უმნიშვნელო ზრდას წარმოადგენს.

ამრიგად, უმუშევრობა/დასაქმების მაჩვენებლებზე საუბრისას პრემიერი მონაცემებს ზუსტად ასახელებს, თუმცა „მიღწეულ პროგრესს“ გადაჭარბებულად წარმოაჩენს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ პრემიერის ანგარიშის ამ ნაწილს აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი