რუბრიკა – "შეამოწმე შენი ფაქტის" ფარგლებში, მკითხველმა, ნინო პეპანაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადების

გადამოწმება გვთხოვა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, 2014 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერმა გადაცემა "2030"-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, 1998 წლის კრიზისის დასრულების შემდეგ, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ეკონომიკის ზრდა დაიწყო. ახლა კი, კრიზისია ევროპაში, რეგიონში. ამ ფონზე კი, ეკონომიკური ზრდის ტემპით ჩვენ ევროპაში პირველ ადგილზე ვართ. 2003 წელს, შევარდნაძის მთავრობის დროს ეკონომიკური ზრდა 11% იყო, 2007 წელს, სააკაშვილის მთავრობის დროს - 12%, მაგრამ არცერთ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო ევროპასა და რეგიონში ლიდერი არ ყოფილა.

ყოფილმა პრემიერმა ანალოგიური განცხადება

მიმდინარე წლის 30 აპრილს, კიდევ ერთხელ გააჟღერა და დასძინა, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდით ევროპასა და რეგიონში კვლავაც ლიდერობს.

ფაქტ-მეტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა.

ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ცვლილების მიხედვით განისაზღვრება. მშპ ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულების ჯამია. 2014 წელს მთავრობის პროგნოზით ეკონომიკის 5%-იანი ზრდა იყო დაგეგმილი. საქსტატის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 4.8% შეადგინა (ეკონომიკური ზრდის საბოლოო მაჩვენებელი სექტემბერში გამოქვეყნდება).

5%-იანი ზრდა დაიგეგმა მიმდინარე წელსაც, თუმცა ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,

მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 2%-ის ფარგლებში იქნება. იგივე პროგნოზი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც.

ბიძინა ივანიშვილის განცხადების გადასამოწმებლად, ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2015 წლის აპრილში გამოქვეყნებულ მსოფლიო ეკონომიკურ და ფინანსურ კვლევას დავეყრდენით.

ამ კვლევაში ევროპის სახელმწიფოები განვითარებულ (სადაც ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 15 ათას დოლარზე მეტია) და განვითარებად (შესაბამისად, 15 ათას დოლარზე ნაკლები) ქვეყნებადაა დაყოფილი. 2014 წელს ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა 1.3%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ 1.4%-ით გაიზარდა ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ეკონომიკა. ჩვენ, ასევე, ევროპის წამყვანი სახელმწიფოებიდან  პირველი ხუთი ქვეყანა ავიღეთ, სადაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

ცხრილი 1:

ევროპის განვითარებული ქვეყნების მშპ-ის ზრდის წინასწარი (2014) და საპროგნოზო (2015) მაჩვენებლები

ქვეყანა 2014 წელი 2015 წელი
ირლანდია 4.8 3.9
მალტა 3.5 3.2
ლიტვა 2.9 2.8
ლუქსემბურგი 2.9 2.5
გაერთიანებული სამეფო 2.6 2.7
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2014 წელს ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირლანდიას აქვს (4.8%). საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმავე ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. 2015 წლის საპროგნოზო მაჩვენებლის (2%) მიხედვით კი, საქართველო ეკონომიკური ზრდით ცხრილში მოცემულ  ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანას  ჩამორჩება.

საქართველო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიცხვს მიეკუთნება. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ევროპის განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარება არამართებულია. ივანიშვილი განცხადებაში საქართველოს ეკონომიკურ ზრდას როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ევროპის ქვეყნებს ადარებს. როგორც წესი, განვითარებულ ეკონომიკებს მშპ-ის ზრდის შედარებით დაბალი ტემპი ახასიათებთ (იხ. ბმული).

განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები კი, შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის პოტენციალით ხასიათდებიან.

რაც შეეხება ევროპის განვითარებად ქვეყნებს (ცხრილი 2), 2014 წელს საქართველოს ევროპის განვითარებად ქვეყნებთან შედარებით მართლაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. 2015 წლის საპროგნოზო მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ  ევროპის სამ  ქვეყანას აღემატება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ ქვეყნების მსგავსად განვითარებად ქვეყანად ითვლება, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ევროპის განვითარებად ქვეყნებში გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოში (3 699 აშშ დოლარი). ევროპის განვითარებად ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი ბოსნია-ჰერცოგოვინას აქვს (4 643 აშშ დოლარი).

ცხრილი 2:

ევროპის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი (2014 წელი) და საპროგნოზო (2015 წელი) მაჩვენებლები

2014 წელი 2015 წელი მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი)
მაკედონია 3.8 3.8 5 481
უნგრეთი 3.6 2.7 13 881
პოლონეთი 3.3 3.5 14 378
თურქეთი 2.9 3.1 10 482
რუმინეთი 2.9 2.7 10 034
კოსოვო[1]. 2.7 3.3 ---
ალბანეთი 2.1 3.0 4 781
ბულგარეთი 1.7 1.2 7 752
მონტენეგრო 1.1 4.7 7 149
ბოსნია ჰერცოგოვინა 0.8 2.3 4 643
ხორვატია -0.4 0.5 13 493
სერბია -1.8 -0.5 6 123
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

აღსანიშნავია, რომ 2005-2007 წლებში საქართველოს ევროპის განვითარებად ქვეყნებზე მაღალი ზრდის ტემპი ჰქონდა, 2010-2011 წლებში მხოლოდ თურქეთს ჩამორჩებოდა, 2012 წელს ისევ პირველ ადგილზე იყო, ხოლო 2013 წელს თურქეთს, რუმინეთს, მონტენერგოს და კოსოვოს ჩამორჩებოდა[1].

ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ როგორია მშპ-ის ზრდის ტემპი იმ ქვეყნებში, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მსგავსად, 3 500-4 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ცხრილი 3: 

იმ ქვეყნების მშპ-ის ზრდა, რომელთა მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3 500-4 000 აშშ დოლარია

2014 წელი მშპ ერთ სულ მოსახლეზე
შრი-ლანკა 7.4% 3 557
აღმოსავლეთ ტიმორი 6.6% 3 637
ინდონეზია 5.0% 3 533
საქართველო 4.7% 3 699
გვატამალა 4.0% 3 807
გაიანა 3.8% 3 747
სალვადორი 2.0% 3 987
კაბო ვერდე 1.0% 3 663
მარშალის კუნძული 0.5% 3 538
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი 

2014

წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 3 500-4 000 აშშ დოლარის ფარგლებში ცხრა ქვეყანას ჰქონდა. ამ ქვეყნებიდან 2014 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შრი-ლანკას ჰქონდა (7.4%-ით). აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს.

ცხრილი 4:

 დსთ-ის სივრცეში შემავალი ქვეყნების ზრდა (2014-2015 წლები)

2014 წელი 2015 წელი
რუსეთი 0.6 -3.8
სომხეთი 3.4 -1.0
აზერბაიჯანი 2.8 0.6
ბელარუსია 1.6 -2.3
საქართველო 4.7 2
ყაზახეთი 4.3 2
ყირგიზეთი 3.6 1.7
მოლდოვა 4.6 -1.0
ტაჯიკეთი 6.7 3.0
თურქმენეთი 10.3 9.0
უკრაინა -6.8 -5.5
უზბეკეთი 8.1 6.2

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროპის (როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ) ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა 2003, 2007, 2011 და 2012 წლებში ჰქონდა.

რაც შეეხება საქართველოს ადგილს რეგიონში, როგორც 2003, ისე 2007 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდით ორი ქვეყანა აზერბაიჯანი და სომხეთი უსწრებდა. 2011 წელს დსთ-ის სივრცეში შემავალ ქვეყნებს შორის, თურქმენეთისა და ტაჯიკეთის შემდეგ, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით მესამე ადგილს იკავებდა.

2014

წელს საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სამ  ქვეყანას, კერძოდ ტაჯიკეთს, უზბეკეთს და თურქმენეთს ჰქონდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი არაერთხელ ჰქონია ევროპის ქვეყნებზე მაღალი, რაც 2014 წელს ნამდვილად არ დაფიქსირებულა, ხოლო რეგიონში საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის არასდროს მიუღწევია. 2015 წლის საპროგნოზო მაჩვენებლის მიხედვით კი, დსთ-ის სივრცეში შემავალი ქვეყნებიდან, საქართველოზე მაღალი ზრდა უზბეკეთში, თურქმენეთსა და ტაჯიკეთშია მოსალოდნელი, ხოლო საქართველოს მსგავსად 2%-იანი ზრდაა დაგეგმილი ყაზახეთში.

გარდა ამისა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ გასულ წელს ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა არ შემცირებულა. 2012 წელს ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ეკონომიკა 0.4 %-ით შემცირდა, 2013 წელს 0.1%-ით გაიზარდა იყო, ხოლო 2014 წელს ზრდამ 1.4% შეადგინა. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ დღეს ევროპაში კრიზისია (მით უმეტეს 1998 წლის კრიზისთან შედარება) და ამ ფონზე ჩვენი ეკონომიკა იზრდება, არასწორია.

2014

წელს საქართველო 4.8%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით 151 განვითარებად ქვეყანას შორის 52-ე იყო, ხოლო 2015 წლის პროგნოზის (2%) მიხედვით 115-ე პოზიციას იკავებს. 2014 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი ეთიოპიაში (10.3%) და თურქმენეთში (10.3%) დაფიქსირდა.

დასკვნა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2015 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის წინასწარი მონაცემებით, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ირლანდიაში ფიქსირდება (4.8%). თუმცა, ევროპის ქვეყნებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოსთან შედარებით გაცილებით მეტია, რაც გულისხმობს, რომ ერთნაირი პროცენტული ზრდის პირობებში, ნომინალურ ციფრებში გამოხატული ევროპის ქვეყნების შემოსავალი გაცილებით მეტად გაიზრდება.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ 2005 წლიდან, 2008-2009 წლების კრიზისული პერიოდის გარდა, საქართველოს ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ყოველთვის ჰქონდა უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ეს 2013-2014 წლებში დაფიქსირდა. ასევე, ევროპის განვითარებად ქვეყნებთან შედარებით საქართველო 2010-2011 წლებში მხოლოდ თურქეთს ჩამორჩებოდა, 2013 წელს კი მე-5 ადგილზე იყო.

რაც შეეხება საქართველოს ადგილის დსთ-ის რეგიონში, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი არასდროს ჰქონია. მათ შორის არც 2014 წელს, რადგან საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში დაფიქსირდა. 2014 წელს დსთ-ის ქვეყნების ეკონომიკა 1%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ეკონომიკური ზრდა წინა წელთან შედარებით შემცირებულია, ამას რეგიონში საქართველოს რეიტინგზე გავლენა არ მოუხდენია.

იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2014 წელს საქართველოს მსგავსად, 3 500-4 000 აშშ დოლარის ფარგლებში იყო, საქართველო მშპ-ის ზრდის ტემპით მეოთხე ადგილს იკავებს. 2015 წლის პროგნოზის მიხედვით კი, საქართველო არც რეგიონში და არც ევროპაში მოწინავეთა რიგებში აღარაა.

2014

წელს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა 1.4%-ით გაიზარდა. შესაბამისად, კრიზისზე (განსაკუთრებით 1998 წლის ეკონომიკური კრიზისის კონტექსტში) საუბარი საფუძველს მოკლებულია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

_________________________
[1]

საქართველო არ ცნობს კოსოვოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი