მიმდინარე წლის 17 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ ჯაფარიძემ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მშპ-ის საპროგნოზო მოცულობა, 2013 წლის პროგნოზთან მიმართებაში, 3 მილიარდი ლარით შემცირდა. დეპუტატმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შემცირებასა და სახელმწიფო ვალის ზრდაზე.

ფაქტ-მეტრი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებით დაინტერესდა და აღნიშნული განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2013 წლის პროგნოზის მიხედვით, 2014 წელს ნომინალური მშპ 32.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც დეპუტატის მოყვანილ რიცხვს შეესაბამება. 2014 წელს პროგნოზი შეიცვალა და მშპ-ს საპროგნოზო მოცულობამ 29.4 მილიარდი ლარი შეადგინა. შესაბამისად, სხვაობა მართლაც 3 მილიარდ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ქვეყნის სავალუტო რეზერვებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2013 წლის ოქტომბრიდან ის კლებას განიცდიდა. აღნიშნულ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. 2013

წლის ნოემბრიდან 2014 წლის თებერვლამდე სავალუტო რეზერვების შემცირება ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია. უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში საქართველოს მცურავი გაცვლითი კურსი აქვს. შესაბამისად, ლარის გაცვლითი კურსი სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებით დგინდება, ხოლო ეროვნული ბანკი ლარის კურსის განსაზღვრაში არ ერევა. თუმცა, ლარის კურსის მკვეთრი ცვლილების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის კურსის მასტაბილიზებელ ოპერაციებს მიმართოს, როგორც ეს გასული წლის შემთხვევაში მოხდა - ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 440 მილიონი დოლარის რეზერვი გაყიდა.

მთლიანობაში, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის თებერვლამდე სავალუტო რეზერვები 545 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. ეს ტენდენცია 2014 წლის ივლისამდე გაგრძელდა და ჯამში 611 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. თუმცა, აგვისტოში უცხოური სავალუტო რეზერვები 213 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 2 489 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში, 2013 წლის ოქტომბრიდან, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, უცხოური სავალუტო რეზერვები 400 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

გრაფიკი 1:

 უცხოური ვალუტის რეზერვები 2013-2014 წწ.

image001

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

საერთაშორისო რეზერვები, რომლის 92%-ს სავალუტო რეზერვები შეადგენს, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ინდიკატორია. შესაბამისად, რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანია. აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო და საკრედიტო ორგანიზაციების რეკომენდაციებით, ქვეყნის სავალუტო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ქვეყნის 3 თვის იმპორტის ხარჯებს უნდა ფარავდეს. 2014 წელს საშუალოდ იმპორტი ყოველთვიურად 688 მლნ ლარს შეადგენდა. 2014 წლის აგვისტოს ბოლოს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებმა 2 489 მლნ ლარი შეადგინა, შესაბამისად, რეზერვი/იმპორტის თანაფარდობა 3.6 იყო, ანუ ქვეყნის რეზერვები ჯერჯერობით 3.6-ჯერ აღემატება ყოველთვიური იმპორტის ხარჯებს. გრაფიკი-2 გვიჩვენებს, რომ უცხოური ვალუტის რეზერვების იმპორტთან თანაფარდობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია და აგვისტომდე კლების ტენდენციით ხასიათდება.

გრაფიკი 2:

რეზერვი/იმპორტი ფარდობა 2013-2014 წწ.

image002 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება დაგეგმილ ვალს, 2014 წელს ვალის აღების საპროგნოზო მოცულობა 1 631 მლნ ლარით განისაზღვრა. აღნიშნულ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბიუჯეტში წინა წლებში აღებული სახელმწიფო ვალის დაფარვაზე 598 მლნ ლარია გამოყოფილი. გამომდინარე აქედან, მთლიანობაში სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა (ვალის ზრდა-ვალის შემცირება) 1 038 მლნ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან გამომდინარე, ვალის ზრდა ძირითადად შიდა ვალის ხარჯზე ხდება. რაც შეეხება საგარეო ვალს, (ის, როგორც წესი, მიზნობრივი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად გამოიყენება), მისი ფაქტიური ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩება გეგმას. კერძოდ, 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საგარეო ვალის ზრდა დაგეგმილი 276 მლნ ლარის ნაცვლად 147 მლნ ლარი, ანუ 6 თვის გეგმის 53.2% იყო. მიმდინარე 8 თვის მონაცემებით კი, საგარეო ვალის ზრდამ დაგეგმილი 629 მლნ ლარის ნაცვლად 247 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 39.3%-ს შეადგენს. ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წინა წლებში აღებული სახელმწიფო ვალის დაფარვა 96.8 %-ით შესრულდა (281 მილიონი ლარი). რადგან სახელმწიფო ვალის დაფარვა წარმატებით მიმდინარეობს, ხოლო ვალის ზრდა დაგეგმილზე ნაკლებია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო ვალის ზრდა წლის ბოლოსაც დაგეგმილ 1 038 მლნ ლარზე ნაკლები იქნება.

დასკვნა

ეკონომიკური ზრდის შესახებ პროგნოზი 2013 წლის დასაწყისსა და 2014 წლის დასაწყისში მართლაც შეიცვალა. კერძოდ მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელმა 32 450 მლნ ლარიდან 29 352 მლნ ლარამდე დაიწია, ანუ ის 3 მილიარდით შემცირდა, როგორც ეს დეპუტატმა განაცხადა.

რაც შეეხება საგარეო ვალს და საერთაშორისო რეზერვების მდგომარეობას,

აღნიშნულ თემაზე ფაქტ-მეტრმა კვლევები უკვე გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, დეპუტატის განცხადება ამ ნაწილშიც სიმართლეა - დეპუტატის მიერ აღნიშნულ პერიოდში სავალუტო რეზერვები შემცირდა 545 მილიონი დოლარით, ხოლო 2014 წლისთვის დაგეგმილი 1 631 მლნ ლარი ვალის აღება საგარეო ვალის ნაწილში არ სრულდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით ზურაბ ჯაფარიძის განცხადება: „2013 წლის [ფინანსთა სამინისტროს] პროგნოზით 2014 წელს ეკონომიკა 32 მილიარდი ლარი უნდა გამხდარიყო. წლევანდელი პროგნოზით, ყველაფერი თუ ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, მაგრამ არ მიდის ისე როგორც დაგეგმილია. 3 მილიარდ ლარს დავკარგავათ. შარშან წლის ბოლოდან დაწყებული, წლევანდელი წლის დასაწყისში, დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარზე ცოტა მეტი სავალუტო რეზერვი დავკარგეთ. 1 631 მლნ ლარის ვალი გაქვთ დაგეგმილი... რასაც ვერ ითვისებთ”, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი