მიმდინარე წლის 19 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „პირველი სტუდია,“ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა: „დადასტურებულად, 90%-ით არის შემცირებული ამ ნარკოტიკული საშუალებების („კრაკადილი,“ „ვინტი,“ „ჯეფი“) გამოყენება“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გაადამოწმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ნარკოტიკული საშუალებების („ვინტი,“ „ჯეფი“) მოხმარების 586 შემთხვევაა დაფიქსირებული. გასულ წელს ეს რიცხვი 1726 იყო. ჩვენ ერთმანეთს 2014 წლის 9 თვის მონაცემები და გასული წლის სამი კვარტლის საშუალო მაჩვენებელი შევადარეთ. აღნიშნული ანალიზის მიხედვით, „ვინტის“ და „ჯეფის“ მოხმარება მიმდინარე წელს 54%-ით შემცირდა.

ცხრილი 1: ნარკოტიკული საშულებების „ვინტის,“ „ჯეფის“ და „კრაკადილის“ მოხმარების სტატისტიკა 2007-2014 წწ.

ამფეტამინების ჯგუფი (“ვინტი,” “ჯეფი”)

დეზომორფინი

(„კრაკადილი“)

2007

896

-

2008

3955

-

2009

1965

-

2010

2201

-

2011

1018

344

2012

737

1148

2013

1726

3249

2014 (1 ოქტომბრამდე)

586

14

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის, იგივე „კრაკადილის“ მოხმარების სტატისტიკას, მიმდინარე წლის 9 თვეში მხოლოდ 14 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი, 3249 იყო. თუ 2013 წელს დეზომორფინის მოხმარების საშუალო თვიურ სტატისტიკას გამოვითვლით, ვნახავთ, რომ სამ კვარტალში საშუალოდ 2436 შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, მიმდინარე წელს ე.წ. „კრაკადილის“ მოხმარება 99.6%-ით შემცირდა.

ფაქტ-მეტრმა 2007 წლიდან დღემდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სტატისტიკაც გადაამოწმა.

ცხრილი 2:

 ნარკოტიკული საშულებების მოხმარების სტატისტიკა 2007-2014 წწ.

წარმოდგენილ პირთა რაოდენობა

დადებითი შედეგების რაოდენობა

 

%

2007

57375

20292

35%

2008

43029

19302

44%

2009

33292

11794

35%

2010

33592

11348

34%

2011

27178

8138

30%

2012

21749

7627

35%

2013

60198

22711

38%

2014 (1ოქტომბერი)

38119

9824

26%

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2007 წლიდან დღემდე ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იცვლებოდა. აღნიშნული პერიოდი არ ხასიათდება მნიშვნელოვანი ზრდის ან კლების ტენდენციით. მიმდინარე წლის 9 თვეში, ნარკოტიკული საშულებების მოხმარების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რამ გამოიწვია ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ასეთი მკვეთრი შემცირება. ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ინფორმაციით, 2009 წლიდან მკვეთრად გაიზარდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კერძოდ დეზომორფინი („კრაკადილი“) და ამფეტამინები („ვინტი,“ ჯეფი“). აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრისა და ნორეფედრინის შემცველი სამედიცინო საშუალებებისგან მზადდება. კანონმდებლობის თანახმად, სამედიცინო პრეპარატები, რომლებიც აღნიშნულ ნივთიერებებს შეიცავს, ფსიქოტროპულ პრეპარატებთანაა გათანაბრებული და აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე გაიცემა. ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულმა ერთობლივმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ აღნიშნული სამედიცინო პრეპარატების 99.99% ყოველგვარი რეცეპტის გარეშე გაიცემოდა. პრობლემების აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმების გაზრდა) გამკაცრდა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. შემდეგი ნაბიჯი აღნიშნულ დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო. ასევე, ჯანდაცვისა და შსს სამინისტროების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე, ცალკეული ნივთიერებების იმპორტზე, რომლებიც საერთაშორისო კონტროლს არ ექვემებარებოდა, კვოტები განისაზღვრა. ამით იმპორტირებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო არხებში გადინების შესაძლებელობა აღმოიფხვრა. აღნიშნული პრეპარატების უკანონოდ გაცემის შემთხვევაში სანქციების სიას საფთიაქო და/ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევაც დაემატა და ასევე, გაიზარდა აღნიშნული სასჯელის ვადებიც.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა იმ არასამთავრობო ორაგანიზაციების შეფასებით, რომლებიც უშუალოდ ამ პრობლემებზე მუშაობენ.

ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“

 ნარკოტიკების მომხმარებელთა ორგანიზაციას წარმოადგენს. შესაბამისად, ამ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში ძირითადად ის ადამიანები არიან დაკავებული, რომლებიც მოიხმარენ ან წარსულში მოიხმარდნენ ნარკოტიკებს. ეს ქსელი 7 სათემო ორგანიზაციას, 4 საინიციატივო ჯგუფს და 300 წევრს აერთიანებს. ორგანიზაციის განცხადებით, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება არ შემცირებულა. მას შემდეგ რაც კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრისა და ნორეფედრინის შემცველი სამედიცინო საშუალებები მხოლოდ რეცეპტით გაიცემა, სააფთიაქო ნარკომანიამ შავ ბაზარზე გადაინაცვლა. ბევრმა ნარკომომხმარებელმა სხვა (შემცვლელი) ნარკოტიკული საშუალება მოძებნა, რომელთა უმრავლესობას ნარკოანალიზი არ აჩვენებს. შესაბამისად, „ახალი ვექტორის“ თანახმად, შესაძლებელია კონკრეტულად „ვინტის,“ „ჯეფის" და „კრაკადილის“ მოხმარება ნამდვილად შემცირდა, მაგრამ სანაცვლოდ მათი სხვა ნარკოტიკული საშუალებებით ჩანაცვლება მოხდა/ხდება.

დასკვნა

მიმდინარე წელს ნარკოტიკული საშუალებების „ვინტის’’ და „ჯეფის“ მოხმარება 54%-ით შემცირდა. რაც შეეხება დეზომორფინის („კრაკადილის“) მოხმარების სტატისტიკას, ის 2014 წლის 9 თვეში 99 %-ით არის შემცირებული და მხოლოდ 14 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დავით სერგეენკოს მიერ დასახელებული ნარკოტიკული საშულებების მოხმარების კლება მიმდინარე წელს ნამდვილად ფიქსირდება, მაგრამ „ვინტის“ და „ჯეფის“ შემთხვევაში გაცილებით დაბალი კლება გვაქვს, ვიდრე ეს მინისტრმა განაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ განცხადებით, აღნიშნული ნარკოტიული საშულებების მოხმარება შესაძლოა შემცირდა, მაგრამ რეალურად ისინი სხვა ნარკოტიკულმა საშუალებებმა ჩაანაცვლა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ჯანდაცვის მინისტრის განცხადება: „დადასტურებულად, 90%-ით არის შემცირებული ამ ნარკოტიკული საშუალებების („კრაკადილი,“ „ვინტი,“ „ჯეფი“) გამოყენება,“ არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი