2014 წლის 26 აგვისტოს მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც სიტყვით ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა: „საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. სააგენტომ საქართველოს შეფასება „სტაბილურიდან“ „პოზიტიურში“ გადაიყვანა. ეს ძალიან სასიხარულოა და ვფიქრობთ, კარგია არა მხოლოდ სახელმწიფო სესხის ნაწილში, არამედ კომპანიებისთვის. ეს მათ გაუადვილებს საკრედიტო რესურსის მოზიდვას. ეს ეხება, როგორც საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე იმ კომპანიებს, რომლებსაც საკრედიტო ურთიერთობები აქვთ უცხოელ პარტნიორებთან“ (წყარო: interpressnews).

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

Moody’s

არის საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო. ის Standard and Poor’s და Fitch group-თან ერთად ერთერთ უდიდეს სარეიტინგო სააგენტოდ ითვლება. Moody’s ადგენს რეიტინგებს კრედიტორებისთვის, რომლის დროსაც ითვალისწინებს ფინანსურ რისკებს და მოსალოდნელ ზარალს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

Moody’s ჯონ მუდის მიერ 1909 წელს დაარსდა. თავდაპირველად სააგენტო ობლიგაციებთან და აქციებთან დაკავშირებულ სტატისტიკურ ცნობარს გამოსცემდა.

2014 წლის 22 აგვისტოს, ლონდონში Moody’s ინვესტორთა სამსახურმა შეცვალა საქართველოს რეიტინგი

და ის „სტაბილურიდან“ „პოზიტიურში“ (BA3) გადაიყვანა. ეს ცვლილება განაპირობა საქართველოს მიერ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერამ, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს და ექსპორტი გაზარდოს. ეს, თავის მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს საგარეო პოზიციის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს. BA3 რეიტინგის მინიჭება უახლოესი პერიოდის განმავლობაში საქართველოს არამყარ ეკონომიკას საგარეო და გეოპოლიტიკური რისკებისგან დაიცავს.

ჩვენ საქართველოს რეიტინგის ცვლილებასთან დაკავშირებულ Moody’s ანგარიშს დაწვრილებით გავეცანით.

რეიტინგის შეცვლის დასაბუთებაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს რეიტინგის შეცვლის საფუძველი 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გახდა, აგრეთვე ქვეყანაში გატარებული სწორი ეკონომიკური რეფორმები და ინსტიტუციური მიმზიდველობა, რაც განსაკუთრებით 2003 წლის (ვარდების რევოლუციის) შემდეგ გაიზარდა“.

ევროკავშირი საქართველოს ერთერთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. 2013წელს საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის 21% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 43% ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელდა (ძირითადად – ჰოლანდია, გერმანია, ლუქსემბურგი). თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმება ევროკავშირის წილს როგორც ექსპორტის, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, გაზრდის.

სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის სწორმა რეფორმებმა (2003 წლის შემდეგ) განაპირობა მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს ადგილის გაუმჯობესება. „Doing Business”-ის კვლევის მიხედვით საქართველო მე-8 ადგილზეა 189 ქვეყანას შორის (2005 წელს მე-100 ადგილს იკავებდა 155 ქვეყნიდან). მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში, 2013-2014 წლებში, საქართველო 72 ადგილზეა (148 ქვეყანას შორის), 2012-2013 წლებში კი 77–ე იყო. Moody’s მიერ წარმოებული კვლევის მიხედვით, რომელიც 122 ქვეყანაში ჩატარდა, მთავრობის მმართველობის ეფექტიანობის, კანონის უზენაესობის და კორუფციასთან ბრძოლის მიხედვით, საქართველო შესაბამისად 48, 63 და 50 ადგილებზეა. Moody’s იმედოვნებს, რომ რეიტინგის გაზრდა ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოზიციების გაუბჯობესებას და საქართველოს მიმდინარე საგადასახადო დეფიციტის კორექტირებას“.

Moody’s ექსერტების აზრით, "საქართველოს საგარეო ვალი საშუალო ვადიან პერიოდში უცხოური ინვესტიციების ზრდის და საგადასახადო დეფიციტის შემცირების ხარჯზე სტაბილური გახდება. საქართველოს საგარეო ვალმა 2013 წელს მშპ-ის 82% შედგინა, ხოლო თუ კომპანიათაშორის დავალიანებებს გამოვაკლებთ, მაშინ ეს მაჩვენებელი მშპ-ის 65%–ია. დღეის მდგომარეობით, ეს მონაცემი აჭარბებს Ba რეიტინგის მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (50% მშპ-ის მიმართ)".

დამატებითი ინფორმაციისთვის ფაქტ-მეტრი Moody’s რეიტინგის შესახებ ეკონომისტ რომან გოცირიძის ინტერვიუს გაეცნო, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“–ს

ესაუბრა.

გოცირიძის განმარტებით: „Moody’s რეიტინგი აჩვენებს ქვეყნის უნარს დროულად მოემსახუროს საგარეო ვალდებულებებს. ანუ როგორია ვალის ტვირთი და არსებობს თუ არა საფრთხეები, რომ მან ეკონომიკის განვითარებას პრობლემა შეუქმნას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რეიტინგში არსებითი ცვლილება არ მომხდარა, მისი ძირითადი პარამეტრები იგივე დარჩა, მხოლოდ მომავალი ტენდენციის გამომხატველი მაჩვენებელი შეიცვალა. მომავლის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურში“ განისაზღვრა. მოკლედ, უფრო კორექტულად რომ ვთქვათ, რეიტინგი გაუმჯობესდა. ესეც კარგია, რა თქმა უნდა“.

რომან გოცირიძე იმ მიზეზებსაც განმარტავს, რამაც რეიტინგის ცვლილება გამოიწვია: „ამის მიზეზი რამდენიმეა, პირველი ტექნიკური და მეორე სისტემური. პირველი ის, რომ შემცირდა საგარეო ვალი. წელს ქვეყანას ვალების გასტუმრების ერთერთი მძიმე წელიწადი დაუდგა. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ფონდის წინაშე არსებული დავალიანება მთლიანად გაისტუმრა. მთავრობამაც საკმაო ოდენობის ვალი დაფარა. გავლენა მოახდინა იმანაც, რომ ლარის გაუფასიურების ტენდენცია შეჩერდა, რამაც სახიფათო სახე ნოემბერ-იანვარში მიიღო და დიდძალი უცხოური ვალუტის რეზერვები შეიწირა (470 მილიონი დოლარი). ბოლო ექვს თვეში კურსი დასტაბილურდა და აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა პირველად 100 მილიონი დოლარის ოდენობით შეავსო რეზერვი. ეს პროცესი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს ტურისტული სეზონიდან გამომდინარე. უცხოეთიდან გადმორიცხვები (პირველ რიგში რუსეთიდან) არ შემცირდა, რომლის საფრთხეც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო არსებობდა. ეს კომპონენტები ქვეყნის სავალუტო შემოდინებებისა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტის დაფარვის ძირითადი წყაროა (1.5 მილიარდი წელიწადში). ამასთან, კვლავ არსებობს საკმაო რისკები. საგარეო ვალი კი შემცირდა, მაგრამ წელს მთავრობამ საშინაო ვალი ძალიან გაზარდა, ქართული კომერციული ბანკებისგან დიდძალი ფული ისესხა ბიუჯეტის დეფიციტის დასაბალანსებლად. რეიტინგის ცვლილების სისტემური მიზეზი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაა. ანუ პერსპექტივა კარგი გვაქვს, თუ კარგად გამოვიყენებთ. რეიტინგის ცვლილებაში სიტყვა „პოზიტიურიც“ ზუსტად ამას გულისხმობს“.

დასკვნა

Moody’s რეიტინგის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებელი გაუმჯობესდა და „სტაბილურიდან“ „პოზიტიურში“ გადავიდა. ეს ცვლილება მნიშვნელოვანი სტიმულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები და დაბალრისკიანი გარემოა.

ფაქტ-მეტრი დაწვრილებით გაეცნო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s ანგარიშს საქართველოს რეიტინგის ცვლილებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ ვიცე–პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება: „საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. სააგენტომ საქართველოს შეფასება „სტაბილურიდან“ „პოზიტიურში“ გადაიყვანა“, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი