2015 წლის 29 ივნისს "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ შენიშვნებზე ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, ის კმაყოფილია, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კანონპროექტის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა.

ფაქტ-მეტრი პრემიერის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

მიმდინარე წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ კანონი" მესამე მოსმენით დაამტკიცა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდა. პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა, განაცხადა, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგსა და სამოქმედო გეგმას ეწინააღმდეგებოდა. აბაშიშვილის ამ განცხადების სიზუსტე ფაქტ-მეტრის კვლევამაც დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადოს. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონპროექტის ახალ ვერსიაზე მუშაობა მისი ასოცირების დღის წესრიგთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. გაიმართება შესაბამისი კონსულტაციები და კანონპროექტის სამუშაო ვერსიას მიიღებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

თუ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და მის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს არ გაიზიარებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ზედამხედველობის ფუნქცია გამოეყოფა და მას ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო დამოუკიდებლად განახორციელებს.

საქართველოს პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმაც უაღრესად კრიტიკული შინაარსის წერილით

მიმართეს. მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის და აზიის განვითარების ბანკის წერილში ვკითხულობთ: "მოგმართავთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება საქართველოს "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში წარდგენილი ცვლილებების პროექტის თაობაზე, რომლითაც საბანკო ზედამხედველობა ჩამოერთმევა საქართველოს ეროვნულ ბანკს და შეიქმნება საბანკო ზედამხედველობის ახალი სააგენტო. მიგვაჩნია, რომ კანონში ცვლილებების ამოქმედება იმ ფორმით, როგორც ის პარლამენტს წარედგინა, დაასუსტებს საქართველოში საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობას და ხარისხს, საფრთხეს შეუქმნის საბანკო სექტორის სტაბილურობას და ძირს გამოუთხრის მდგრადი ზრდის პერსპექტივებს".

აღნიშნული ორგანიზაციების მთავარ რჩევასა და რეკომენდაციას ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის კომპეტენციაში დარჩენა წარმოადგენდა. "ჩვენი საუკეთესო რჩევაა, რომ საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს დარჩეს", ხაზგასმულია წერილში. ამასთან, იმ შემთხვევაში თუკი საქართველოს ხელისუფლებას მაინც "მყარად" ჰქონდა გადაწყვეტილი ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოშორება, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები გადამწყვეტ მნშვნელობას ანიჭებდნენ, რომ აღნიშნული კანონმდებლობა შესაბამისობაში ყოფილიყო ბაზელის ძირითად პრინციპებთან[1].

საკანონმდებლო ინიციატივაში ასახული უნდა ყოფილიყო ახალი სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები, მათ შორის სააგენტოს ბიუჯეტის და სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევის პროცესი და ასე შემდეგ.

ამ ეტაპისთვის, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს 5 წევრს წარუდგენს. ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წარდგინებით, სააგენტოს უფროსს 7 წლის ვადით ამტკიცებს პარლამენტი, ხოლო თავად სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობის პრინციპით საბჭოს წევრები ირჩევენ. სააგენტოს უფროსს პარლამენტი ირჩევს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, არანაკლებ 50 კაცისა. ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტს საბჭოს წევრების კანდიდატურას საქართველოს მთავრობა წარუდგენს და არა პრეზიდენტი, რომელიც, განსხვავებით მთავრობისაგან, არცერთი პოლიტიკური ძალისა და გუნდის წევრი არ არის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კანონპროექტის ავტორებმა და საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევები გაითვალისწინეს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ არცერთი საერთაშორისო ექსპერტი, ან ორგანიზაცია საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში ჩართული არ ყოფილა. საკითხის დასაზუსტებლად ჩვენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს შემდეგი კითხვებით მივმართეთ:
  • კანონპროექტის შემუშავების რომელიმე ეტაპზე ჩართული იყო თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, ან ექსპერტი საკანონმდებლო ინიციატივის დახვეწაში?
  • რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის, ან ექსპერტის რეკომენდაციების გაზიარება მოხდა კანონპროექტის შემუშავების პროცესში? (ასეთის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიგვითითოთ შესაბამისი მუხლი (ან მუხლები) რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების, ან ექსპერტების რეკომენდაციების შემდეგ შეიცვალა).
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წერილის თანახმად,

კანონპროექტის დახვეწის მიზნით, პროცესში "იყო და არის ჩართული მრავალი დაინტერესებული საერთაშორისო და სხვა ორგანიზაცია". მიუხედავად ამისა, წერილიდან არ ჩანს, კონკრეტულად რომელი საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ პროცესში და რაში გამოიხატებოდა მათი ჩართულობა. აღსანიშნავია, რომ არაფორმალური კომუნიკაციის შემდეგ კანონპროექტის ინიციატორებმა შესაძლოა მართლაც გაითვალისწინეს საერთაშორისო პარტნიორების გარკვეული რჩევები, თუმცა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მთავარი რეკომენდაცია ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკის კომპეტენციაში დარჩენა იყო. როგორც ვხედავთ, ეს პრინციპული რეკომენდაცია და სხვა მნიშვნელოვანი ხასიათის რჩევები საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა.

თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, პარლამენტის კომიტეტებისა და ადგილობრივი ექსპერტების მხრიდან გამოთქმული 67 შენიშვნიდან 65 გაზიარებული იქნა.

მაგალითად, ეროვნული ბანკის შიდაუდიტორულ სამსახურს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსა და მისი საფინანსო ანგარიშების კონტროლის უფლება მიენიჭა, რაც ინიცირებული კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის თანახმად მას არ ჰქონდა. გარდა ამისა, სააგენტოს საბჭოში ეროვნული ბანკი ორი (და არა ერთი) წევრით იქნება წარმოდგენილი და ა.შ.

დასკვნა

მიმდინარე წლის 17 ივლისს მიღებული კანონპროექტი მნიშვნელოვანი დისკუსიისა და კამათის საგანი გახდა. აღსანიშნავია, რომ ბევრმა ადგილობრივმა თუ წამყვანმა საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციამ ინიცირებული კანონპროექტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასა.

პარლამენტში გამართული მოსმენების შედეგად, "ეროვნული ბანკის შესახებ" ინიცირებულ კანონპროექტში, რომელიც ეროვნული ბანკისგან ფინანსური ზედამხედველობის ინსტიტუტის გამოყოფას გულისხმობს, სულ 65 ცვლილება შევიდა. არც პარლამენტის ვებგვერდზე არსებული დოკუმენტაციით და არც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კანონპროექტში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა არ დასტურდება. ასევე, არ დასტურდება მათი რაიმე მნიშვნელოვანი ხასიათის რეკომენდაციის გაზიარების ფაქტი. ფაქტ-მეტრი არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან გარკვეული კომუნიკაციის არსებობას და მათ მიერ გამოთქმული რამდენიმე ტექნიკური შინაარსის მქონე რჩევის გაზიარების ფაქტს. თუმცა, კანონპროექტში შინაარსობრივი ცვლილებები არ შესულა, შესაბამისად, ამ კომუნიკაციის შედეგი წერილობითი ფორმით არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ასახულა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.

_________________________________ [1]

ბანკების ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტი 1974 წელს 10 ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა დააარსა. კომიტეტი რეგულარულად უზრუნველყოფს საბანკო რეგულირების თემებზე ფორუმის ჩატარებას.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი