მიმდინარე წლის 11 ივნისს "თავისუფალმა დემოკრატებმა" პარტიის ეკონომიკური ხედვის პრეზენტაცია გამართეს. პარტიის ლიდერმა, ირკალი ალასანიამ, სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება ინვესტიციების მოცულობაზეც გაამახვილა. "ინვესტიციების მოცულობა კატასტროფულად დაეცა და ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია" - განაცხადა

მან.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების დინამიკა გააანალიზა.

საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის პირველი კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 175 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით ნაკლებია. ეს მაჩვენებელი ასევე მნიშვნელოვნად  ჩამოუვარდება 2011-2013  წლების ანალოგიური კვარტლის მაჩვენებლებს.

 რაც შეეხება, პროცენტული ზრდის (კლების) მაჩვენებლებს, 2009 წლის (მსოფლიო ფინანსური კრიზისის და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდი) შემდეგ, პირველ კვარტალში ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.

გრაფიკი 1:

პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი (2006-2015 წლები)

image001

2006-2014

წლების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ინვესტიციების მოცულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2007-2008 წლებში, ხოლო ყველაზე მაღალი ზრდის ტემპები 2006-2007 წლებში დაფიქსირდა. მართალია, ინვესტიციების მოცულობა 2014 წელს მნიშვნელოვნად (35%-ით) გაიზარდა და 1 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ ეს მაჩვენებელი 2007-2008 წლების მონაცემებს საგრძნობლად ჩამოუვარდება.

გრაფიკი 2:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და ზრდის პროცენტული მაჩვენებელი (2006-2014 წლებში)

image002

ინვესტიციის რეალური სიდიდის ცვლილების განსაზღვრისთვის საჭიროა მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ ინვესტიციის მოცულობა ვნახოთ. ზოგადად, რაც მეტია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, მას მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის მისაღწევად მით უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა სჭირდება. მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელები 2007 და 2008 წლებში დაფიქსირდა.

გრაფიკი 3: 

ინვესტიციების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ (2007-2014 წლებში)

image003

დასკვნა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით შემცირდა და 175 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიციების მოცულობა ასევე შემცირდა 2011-2013 წლების ანალოგიური კვარტლის მაჩვენებლებთან შედარებითაც. ამასთან, ინვესტიციების შემცირების მსგავსი მაჩვენებელი (-34%) 2009 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

2006-2014

წლების სტატისტიკის თანახმად, ინვესტიციების მოცულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წელს, ხოლო პროცენტული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2006 წელს დაფიქსირდა. ინვესტიციის რეალური სიდიდეს ყველაზე კარგად მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ მისი მოცულობა ასახავს. 2006-2014 წლების მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელები 2007 წელს - 19.8% და 2008 წელს - 12.2% დაფიქსირდა. მომდევნო წლებში მშპ-ის მიმართ ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად დაეცა და ამასთან, ბოლო წლების მაჩვენებლები (2009-2014) გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს 2007-2008 წლებში იყო. თუმცა,  ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2014 წელს ინვესტიციების მოცულობა საკმაოდ (35%-ით) გაიზარდა და 1 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  შესაბამისად, ფაქტ-მეტრის აზრით, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის შეფასება, რომ ინვესტიციების მოცულობა "კატასტროფულად" შემცირებულია, გადაჭარბებულია.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ირაკლი ალასანიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია