დასაქმების რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,

 რომ 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბიზნეს-სექტორში დასაქმება თითქმის 61 ათასით გაიზარდა. ეს კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-იანი ზრდაა.

ფაქტ-მეტრმა პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ბიზნეს-სექტორში 568 457 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 60 847-ით (12%) მეტია 2014 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი - 139 ათასი ადამიანი, დასაქმებულია ვაჭრობაში, ხოლო მეორე ადგილზე, 108 ათასი დასაქმებულით, მრეწველობის სექტორია.

ჩვენ დასაქმებულთა რაოდენობის გადამოწმების არაპირდაპირ გზებსაც მივმართეთ. ყველა დაქირავებით დასაქმებული ადამიანი (უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა) საშემოსავლო გადასახადს ხელფასიდან ინდივიდუალურად იხდის. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურიდან იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობის შესახებ გამოვითხოვეთ ინფორმაცია,

რომლებზეც ხელფასია გაცემული.

ცხრილი 1:

ხელფასის მიმღებ ფიზიკურ პირთა რაოდენობა (ინფორმაცია მოცემულია კვარტლის ბოლო თვის მდგომარეობით)

კვარტალი 2012 წ 2013 წ 2014 წ 2015 წ
I (მარტი) - 775 923 822 106 849 435
II (ივნისი) 943 235 783 979 867 543 851 441
III (სექტემბერი) 758 267 789 811 847 396 849 047
IV (დეკემბერი) 813 848 915 019 979 463 -
წყარო: შემოსავლების სამსახური

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, 2015 წლის მეორე კვარტლის ბოლო თვეში (ივნისში) ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა 851 441 ადამიანი იყო, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 16 102-ით ნაკლებია. გამოდის, რომ იმ ფონზე, როდესაც საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 61 ათასით გაიზარდა, ქვეყანაში მთლიანი დასაქმება 16 ათასით შემცირდა. საქსტატის და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციას შორის სხვაობა დაახლოებით 77 ათასი (60 847 + 16 102) დასაქმებულია.

ჩვენ ვცადეთ აგვეხსნა, თუ რატომ შეიძლება საქსტატის და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციას შორის დასაქმებულთა შესახებ ასეთი სხვაობა იყოს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

  1. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ბიზნეს-სექტორის სტატისტიკა მოიცავს როგორც თვითდასაქმებულებს (რომლებიც არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს), ისე დაქირავებით დასაქმებულებს (რომლებიც იხდიან საშემოსავლო გადასახადს). საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული 547 665, ხოლო 2014 წლის მეორე კვარტალში 491 098 ადამიანი იყო. შესაბამისად, დაქირავებით დასაქმებულების რიცხვი 56 567-ით გაიზარდა.
  1. საქსტატის ინფორმაცია მხოლოდ ბიზნეს-სექტორს (საფინანსო სექტორში დასაქმებულების გარეშე) მოიცავს. ის არ მოიცავს: სახელმწიფო მმართველობაში, ბაზრებსა და ბაზრობებზე საცალო ვაჭრობაში, კერძო სამართლის არასამეწარმეო პირებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულებს. 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირებულა. ასევე, არ მომხდარა კადრების შემცირება საჯარო სექტორის ისეთ მსხვილ დამსაქმებლებში, როგორებიცაა სახელმწიფო სკოლები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები, თეატრები და ა.შ. შესაბამისად, იმის დაშვება, რომ ბიზნეს-სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის 56 567 ადამიანით ზრდა სხვა სექტორებში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებამ გადაფარა, არარეალურია.
  1. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში მოცემულია იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც ხელფასი 2014 და 2015 წლების ივნისში (მეორე კვარტლის ბოლოს) აიღეს, ხოლო საქსტატის ინფორმაციაში მოცემულია აპრილ-ივნისში დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა. მაგალითად, თუ ადამიანი აპრილში ან მაისში მუშაობდა და ივნისში აღარ მუშაობდა, ის საქსტატის ინფორმაციაში აღრიცხულია, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში კი არა. შესაბამისად, თუ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დროებით (1-2 თვით) დასაქმებულთა რიცხვი მაღალი იყო, ეს ზემოაღნიშნული განსხვავების ახსნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

მიმდინარე წლის 4 დეკემბერს საქსტატმა მე-3 კვარტლის დასაქმების მონაცემებიც გამოაქვეყნა. 2014 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 48 400-ით  გაიზარდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით კი, 2015 წლის სექტემბერში, 2014 წლის სექტემბერთან შედარებით, ხელფასი 1 650-ით მეტ ადამიანს დაერიცხა. მესამე კვარტლის მონაცემებიც იმაზე მიუთითებს, რომ წინა კვარტალში დასაქმებულთა ზრდა მნიშვნელოვანწილად დროებით დასაქმებულთა ხარჯზე იყო და სტაბილური სამუშაო ადგილები უფრო ნაკლები ტემპით იზრდება.

გრაფიკ 1-ზე წარმოდგენილია კავშირი საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს და ბიზნეს-სექტორში დასაქმების ზრდის ტემპს შორის (გრაფიკი 1). აღნიშნულ ორ სიდიდეს შორის ლიგიკური თანხვედრა გამოხატულია 2012-2014 წლებში, 2005-2011 წლებში კი მნიშვნელოვანი სხვაობა იყო ეკონომიკის ზრდასა და დასაქმების ზრდას შორის. მაგალითად, 2006 წელს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა, ხოლო ბიზნეს-სექტორში დასაქმება 7.2%-ით შემცირდა. 2009 წელს ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა, ხოლო დასაქმება 10.9%-ით გაიზარდა.

გრაფიკი 1:

ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რიცხვის და საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპები

image001 წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ფაქტ-მეტრმა დასაქმების ზრდასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა ეკონომისტებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

რომან გოცირიძე: "

როდესაც ეკონომიკა ასეთი დაბალი ტემპით იზრდება, შეუძლებელია ამ დროს ბიზნეს-სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა იზრდებოდეს. ლარის დევალვაციის გამო უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა. ლარის გაუფასურებამ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს დაარტყა. ძალიან ბევრი ბიზნესი უბრალოდ გაუქმდა, ბევრ შემთხვევაში კი მოხდა სამუშაო ადგილების შემცირება. ამას ემატება შემცირებული იმპორტი და ექსპორტი, რაც პირდაპირ ნიშნავს დაკარგულ სამუშაო ადგილებს. სტატისტიკის სამსახურის მეთოდოლოგია ძალიან დიდი ხანია არ გადახედილა. ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული მონაცემები ძალიან საეჭვოა და არარეალურია, რადგან გარეშე მაჩვენებლები სხვა რამეზე მეტყველებს. არ გამოვრიცხავ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყოს".

დემურ გიორხელიძე: "

მე, პირადად, ვერ ვგრძნობ, რომელი სექტორის ხარჯზე მოხდა 61 ათასი სამუშაო ადგილის გაზრდა. იმისათვის, რომ ვთქვათ, არის თუ არა ეს რიცხვი რეალური, კონკრეტული სექტორების მიხედვით დასაქმების მაჩვენებლის ყოველთვიური სტატისტიკა უნდა გვქონდეს. იმ ფონზე, რომ დღეს ლარის დევალვაცია და დაბალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მცირე და საშუალო ბიზნესი არ ვითარდება, რომელიც რეალურად უნდა ქმნიდეს სამუშაო ადგილებს. მათთვის ფული ხელმიუწვდომელია. ამ ყველაფრის ფონზე, უცებ ჩნდება ეს რიცხვი, რაც ბუნებრივია კითხვებს იწვევს".

ლევან კალანდაძე: "

პრემიერმა თავის განცხადებაში იგულისხმა, რომ ეს 61 ათასი ადამიანი სახელმწიფო პროექტების ფარგლებში, ანუ იაფი კრედიტის და 100 საწარმოს შექმნის შედეგად არის დასაქმებული. ეს თეორიულად შესაძლებელია. თუ გვინდა ეს რიცხვი გადავამოწმოთ, მაშინ უნდა დავთვალოთ, თუ რამდენი ადამიანი დასაქმდა ამ საწარმოებში. შეიძლება მცირე და საშუალო ბიზნესის გარკვეული რაოდენობა იხურებოდეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენი იხსნება. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი დაიხურა".

გიგა ბედინეიშვილი: "

დღეს დაბალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მაღალი ეკონომიკური ზრდაც რომ გვქონდეს, უმუშევრობა საქართველოში ყოველთვის გვქონდა, რადგან ეს სტრუქტურული პრობლემაა. საქართველოში მცხოვრებ ადამიანს გარკვეული განათლება და დიპლომიც რომ ჰქონდეს, ის ვერ ახერხებს შესაბამისი განათლებით, ადეკვატური სამსახურის მოძებნას. ბიზნეს-სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვის ასეთი მაღალი ზრდა მაშინაც კი არ დაფიქსირებულა, როცა ეკონომიკური ზრდა გაცილებით მეტი იყო. ამიტომ, ჩემთვის ეს რიცხვი დამაჯერებელი არ არის".

ვასილ რევიშვილი (

თავისუფალი დემოკრატები): "შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს რიცხვი სეზონური სამუშაოებით არის გამოწვეული. მაგ. ძალიან დიდი მშენებლობა მიმდინარეობდა თბილისის ზღვაზე, სადაც, ბუნებრივია, გარკვეული პერიოდით მოსახლეობა დასაქმდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნაში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა მართლა იზრდება. ეს რომ  რეალური რიცხვი იყოს, მინიმუმ 9%-მდე უნდა შემცირებულიყო საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი. ან შეიძლება თვითონ დასაქმებულთა აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიაა შეცვლილი. ანუ, დღეს ბიზნეს-სექტორში დასაქმებულად ითვლებიან ის ადამიანები, რომელებიც ადრე დასაქმებულად არ ითვლებოდნენ".

ზურაბ ჯაფარიძე (

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი): "ეს მონაცემი არარეალურია, რადგან დღეს ეკონომიკა გაჩერებულია. უკვე ერთ წელზე მეტია ექსპორტი და იმპორტი მცირდება. ამ მოცემულობაში ეს მონაცემი არის ტყუილი. გაყალბებული მგონია, რადგან სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები სხვა რამეზე მეტყველებს".

მიხეილ მაჭავარიანი და ზურაბ მელიქიშვილი (

ნაციონალური მოძრაობა): "სტატისტიკის ცდომილება არ მგონია რომ იყოს, რადგან მეთოდოლოგია არ შეუცვლიათ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულთა 61 ათასით ზრდა 2014 წლის მეორე კვარტლის მონაცემთან შედარებით ფიქსირდება. 2015 წელს, პირველ და მეორე კვარტლებს შორის ზრდა 22 ათასი ადამიანია. პრემიერის მიერ გაჟღერებული დასაქმებულთა ზრდა ერთჯერადი ფაქტებით არის გამოწვეული. კერძოდ, სწორედ მე-2 კვარტალში, მთავრობამ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები გაააქტიურა - კომპანიები გადავიდნენ 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე და შესაბამისად ხალხიც დაიქირავეს, რათა სამუშაოები ივლისისთვის მოესწროთ. ასევე, ამავე პერიოდში ჩატარდა EBRD-ის წლიური შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები და ალბათ ამ ღონისძიებებზე დაქირავებული კომპანიებიდან მიწოდებული ინფორმაცია ასახა საქსტატმა და შესაძლებელია ყველა დაქირავებული შეიყვანეს, ვინც კი ერთი ან ნახევარი დღეც იმუშავა, რამაც მონაცემის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 2015 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მართალია დაბალია, მაგრამ თეორიულად დასაქმებულთა რაოდენობა უნდა იყოს გაზრდილი, თუმცა არა ასეთი დიდი ოდენობით. სწორედ ერთჯერადი სამუშაოების გამო მოხდა დასაქმებულთა ზრდა. ეს ფაქტიც მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა და დასაქმებულთა ზრდის მაჩვენებელი პირდაპირპროპორციული არ არის".

დასკვნა

საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში, 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ბიზნეს-სექტორში დასაქმება 60 847 ადამიანით (12%) გაიზარდა. მესამე კვარტალში კი, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48 400 (9.3%) ადამიანი შეადგინა.

ფაქტ-მეტრმა დასაქმებულთა რაოდენობა შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობითაც გადაამოწმა. 2015 წლის ივნისში ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა (დაქირავებით დასაქმებულები) 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 16 102-ით ნაკლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახური ბიზნეს-სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა გარდა არასამეწარმეო საჯარო სექტორში და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას მოიცავს, ეს სრულად მაინც ვერ ხსნის 77 ათასიან სხვაობას. თუ ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა მნიშვნელოვნად ზრდის პარალელურად ხელფასის ამღებთა რიცხვი კლებულობს, მაშინ სხვა სექტორებში დაქირავებით დასაქმებულთა შემცირებასთან ან ბიზნეს-სექტორში დროებით დასაქმებულთა მაღალ წილთან გვაქვს საქმე.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ეკონომისტებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც მივმართეთ. მათი აზრი განსხვავებულია - ნაწილი თვლის, რომ აღნიშნულ საკითხზე საქსტატის ინფორმაცია სანდო არ არის, ნაწილი სეზონური დასაქმებით ხსნის, ნაწილი კი ენდობა. ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ შენელებული ეკონომიკური ზრდის პირობებში აღნიშნული რაოდენობით დასაქმების ზრდა საეჭვოა. თუმცა, ეკონომიკის ზრდის ტემპსა და დასაქმების ზრდას შორის მჭიდრო კავშირი 2012-2014 წლებში უფრო იკვეთება, ვიდრე ეს 2005-2011 წლებში იყო.

ჩვენ, ამ ეტაპზე, პრემიერ-მინისტრის განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ და ამ საკითხზე მუშაობას კვლავაც განვაგრძობთ. აქვე გთავაზობთ გამოკითხვას, სადაც შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი აზრი - გაიზარდა თუ არა დასაქმებულთა რიცხვი საქართველოში.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია