ირაკლი კობახიძე: - ხუთჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, სამჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესსექტორში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2012 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვამ 42 მლრდ ლარი შეადგინა, 2023 წელს 4.8-ჯერ მეტი - 200 მლრდ ლარი. რეალური ეკონომიკური ზრდის გარდა ბრუნვის ზრდაზე გავლენა კიდევ ორმა ფაქტორმა იქონია: აზარტული თამაშების ბრუნვის საშუალოზე გაცილებით მაღალმა ზრდამ - 1.1-დან 64 მლრდ-მდე და ინფლაციამ - სამომხმარებლო ფასები 2012-2023 წლებში 64%-ით გაიზარდა. აზარტული თამაშების გამორიცხვით, ბრუნვა 3.3-ჯერ გაიზრდებოდა, ინფლაციის გამორიცხვით - 2.9-ჯერ და ორივეს გამოკლებით, 2-ჯერ - 103%-ით.

საანგარიშო პერიოდში, ნომინალური ხელფასი 2.6-ჯერ - 713-დან 1858 ლარამდე გაიზარდა, ინფლაციის გათვალისწინებით, 2012 წლის ფასებში დათვლით, 1.6-ჯერ - 713-დან 1133 ლარამდე (2023 წლის ხელფასები სექტორულად ჩაშლილი არაა, თუმცა სხვაობა სამეწარმეო სექტორში დასაქმებულის ხელფასისა და საშუალო შრომის ანაზღაურებას შორის 2012-2022 წლებში 4%-ზე მეტი არ ყოფილა).

როგორც ბიზნესის ბრუნვის, ასევე საშუალო ხელფასის შემთხვევაში, ნომინალური რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორადაა დასახელებული, თუმცა მასში არ არის გათვალისწინებული ინფლაცია და აზარტული თამაშების ბრუნვის არაბუნებრივად მაღალი ზრდის ტემპი. აღნიშნული გარემოებები რეალური სურათისა და ეკონომიკური აქტივობის გაზვიადებულად წარმოჩენის საშუალებას იძლევა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში საარჩევნო კამპანიის გახსნისას, ეკონომიკაზე ისაუბრა და განაცხადა: „ხუთჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, სამჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესსექტორში.“ 2012 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვამ 42 მლრდ ლარი შეადგინა, 2023 წელს 4.8-ჯერ მეტი 200 მლრდ ლარი. ზრდის ტემპი სხვადასხვა იყო სხვადასხვა სექტორში. მშენებლობის ბრუნვა 2.6-ჯერ გაიზარდა, მრეწველობაში 3-ჯერ, ვაჭრობა 3.6-ჯერ, განათლება 4.4-ჯერ და აზარტული თამაშების ბრუნვა 59-ჯერ. საანგარიშო პერიოდში აზარტული თამაშების ბრუნვა 5800%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ზრდის ტემპით მეორე ადგილზე გასულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების ბრუნვა მხოლოდ 420%-ითაა გაზრდილი. აზარტული თამაშების წილი 2012 წელს მთლიან ბრუნვაში 2.6%-ს შეადგენდა, 2023 წელს 32%-ს. აზარტული თამაშების გამორიცხვით, 2012-2023 წლებში ბიზნესსექტორის ბრუნვა 3.3-ჯერ იქნება გაზრდილი.

გრაფიკი 1: საწარმოთა ბრუნვა (მლრდ ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პროცენტებში 4.8-ჯერ ზრდა 380%-იან ზრდას ნიშნავს, 3.3-ჯერ ზრდა - 230%-იანს, მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, რეალური ეკონომიკა 70%-ით გაიზარდა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად წლიდან წლამდე ქვეყანაში სამომხმარებლო ფასებიც იზრდებოდა, რამაც ნომინალური ზრდა, ბუნებრივია, უფრო სწრაფად გაზარდა.

2013-2023 წლებში სამომხმარებლო ფასები ჯამში 64%-ით გაიზარდა და 2012 წლის 42 მლრდ მსყიდველუნარიანობით 2023 წლის 69 მლრდ-ს გაუთანაბრდა. საწარმოთა ბრუნვა თანხობრივად 2009 და 2020 წლებშიც გაიზარდა, მაშინ, როცა რეალური ეკონომიკა 3.7%-ითა და 6.3%-ით შემცირდა.

ინფლაციის გამორიცხვით, ბიზნესსექტორის ბრუნვა 2012-2023 წლებში 190%-ით იქნება გაზრდილი და თუ საერთო ბრუნვას აზარტულ თამაშებსაც მოვაკლებთ, ზრდის ტემპი 103%-მდე შემცირდება.

ინფლაცია გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უფრო მოკლე პერიოდში 2003-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ბიზნესის ბრუნვა კიდევ უფრო მეტად - 660%-ით, 5.5 მლრდ-დან 42 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

ზომის მიხედვით, საწარმოები სამ ჯგუფად იყოფა: მცირეა საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 50-ს არ აღემატება და წლიური ბრუნვა 12 მლნ ლარზე ნაკლებია, საწარმოები, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 50-დან 250-მდეა, ხოლო ბრუნვა 12-დან 60 მლნ-მდე საშუალო ზომისად ითვლება, 249-ზე მეტი თანამშრომლისა და 60 მლნ-ზე მეტი ბრუნვის მქონე საწარმოები კი დიდად. მსხვილი ბიზნესის ბრუნვა 2012-2023 წლებში 7-ჯერ, საშუალოში 3-ჯერ და მცირე ბიზნესის 2.9-ჯერ გაიზარდა. შედეგად, მსხვილი ბიზნესის წილი ბრუნვაში 44%-დან 65%-მდე გაიზარდა, საშუალოსი - 24%-დან 15%-მდე შემცირდა, ხოლო მცირესი - 32%-დან 20%-მდე.

გრაფიკი 2: საწარმოთა ბრუნვა ზომის მიხედვით (მლრდ ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2012 წელს თბილისის წილი საწარმოთა ბრუნვაში 74.5%-ს შეადგენდა, რომელიც 2023 წელს 78.7%-მდე გაიზარდა. სახელმწიფო საწარმოების წილი ბრუნვაში 4.7%-დან 2%-მდე შემცირდა.

2012 წელს შპს-ებსა და სააქციო საზოგადოებებზე ბრუნვის 90% მოდიოდა, 2023 წელს მათი წილი 96%-მდე გაიზარდა. მესამე ადგილს ინდმეწარმეები იკავებენ. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოებისა და კოოპერატივების ჯამური წილი კი მხოლოდ 0.3%-ია.

გრაფიკი 3: საწარმოთა ბრუნვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიხედვით (მლრდ ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბრუნვასთან შედარებით, დაბალი ტემპით - 3.2-ჯერ (220%-ით) 23.6 მლრდ-დან 75.3 მლრდ ლარამდე გაიზარდა პროდუქციის გამოშვება (2003-2012 წლებში 6.7-ჯერ 3.5 მლრდ-დან 23.6 მლრდ ლარამდე). პროდუქციის გამოშვების ნაწილში, ყველაზე დიდი - 350%-იანი ზრდა 400 მლნ-დან 1.1 მლრდ ლარამდე, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში ფიქსირდება.

2012 წელს საშუალო ნომინალური დასაბეგრი ხელფასი 713 ლარს შეადგენდა (ხელზე ასაღებ 570 ლარს), 2023 წელს 2.6-ჯერ მეტს 1858 ლარს (ხელზე ასაღებ 1457 ლარს). 2023 წლის მონაცემები საქსტატს სექტორებისა და სქესის მიხედვით ჩაშლილი არ აქვს. 2022 წელს სამეწარმეო სექტორში 2012 წელთან შედარებით ხელფასები 125%-ით - 714-დან 1605 ლარამდე იყო გაზრდილი, მთლიანი საშუალო ხელფასი კი 117%-ით - 713-დან 1543 ლარამდე. 2012-2022 წლებში სხვაობა საშუალო ხელფასსა და სამეწარმეო სექტორში დასაქმებულთა შორის 4%-ზე მეტი არასდროს ყოფილა, რაც იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ 2023 წელსაც პროპორცია დაახლოებით იგივე უნდა ყოფილიყო.

ხელფასებზე საუბრისას, აუცილებელია ინფლაციის გათვალისწინებაც, რადგან მთავარია არა ის, თუ რამდენი ლარი აქვს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება, არამედ ის, თუ რისი შეძენა შეუძლია ხელფასით. 2023 წლის 1858 ლარი მსყიდველუნარიანობით 2012 წლის 1133 ლარს უთანაბრდება. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, რეალური ხელფასი გაზრდილია მხოლოდ 1.6-ჯერ ანუ 60%-ით, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ 200%-ს.

გრაფიკი 4: საშუალო ყოველთვიური დასაბეგრი ხელფასი ეროვნულ ვალუტაში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2012 წლის შემდეგ რეალური ეკონომიკის მოცულობა 70%-ით გაიზარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ძირითადი ეკონომიკური პარამეტრი უნდა გაუმჯობესებულიყო, რაც ასეც მოხდა. გაიზარდა წარმოება, ხელფასები, პენსიები, შემცირდა სიღარიბე. ამის მიუხედავად, დამატებითი განმარტების გარეშე მტკიცება, რომ ბიზნესის ბრუნვა 5-ჯერ გაიზარდა, ქმნის განცდას, თითქოს ეკონომიკა გაიზარდა 5-ჯერ. გარდა იმისა, რომ ბრუნვა რეალურად გაიზარდა, ნომინალურად მისი დაჩქარება კიდევ ორმა მიზეზმა გამოიწვია: აზარტული თამაშების ბრუნვის საშუალოზე გაცილებით მაღალი ტემპით ზრდამ (მთლიანი ბრუნვა გაიზარდა 380%-ით და აზარტული თამაშების ბრუნვა 5800%-ით) და ინფლაციამ. ინფლაციამ დააჩქარა ნომინალური ხელფასის ზრდაც.

როგორც ბიზნესის ბრუნვის, ასევე საშუალო ხელფასის შემთხვევაში, ნომინალური რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორადაა დასახელებული, თუმცა მასში არ არის გათვალისწინებული ინფლაცია და აზარტული თამაშების ბრუნვის არაბუნებრივად მაღალი ზრდის ტემპი. აღნიშნული გარემოებები რეალური სურათისა და ეკონომიკური აქტივობის გაზვიადებულად წარმოჩენის საშუალებას იძლევა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია