2014

წლის 4 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა: „პირველად 12 ქალაქის მერი და 60-მდე გამგებელი იქნება პირდაპირი წესით არჩეული საქართველოს მოსახლეობის მიერ. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, დაახლოებით 15-17 ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული ფაქტით დაინტერესდა და პრემიერის განცხადება გადაამოწმა.

2014 წლის 5 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

“ მიიღო. იგი ძალაში 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შევა. ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის დონეზე - თვითმმართველ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში (მუხლი 3) განხორციელდება. თვითმმართველი ქალაქები უშუალოდ ამავე ორგანული კანონითაა განსაზღვრული. ეს ქალაქებია: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე (მუხლი 151 ნაწილი 1).

კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკრებულო 4 წლის ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე აირჩევა. გამგებელი ან მერი 4 წლის ვადით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე აირჩევა (მუხლი 23, 49).

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ როგორ ირჩევენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ევროკავშირის ქვეყნებში და პრემიერის განცხადების მეორე ნაწილი გადაამოწმა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გამგებელიც მერად მოიხსენიება.

ავსტრიაში - მერები (Bürgermeister) საკრებულოს მიერ, ან პირდაპირი წესით აირჩევიან (

დამოკიდებულია რეგიონზე).

ბელგიაში - კერძოდ ფლანდრიაში და ბრიუსელში მერებს საკრებულოს წარდგინებით, 6 წლის ვადით, რეგიონული ხელისუფლება ნიშნავს. ვალონიაში მერს ირჩევენ პირდაპირი წესით, მაგრამ საბოლოოდ მას რეგიონული ხელისუფლება ნიშნავს. ბულგარეთში - მერები (kmet) პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევიან. ხორვატიაში - მერები (gradonacelnik) პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევიან. კვიპროსში - მერები(dimarchos) პირდაპირი წესით, 5 წლის ვადით აირჩევიან. ჩეხეთის რესპუბლიკაში - საკრებულო მერს საკრებულოს წევრებიდან, 4 წლის ვადით ირჩევს. დანიაში - საკრებულო მერებს 4 წლის ვადით ირჩევს. ესტონეთში - საკრებულო მერებს (vallavanem ან linnapea) ოთხი წლის ვადით ირჩევს. ფინეთში - საკრებულო მერებს (kunnanjohtaja) განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ირჩევს,

რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადას.

საფრანგეთში - საკრებულო მერებს 6 წლის ვადით ირჩევს გერმანიაში - მერებს პირდაპირი წესით 4-9 წლამდე ირჩევენ. საბერძნეთში - მერებს (dimarchos) პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით ირჩევენ. უნგრეთში - მერებს (polgarmester) პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით ირჩევენ. ირლანდიაში - საკრებულო მერებს ყოველ წელს ირჩევს. იტალიაში - მერები პირდაპირი წესით, 5 წლის ვადით აირჩევიან. ლატვიაში - მერის ფუნქციას საკრებულოს თავმჯდომარე (priekšdēdētājs) ასრულებს, რომელსაც საკრებულო 4 წლის ვადით, საკრებულოს წევრებიდან  ირჩევს. ლიტვაში - საკრებულო მერს (meras) საკრებულოს წევრებიდან, 4 წლის ვადით ირჩევს. ლუქსემბურგში - მთავრობა მერებს (bourgmestre) საკრებულოს წევრებიდან, 6 წლის ვადით ირჩევს. მალტაში - მერი (sindku) საკრებულოს წევრია, რომელმაც არჩევნებში მაჟორიტარული სისტემით ყველაზე მეტი ხმა აიღო. ჰოლანდიაში - მერს (burgemeester)  საკრებულოს წარდგინებით, 6 წლის ვადით ფორმალურად ცენტრალური ხელისუფლება ნიშნავს. პოლონეთში - მერები (wójt ან burmistrz) პირდაპირი წესით 4 წლის ვადით აირჩევიან. პორტუგალიაში - მერები (presidente da câmara municipal) 4 წლის ვადით აირჩევიან. მერი წარმოადგენს იმ პარტიული სიის პირველ ნომერს, რომელმაც  საკრებულოს არჩევნების დროს ყველაზე მეტი ხმა მიიღო. რუმინეთში - მერებს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით ირჩევენ. სლოვაკეთში - მერებს (starosta ან primator) პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით ირჩევენ. სლოვენიაში - მერებს (zupan) პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით ირჩევენ. ესპანეთში - მერი (alcalde ან president) საკრებულოს მიერ, 4 წლის ვადით ირჩევა შვედეთში - საკრებულო მერს 4 წლის ვადით ნიშნავს. დიდი ბრიტანეთში - უმეტეს შემთხვევაში, მერებს საკრებულო ირჩევს. თუმცა, გარკვეულ ოლქებში, მერები პირდაპირი წესით აირჩევიან.

დასკვნა

როგორც ვხედავთ, ევროკავშირის ქვეყნებს ადგილობრივ დონეზე მერების არჩევის ერთნაირი პრაქტიკა არ აქვთ. ევროკავშირის 11 ქვეყანაში მერებს პირდაპირი წესით ირჩევენ. 3 ქვეყანაში მერი აირჩევა როგორ  პირდაპირი წესით, ასევე, ინიშნება საკრებულოს ან ცენტრალური ხელისუფლების მიერ (დამოკიდებულია რეგიონზე). 14 ქვეყანაში მერის პირდაპირი წესით არჩევის პრაქტიკა არ გვხვდება.

ჩვენ ვასკვნით, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „პირველად 12 ქალაქის მერი და 60-მდე გამგებელი იქნება პირდაპირი წესით არჩეული საქართველოს მოსახლეობის მიერ. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, დაახლოებით 15-17 ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო,“ არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი