ირაკლი კობახიძე: 2014 წლიდან საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 19 500 ადამიანით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე იყო შემცირებული. 2022 წელს კი საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 47.8 ათასით გაიზარდა და 3 736.4 ათასი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელს 19.4 ათასით აღემატება.

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). 2022 წელს ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითი (-6 799), ხოლო მიგრაციული სალდო დადებითი იყო, რამაც მოსახლეობის რაოდენობის ზრდა გამოიწვია. მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი სხვა ქვეყნის მოქალაქეების, უმეტესწილად რუსეთის, შემოდინებით არის განპირობებული. ამავე წელს ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გადინება მკვეთრად გაიზარდა. 2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა.

რეალურად, 2022 წელს ქვეყანაში დემოგრაფიული მაჩვენებლები [ბუნებრივი მატება; საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია/მიგრაციული სალდო] გაუარესდა, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა კი, რომელიც 2021 წელს ისტორიულ მინიმუმდე იყო შემცირებული, 2022 წელს მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, უმეტესწილად რუსების შემოდინების ხარჯზე გაიზარდა. ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „2014 წლიდან ჩვენ შევძელით მოსახლეობის კლების ტენდენციის შეჩერება და მას შემდეგ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 19 500 ადამიანით გაიზარდა“.

„ფაქტ-მეტრმა“ პრემიერ-მინისტრის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 688.6 ათასი ადამიანი იყო, რაც ისტორიული მინიმუმია. მოსახლეობის რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 40 ათასით, ხოლო 2014 წელთან შედარებით, 28.3 ათასით ნაკლები იყო. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 47.8 ათასით გაიზარდა და 3 736.4 ათასი ადამიანი შეადგინა. მოსახლეობის რაოდენობის ზრდა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ განაპირობა, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა.

გრაფიკი 1: საქართველოს მოსახლეობა (1 იანვრის მდგომარეობით)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის).

უკვე მეოთხე წელია, საქართველოში ბუნებრივი კლება ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020-2022 წლებში, საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ყოველწლიურად უარყოფითი იყო. ამ პერიოდში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას 24,776-ით გადააჭარბა. ბუნებრივი მატების უარყოფითი ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა, 2023 წლის პირველ ნახევარში [იანვარ-ივნისში] 2,513 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. აქვე განვმარტავთ, რომ 2023 წლის წლიური მაჩვენებლები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

2022 წელს ქვეყანაში მიგრაციული სალდო დადებითი იყო, რაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ განაპირობა, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. 2022 წლის მონაცემებით, იმიგრანტების (ქვეყანაში შემოსულთა) რაოდენობა ემიგრანტების (ქვეყნიდან გასულთა) რაოდენობას 54.5 ათასით აღემატება. 2022 წელს, საქართველოში რუსეთის 62.3 ათასი მოქალაქე, უკრაინის 20.7 ათასი და ბელარუსის 13.3 ათასი მოქალაქე შემოვიდა.

მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, მიგრაციული სალდო უარყოფითია. 2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამ პერიოდში ჯამში 213.8 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა.

ცხრილი 1: იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობა 2022 წელს, მოქალაქეობის მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ მინიმუმამდე იყო შემცირებული და შემდგომ 2023 წლის 1 იანვრის მონაცემებით დაფიქსირებული ზრდა, იმიგრანტების - ძირითადად რუსეთის მოქალაქეების, შემოსვლის ხარჯზე მოხდა.

შესაბამისად, 2022 წლის ბოლოს შემდეგი სურათი გვქონდა - საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა და ქვეყანა საქართველოს უფრო მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე საქართველოში დაბრუნდა. ამის ფონზე, მოსახლეობის ზრდაზე აპელირება იმ კონტექსტით, რომ თითქოს ქვეყნის წინაშე არსებული უარყოფითი დემოგრაფიული მდგომარეობის ტენდენცია შეიცვალა, შეცდომაში შემყვანია. პრემიერის განცხადებაში ნომინალურად სწორი რიცხვია მოყვანილი, თუმცა ზემოთ აღწერილი რეალობა იგნორირებულია, რასაც მსმენელი/მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. ამის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ ვერდიქტით მეტწილად მცდარი აფასებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი