2014

წლის 26 ივლისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუბაზ სანიკიძემ, სიტყვით გამოსვლის დროს, ყურადღება ქვეყანაში ბავშვთა სიკვდილიანობასა და განათლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა. დეპუტატმა განმარტა, რომ ეს სწორედ ის ორი პარამეტრია, რომლითაც ფასდება ის, თუ როგორ ვითარდებიან კონკრეტული ქვეყნები და მთავრობები. დეპუტატის თქმით, „საქართველო არის ერთ-ერთ პირველ ადგილზე ბავშვთა სიკვდილიანობით და ერთ-ერთ ბოლო ადგილზე - განათლების დონით“. გუბაზ სანიკიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ ეს არის მათი 9 წლიანი მოღვაწეობის შედეგი. მანვე იქვე განმარტა, რომ სამშობლოს განცდა მაინცდამაინც ფურცლებზე დაწერილი ციფრებით არ აქვს, მაგრამ რადგან მის ოპონენტებს უყვართ ციფრებზე და შეფასებებზე საუბარი, ეს არის ფაქტი. გარდა ამისა, ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და საგანგაშოა ახალგაზრდების განათლების დონის მაჩვენებელიც, რომელიც ძალიან დაბალია, რაც კატასტროფის ტოლფასია.

ფაქტ-მეტრი ქვეყანაში ბავშვთა სიკვდილიანობისა და განათლების დონის მაჩვენებლებით  დაინტერესდა და დეპუტატის განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.

ბავშვთა სიკვდილიანობა ბავშვთა სიკვდილიანობის თემის გამოსაკვლევად გაეროს ბავშვთა ფონდს UNICEF-ს დავუკავშირდით და ვთხოვეთ. როგორც ორგანიზაციაში განგვიმარტეს, ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ უშალოდ მათ მიერ კვლევები არ ხორციელდება. ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ ანგარიშს გაეროს უწყებათაშორისი ჯგუფი IGME (

Inter-agency Group for Child Mortality Estimation) აწარმოებს  და ბავშვთა სიკვდილიანობის საკითხზე მსჯელობისას UNICEF სწორედ მათ მიერ დაფიქსირებულ მონაცემებს ეყრდნობა. IGME-ს ერთი-ერთი ბოლო კვლევა (Levels & Trends In Child Mortality), რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა, სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის კუთხით 2012 წელს მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას ასახავს. აღნიშნული კვლევა ჩატარდა ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერით, როგორიცაა: UNICEF, The World Bank, World Health Organization და United Nations.

გაეროს უწყებათაშორისი ჯგუფი 2004 წელს შეიქმნა და მისი დანიშნულება ბავშვთა სიკვდილიანობის ტემპების შემცირება და ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ მონაცემების გაზიარებაა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მსოფლიო მასშტაბით, 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის შემცირების კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა. მაგალითად, თუკი 1990 წლისთვის ბავშვთა სიკვდილიანობის წლიური მაჩვენებელი 12 მილიონს შეადგენდა, 2012 წლისთვის ის თითქმის 7 მილიონამდეა შემცირებული. მიუხედავად აღნიშნული პროგრესისა, 2012 წლის მდგომარეობით, 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის კუთხით, მსოფლიო მასშტაბით შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ყოველ ერთ წუთში ერთხელ 12 ბავშვი იღუპება, ყოველდღე - 18 000, ყოველ კვირას - 125 000, ყოველთვე - 546 000, წლის განმავლობაში კი - 6 600 000 ბავშვი კარგავს სიცოცხლეს. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ  2012 წლის მონაცემებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის საშუალო მონაცემების მიხედვით, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ყოველ 1000  ახალშობილზე 82 სიკვდილი ფიქსირდებოდა, რაც 13-ჯერ აღემატება მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 6-ის ტოლია.

5

წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამომწვევი მიზეზი პნევმონიაა (17%). შემდეგი მიზეზია ნაადრევ მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებები (15%). 10%-ით მას ინტრანატალური გართულებები (პერიოდი, რომელიც იწყება სამშობიარო ტკივილით და მთავრდება ახალშობილის დაბადებითა და ჭიპის მოჭრით) მოსდევს, რომელსაც დიარეა (7%) მოყვება. ჯამში 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის 45% არასაკმარის კვებასთან არის დაკავშირებული.

IGME-ს 2013 წლის ანგარიშში, რომელიც 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის კუთხით 2012 წლის მდგომარეობით დაფიქსირებულ ვითარებას ასახავს, 195 ქვეყნის და დასახლებული რეგიონის მონაცემს მოიცავს. აგრეთვე, მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროგრესი განიცადა თითოეულმა ქვეყანამ 1990 წლიდან და რა გეგმა უნდა შეასრულოს თითოეულმა მათგანმა 2015 წლისთვის, 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის შესამცირებლად.

აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე ირკვევა, რომ  5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის კუთხით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ისლანდიასა და ლუქსემბურგში ფიქსირდება - 2 ბავშვის სიკვდილიანობით ყოველა 1000 ბავშვზე. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი სიერა ლეონეშია, ყოველ 1000 ბავშვზე 182 ბავშვის სიკვდილიანობით. მას მოსდევს ანგოლა 164 ბავშვის სიკვდილიანობით, ჩადი (150), სომალი (147), კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (146), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (129) და ა.შ.

რაც შეეხება საქართველოს, ის აღნიშნულ რეიტინგებში 195 ქვეყანას შორის, ყოველ 1000 ახალშობილზე 20 ბავშვის სიკვდილით, ალჟირთან ერთად 63-ე ადგილს იკავებს. ანგარიშის თანახმად, 1990 წლიდან 2012 წლამდე, საქართველოში შემდეგი მონაცმები ფიქსირდება: 1990 წლისათვის 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 1000 ახალშობილზე 35-ს შეადგენდა. 1990 წლიდან 2000 წლამდე შუალედში აღნიშნული რიცხვი ერთით შემცირდა, 2012 წლის მონაცემებით კი ყოველ 1000 ახალშობილზე 20 ბავშვის სიკვდილი ფიქსირდება. ათასწლეულის გეგმის მიხედვით, 2015 წლისათვის საქართველომ მაჩვენებელი 12-მდე უნდა დაწიოს.

განათლება რაც შეეხება ქვეყანაში განათლების კუთხით დაფიქსირებულ მონაცემებს, ამის შესახებ ფაქტ-მეტრი 2014 წლის აპრილში უკვე წერდა. ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც ქვეყნებში 15 წლამდე ასაკის ბავშვების განათლების დონეს სწავლობს, ორგანიზაცია OECD (Organization for Economic Co-operation and Development) მიერ ჩატარდა. ეს გახლავთ მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების PISA (

Programme for International Student Assessment) პროგრამა, რომელიც წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეების უნარების დონეს იკვლევს. აღნიშნულ კვლევაში 74 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო 74 ქვეყენას შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს. ევროპის მასშტაბით კი, საქართველო 15 წლამდე მოზარდებში კითხვითი უნარების მიხედვით ბოლო ადგილზეა, მათემატიკურ კომპონენტში მხოლოდ 12 ქულით უსწრებს აზერბაიჯანს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 2 ქულით სჯობნის ალბანეთს და საბოლოო შედეგის სახით, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ევროპაში.

დასკვნა

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2012 წლის მდგომარეობით 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის კუთხით (ყოველ 1000 ახალშობილზე 20 ბავშვის სიკვდილით), მსოფლიოს 195 ქვეყანას შორის საქართველო ალჟირთან ერთად 63-ე ადგილს იკავებს. ცხადია, აღნიშნული ციფრი სახარბიელო ნამდვილად არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს მონაცემი არ ემთხვევა დეპუტატის მიერ გაცხადებულ ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. აქვე მნიშვნელოვანია, დეპუტატის განხადების პათოსიც, როდესაც მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს არის მათი 9 წლიანი მმართველობის შედეგი. თუკი გადავხედავთ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკას, ნათლად ჩანს, რომ 1990 წელს ყოველ 1000 ახალშობილზე 35 ბავშვის სიკვდილი ფიქსირდებოდა, 2000 წელს - 34, 2012 წლისათვის კი აღნიშნული მაჩვენებლი 20-მდე შემცირდა. რაღა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ  სტატისტიტური მონაცემების გაუმჯობესება, კონკრეტულად რომელიმე პირის, ან პოლიტიური პარტიის დამსახურებაა, თუმცა, გაუმჯობესება სწორედ იმ მონაკვეთში ფიქსირდება, რაზეც დეპუტატი მიუთითებდა.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, აქ დეპუტატი სრულიად მართალია. 15 წლამდე მოსწავლეების განათლების დონის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 74 ქვეყანას შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს, ევროპის მასშტაბით კი ბოლო ადგილზეა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადება: „საქართველო არის ერთ-ერთ პირველ ადგილზე ბავშვთა სიკვდილიანობით და ერთ-ერთ ბოლო ადგილზე - განათლების დონით“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია