იტვირთება

ზაურ დარგალი: გამოცხადდება „ახალგაზრდული იდეების კონკურსი“, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდების საპროექტო იდეები დაფინანსდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დაპირება „ახალგაზრდული იდეების კონკურსის“ გამოცხადების შესახებ შესრულდა.

რეზიუმე: „ახალგაზრდული იდეების კონკურსის“ განსახორციელებლად მარნეულის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტში 60 000 ლარი გაითვალისწინა. თითოეული პროექტისთვის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 3 000 ლარი იყო. საკონკურსო თემები შემდეგ საკითხებს მოიცავდა: გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა/ჯანსაღი გარემოს შექმნა, მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარება, ინტეგრაციის ხელშეწყობა, კულტურის პოპულარიზაცია, ადგილობრივი თემის განვითარება.

კონკურსის ფარგლებში წარდგენილი ოცდასამი პროექტიდან, დაფინანსება თერთმეტმა მოიპოვა.

ანალიზი: 2019 წელს ზაურ დარგალი, მარნეულის მერობის კანდიდატის რანგში, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ დებატზე, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის გამოცხადდებოდა „ახალგაზრდული იდეების კონკურსი“, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდების საპროექტო იდეები დაფინანსდებოდა.

2020 წლის 21 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და აქტიური ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად, „ახალგაზრდული იდეების კონკურსი“ გამოაცხადა, რისთვისაც 2020 წლის ბიუჯეტიდან 60 000 ლარი გამოყო. აპლიკანტების პროექტებისთვის რამდენიმე თემა განისაზღვრა: გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა/ჯანსაღი გარემოს შექმნა, მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარება, ინტეგრაციის ხელშეწყობა, კულტურის პოპულარიზაცია, ადგილობრივი თემის განვითარება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას, მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალისტმა მარიამ ტყეშელაშვილმა თქვა: „საერთო ჯამში მივიღეთ 23 პროექტი. სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისგან, თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და აქტიური ახალგაზრდებისგან, იმსჯელა პროექტების მიზნების შესაბამისობაზე და გადაწყდა, რომ საბოლოო ჯამში დადებითად შეფასდა 11 პროექტი“.

თითოეული პროექტის დაფინანსების მაქსიმალური თანხა 3 000 ლარი იყო.

ცხრილი 1. „ახალგაზრდული იდეების კონკურსის“ გამარჯვებული პროექტები

წყარო: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია

„ახალგაზრდული იდეების კონკურსის“ ერთ-ერთი გამარჯვებული, მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი გიულგიუნ მამედხანოვა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში აცხადებს: „ჩემი პროექტი ნარჩენებისა და გარემოს დაცვის თემაზე იყო, ბიუჯეტი 1700 ლარს შეადგენდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრი აქტივობა განვახორციელეთ. მაგალითად: დავრგეთ ხეები, ჩავატარეთ ფილმის კონკურსი ბუნების დაცვაზე, კედელი მოვხატეთ ბუნების დაცვის თემატიკით. მარნეულში ჩავატარეთ დასუფთავების აქცია და სოფელ ალგეთში - სემინარები ნარჩენების მართვისა და გადამუშავების საკითხებზე.“ კონკრუსში გამარჯვებული პროექტები, ძირითადად, ეკოლოგიას, ადამიანის უფლებებსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიემართებოდა. მიუხედავად პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარებისა, მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში „ახალგაზრდული იდეების კონკურსი“ კიდევ ერთხელ გაითვალისწინა. წელს ბიუჯეტის შესაბამის მუხლში 110 ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა ამავე მუხლიდან (05 03) წარმატებული სტუდენტების სტიპენდია და მგზავრობაც დაფინანსდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზაურ დარგალის დაპირება, რომ ის ახალგაზრდული იდეების საგრანტო კონკურსს გამოაცხადებდა, ფაქტ-მეტრის დასკვნით შესრულდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3297 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი