2022-2024 წლებში, საუბარია გასულ 3 წელიწადზე, შეიქმნა 185 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. 2024 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 68 ათასით გაიზარდა და 1.4 მლნ-ს გადააჭარბა

ირაკლი კობახიძე: 2022-2024 წლებში, საუბარია გასულ 3 წელიწადზე, შეიქმნა 185 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. 2024 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 68 ათასით გაიზარდა და 1.4 მლნ-ს გადააჭარბა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა 2022-2024 წლებში 185 ათასით გაიზარდა. მხოლოდ 2024 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 68 ათასი ადამიანით გაიზარდა და 1 402.5 ათასი შეადგინა. ამრიგად, ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული რიცხვები სტატისტიკურად ზუსტია, თუმცა მისი ინტერპრეტაცია, თითქოს ეს სრულად ახლად შექმნილი სამუშაო ადგილებია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან მისი მტკიცებით, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა მთლიანად ეკონომიკური ზრდის შედეგს წარმოადგენს, რაც რეალობას ასევე არ შეესაბამება.
ირაკლი კობახიძე დასაქმების მაჩვენებელს 2021 წლის მაჩვენებელს ადარებს, ანუ იმ პერიოდს, როდესაც დასაქმების დონე პანდემიის და მისი თანმხლები ეკონომიკური შეზღუდვების გამო 10-წლიან მინიმუმამდე იყო შემცირებული. 2024 წლის მონაცემებს თუ პანდემიამდე პერიოდს, კერძოდ - 2019 წელს შევადარებთ, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 106.6 ათასით არის გაზრდილი. 10-წლიან პერიოდში (2015-2024 წლებში) კი დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში მხოლოდ 94 ათასით არის გაზრდილი.
ამრიგად, სამწლიან პერიოდში დასაქმების ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი პანდემიის დროს დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენას უკავშირდება, ამასთან, მოიცავს სახელმწიფო სოციალური პროგრამის ფარგლებში ხელოვნურად შექმნილ სამუშაო ადგილებსაც. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული მონაცემები ზუსტია, მტკიცება, რომ ეს ახალი სამუშაო ადგილებია და დასაქმების ზრდის მიზეზების მხოლოდ ეკონომიკურ ზრდასთან მიბმა, არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
„ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „მხოლოდ 2022-2024 წლებში, საუბარია გასულ 3 წელიწადზე, შეიქმნა 185 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. მხოლოდ 2024 წელს დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 68 ათასი ადამიანით და დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა 1.4 მლნ-ს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ადამიანების დასაქმებაზე“.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ ირაკლი კობახიძე 2024 წლის დასაქმების მაჩვენებელს 2021 წელს ადარებს, როდესაც პანდემიის და მისი თანმხლები ეკონომიკური შეზღუდვების გამო, დასაქმების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებული იყო. ბოლო 10-წლიან პერიოდში [2015-2024] დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ 2021 წელს დაფიქსირდა. შესაბამისად, 2021 წელთან შედარება მანიპულაციურია და არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402.5 ათასი შეადგინა, რაც, 2010-2024 წლების მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 67.9 ათასით (5%-ით) გაიზარდა. სამწლიან პერიოდში, ანუ 2022-2024 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 185 ათასით არის გაზრდილი, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, პანდემიის პერიოდთან შედარება არსებულ პროგრესს გადაჭარბებულად წარმოაჩენს.

რაც შეეხება დასაქმების მხრივ ბოლო წლებში არსებულ ტენდენციას, 2020-2021 წლებში საქართველოში დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, რაც დაკავშირებული იყო COVID-19 პანდემიით გამოწვეულ ხანგრძლივ და მკაცრ ეკონომიკურ შეზღუდვებთან. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი შრომის ბაზრისთვის, რაც გამოიხატა როგორც ეკონომიკური აქტივობის შემცირებაში, ისე სამუშაო ადგილების დაკარგვაში. 2022 წელს შრომის ბაზარზე მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა დასაქმების დონე ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებს. 2023 და 2024 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა არამხოლოდ წინა წლებთან შედარებით, არამედ პანდემიამდე პერიოდსაც გადააჭარბა.

იმისათვის, რომ დასაქმების ტენდენცია სწორად შეგვეფასებინა, 2024 წლის მონაცემები პანდემიამდე პერიოდს, კერძოდ 2019 წელს შევადარეთ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019-2024 წლებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 106.6 ათასით გაიზარდა. ამავე პერიოდში დასაქმების დონე (დასაქმებულთა წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) 42.7%-დან 47.1%-მდე არის გაზრდილი.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, თუ ავიღებთ 10 წლიან პერიოდს (2015-2024), ვნახავთ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში მხოლოდ 94 ათასით არის გაზრდილი, ხოლო დასაქმების დონე მხოლოდ 3.8 პროცენტული პუნქტით.

გრაფიკი 1: დასაქმებულთა რაოდენობა და დასაქმების დონე, 2015-2024 წლებში


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საინტერესოა, სამწლიან პერიოდში, რომელზეც ირაკლი კობახიძე საუბრობს, რა ფაქტორებმა განაპირობა დასაქმების ზრდა. პირველ რიგში, პანდემიის დასრულებას და მისი თანმხლები ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნას პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა ლოგიკურად მოჰყვა. ამასთან, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სექტორში. გარდა ამისა, დასაქმების ზრდაზე გარკვეული გავლენა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამაც იქონია, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც ძირითადად ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობს. ეს უკანასკნელი უნდა განვიხილოთ, არა როგორც რეალური დასაქმების პროგრამა, არამედ როგორც სოციალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ამრიგად, დასაქმების მაჩვენებლების ზრდა თვალსაჩინოა და 2024 წელს მართლაც მაქსიმუმს მიაღწია. მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, მტკიცება, თითქოს ბოლო სამ წელში 185 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, გადაჭარბებულია. რეალურად, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი პანდემიის შედეგად დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენას ასახავს და არა მთლიანად ახალ სამუშაო ადგილებს. გარდა ამისა, იგი დასაქმებულთა ზრდას მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს უგულებელყოფს.