2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%... 2012 წელს 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 30% იყო სიღარიბის დონე, ეს მაჩვენებელი შემცირდა 350 ათასამდე

ირაკლი კობახიძე: 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%... 2012 წელს 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 30% იყო სიღარიბის დონე, ეს მაჩვენებელი შემცირდა 350 ათასამდე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონემ 9.4% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 346 ათასი ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა. ეს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ, როცა სიღარიბე 30%-ს შეადგენდა (დაახლოებით 1.1 მილიონი ადამიანი), მართლაც მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა სიღარიბის შემცირების ტენდენცია თანმიმდევრული არ ყოფილა. კერძოდ, 2016 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა, 2017 წელს კი სტატისტიკა ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. ხოლო 2020 წელს, პანდემიის პირობებში, სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. 2021 წლიდან აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პოზიტიური დინამიკა აღინიშნება, თუმცა აღნიშნული დიდწილად განპირობებულია დროებითი სოციალური მხარდაჭერის მექანიზმებით.
აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. 2025 წლის ივნისის მონაცემებით, 706,449 ადამიანი (183,411 ოჯახი) არის საარსებო შემწეობის მიმღები, რაც მთლიანი მოსახლეობის 19%-ს შეადგენს. 2019 წლის შემდეგ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 65%-ით არის გაზრდილი. სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში არ ხვდება.
ირაკლი კობახიძემ აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკური მონაცემები სწორად დაასახელა, თუმცა გამოტოვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორები, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის რეკორდული ზრდა და სოციალური ტრანსფერების გადამწყვეტი როლი აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაში.
შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი და ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკის ზრდასთან ერთად მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე. ამ კუთხითაც 2024 წელს გვქონდა შთამბეჭდავი შედეგი, კერძოდ 2024 წელს 90 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. 2012 წელს 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 30% იყო სიღარიბის დონე, ეს მაჩვენებელი შემცირდა 350 ათასამდე... საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შევძლებთ სიღარიბის სრულად დაძლევას ჩვენს ქვეყანაში, ამის გარანტი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება. 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%, პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი“.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ირაკლი კობახიძე აბსოლუტური სიღარიბის დონეზე საუბრობს. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში, როცა ადამიანს არ გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი ვერ ასახავს სრულყოფილ სურათს, კერძოდ, ზოგად სიღარიბეს, სოციალურ მოწყვლადობას და ა.შ.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს აბსოლუტური სიღარიბის დონემ 9.4% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 346 ათასი ადამიანი მაინც უკიდურეს სიღატაკეში რჩება. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით, დაახლოებით 95 ათასი ადამიანით, არის შემცირებული.

სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში არის შემცირებული. თუმცა ფაქტია, რომ ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში რჩება ყველაზე მწვავე და სისტემურ პრობლემად. 18 წლამდე ასაკის პირებში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 12.1%-ს შეადგენს.

2012 წლის შემდეგ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მართლაც 30%-დან 9.4%-მდე შემცირდა, მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი 1.1 მლნ-დან 346 ათასამდე არის შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან ჭრილში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ტენდენცია თანმიმდევრული არ ყოფილა. კერძოდ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება გადაიბარა, ქვეყანაში სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენცია იყო, რაც 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა, 2017 წელს კი სტატისტიკა ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. ხოლო 2020 წელს, პანდემიის პირობებში, სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. 2021 წლიდან აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პოზიტიური დინამიკა აღინიშნება, თუმცა ეს ტენდენცია უმეტესწილად ეფუძნება არა შრომის ბაზრის გაჯანსაღებას ან მდგრად ეკონომიკურ ზრდას, არამედ სახელმწიფო ტრანსფერებზე და ფულად დახმარებებზე დამოკიდებულებას.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში სახელმწიფომ გააძლიერა სოციალური დახმარებების პოლიტიკა – გაიზარდა ბავშვთა დახმარება, ამოქმედდა სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, გაფართოვდა ბენეფიციართა წრე. სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირება მოჰყვა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში არ ხვდება. დღევანდელი მონაცემები აჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი სიღარიბის სტატისტიკას ჩამოშორდა, მაგრამ არა სიღარიბეს - ისინი სოციალურ დახმარებაზე არიან დამოკიდებულნი.

ბოლო წლებში რეკორდულად გაიზარდა საქართველოში სოციალურად დაუცველთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობა. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, მოსახლეობის 18.7% (690,496 ადამიანი) საარსებო შემწეობის მიმღები იყო. 2020-2024 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ჯამში 61.5%-ით (263,123 ადამიანით) არის გაზრდილი. ზრდის დინამიკა გაგრძელდა მიმდინარე წელსაც, ივნისის მონაცემებით, 706,449 ადამიანი (183,411 ოჯახი) არის საარსებო შემწეობის მიმღები, რაც მთლიანი მოსახლეობის 19%-ს შეადგენს. 2025 წლის იანვარ-ივნისში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 15,953 ადამიანით (2.3%-ით) გაიზარდა.

ამრიგად, აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე გავლენა, ბუნებრივია, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებსაც ჰქონდა. თუმცა, არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ბოლო წლებში ფულადი სოციალური დახმარებების მიმღებთა რაოდენობის რეკორდულმა ზრდამ და სხვა ტიპის სოციალური ტრანსფერებმა სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. გარდა ამისა, სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ემიგრაციის ზრდამ და ემიგრანტების მიერ ქვეყანაში გამოგზავნილმა ფულმა.

ირაკლი კობახიძე სიღარიბის სტატისტიკურ მონაცემებს, ფორმალურად, სწორად ასახელებს, თუმცა რეალურ სურათს მხოლოდ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლით აფასებს და იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ 2020-2025 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობამ ქვეყანაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მის განცხადებიდან გამომდინარე სიღარიბის შემცირება ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება, მაშინ, როცა არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სტატისტიკური გაუმჯობესება დიდწილად სოციალური ტრანსფერებით და სოციალური დახმარებების პოლიტიკით არის განპირობებული.


პერსონები
ირაკლი კობახიძე

ყველა სიახლე