2013

წლის 13 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პარლამენტში  სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „2013 წელს, პირველად საქართველოში, ჯანდაცვის ბიუჯეტი გაორმაგდა, ამის პრეცედენტი არ გვქონია“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ფინანსთა მინისტრის განცხადებით. ჩვენ აღნიშნული ფაქტი ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებზე დაყრდნობით გადავამოწმეთ. (

შენიშვნა: გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წლის ბიუჯეტის ფაქტიური მონაცემები ჯერ-ჯერობით არ არის გამოქვეყნებული, კვლევაში 2013 წლის გეგმიური და 2004-2012 წლების ფაქტიური მონაცემებია ასახული).

2013

წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2.345 მლრდ ლარით განისაზღვრა, აქედან ჯამრთელობისდაცვაზე  681,213მლნ ლარი გამოიყო.2012 წელსაღნიშნულ მუხლზე373,830 მლნ ლარი დაიხარჯა. როგორც ვხედავთ, 2013 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი2012 წლის ფაქტიურ მონაცემებთან შედარებით, 307,383 მლნ ლარით გაიზარდა.

ჩვენ ასევე წინა მთავრობის მიერ იყო წარდგენილ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტს გავეცანით. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 2013 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის შემცირება იგეგმებოდა და სავარაუდო ბიუჯეტად 167,624,2

მლნ ლარი იყო გათვალისწინებული.

ჩვენ დეტალურად განვიხილეთ, თუ ჯანდაცვის რომელ პროგრამებზე გაიზარდა ან შემცირდა დაფინანსება. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით შემდეგი პროგრამებისთვის გათვალისწინებული ხარჯების ოდენობა შემცირდა: ამბულატორიული მომსახურეობა, სავადმყოფოების მომსახურეობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობა. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით ბიუჯეტის ზრდა შემდეგ პროგრამებს შეეხო: სამედიცინო პროდუქცია, მოწყობილობები და აპარატები (ფარმაცევტული პროდუქცია).ყველაზე დიდი თანხა „სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ მუხლისთვის გამოიყო. 2012 წელს აღნიშნული მუხლისთვის 184,544მლნ. ლარი გამოიყო, 2013 წელს კი ამ პროგრამის დაფინანსება 543,095მლნ. ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, აღნიშნული მუხლის დაფინანსების ზრდამ 358,551 მლნ.ლარი შეადგინა. როგორც ვხედავთ, ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდა ძირითადად ჯანდაცვის ერთ-ერთ პროგრამაზე - „სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ აისახა.

xad ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ ჯანმრთელობის დაცვის რა პროგრამები შედის ბიუჯეტის ამ მუხლში. ჩვენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს გიორგი გომარელს დავუკავშირდით, რომელმაც  აღნიშნული მუხლის ჩაშლილი ბიუჯეტი

მოგვაწოდა. ჯანდაცვის მუხლში „სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ სულ 543,095 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, საიდანაც სამინისტროს ნაწილს  530,030მლნ ლარი შეადგენდა. ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ ჯანდაცვის დაფინანსების მნიშვნელოვნად ზრდა  ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის გაფართოებამ განაპირობა. როგორც ქვემოთ მოყვანილ  ცხრილში ვხედავთ, „ჯანმრთელობის დაზღვევის“ დასაფინანსებლად ბიუჯეტში 505.760 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, წინასწარი მონაცემებით აღნიშნული თანხიდან მხოლოდ308 მლნ ლარი იქნა ათვისებული. შესაბამისად, 197.76 მლნ ლარი აუთვისებელი დარჩა. პროგრამის ფარგლებში დარჩენილი რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტს რჩება.

xad1

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა რატომ დარჩა აღნიშნული თანხა აუთვისებელი. ჯანდაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი გომარელის განმარტებით, 197.76 მლნ ლარი დაიზოგა პროგრამის „ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა“ ფარგლებში. თანხის ძირითადი ნაწილი აღნიშნული პროგრამის ეტაპობრივად ამოქმედების შედეგად დაიზოგა. პროგრამის პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყო 2013 წლის 28 თებერვლიდან, ხოლო სრული პაკეტი 1 ივლისიდან ამოქმედდა. ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის ორ ეტაპად ამოქმედების საჭიროება 2013 წლის დასაწყისში გამოიკვეთა, ამ დროისთვის ბიუჯეტი უკვე დაგეგმილი იყო.

გიორგი გომარელის თქმით „ასევე, თანხის გარკვეული ნაწილის დაზოგვა პროგრამის განხორციელების მექანიზმის ცვლილებამ გამოიწვია, კერძოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცული ბენეფიციარების სამედიცინო მოსახურების დაფინანსება სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ხორციელდება. შედეგად, 2013 წლის ბიუჯეტში გამოთავისუფლებულ იქნა პროგრამისათვის გათვალისწინებული ერთი თვის დაფინანსების მოცულობა (ანუ 2013 წლის დეკემბრის თვეში განხორციელებული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განხორციელდება 2014 წლის იანვარში)“.

xad2 2014

წლის  სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის 673,568 მლნ ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ჯანდაცვის ბიუჯეტი 7,645 მლნ ლარით შემცირდება.

ფინანსთა მინისტრი თავის გამოსვლაში მიუთითებს, რომ 2013 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდა უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ჩვენ აღნიშნული ფაქტიც გადავამოწმეთ და 2004 წლიდან 2014 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები გავაანალიზეთ. ჯანდაცვის ბიუჯეტის ყველაზე მაღალი ზრდა [წინა წელთან შედარებით] და მოცულობაც 2013 წელს ფიქსირდება.

დასკვნა 2013

წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამრთელობის დაცვაზე  681,213 მლნ ლარი გამოიყო. 2012 წელს აღნიშნული თანხა 373,830 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2013 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 307,383 მლნ ლარით ანუ 1,8-ჯერ გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, 2013 წელს, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ჯანდაცვის ბიუჯეტის ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2013 ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდა ჯანმრთელობის დაზღვევის გაფართოებამ განაპირობა, რომლის ბიუჯეტიც 505.760 მლნ ლარით განისაზღვრა.  ჯანმრთელობის დაზღვევაზე გათვალისწინებული თანხა კი ბოლომდე არ გაიხარჯა და 2013 წელს 197.76 მლნ ლარი აუთვისებელი დარჩა. შესაბამისად, ჯანდაცვის რეალური ბიუჯეტი დაახლოებით 1,3-ჯერ გაიზარდა და არა ორჯერ, როგორც ამას ფინანსთა მინისტრი აცხადებდა.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ფინანსთა მინისტრის განცხადება: „2013 წელს პირველად საქართველოში  ჯანდაცვის ბიუჯეტი გაორმაგდა, ამის პრეცედენტი არ გვქონია“, არის ნახევრად სიმართლე.   რედაქტორის შენიშვნა: აღნიშნული სტატიის თავდაპირველი ვარიანტი 22  იანვარს გამოქვეყნდა. რის შემდეგაც, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი გომარელის შესაბამისი განმარტება მივიღეთ, თუ რატომ დარჩა აღნიშნული თანხა [197.76 მლნ] აუთვისებელი. აღნიშნული ფაქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოხდა სტატიის განახლება, თუმცა ფაქტ-მეტრის ვერდიქტი უცვლელი რჩება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია