28

დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე გაამახვილა. მისი განცხადებით: "2015 წლის პირველ სამ კვარტალში ინვესტიციები 17%-ით შემცირდა. ინვესტიციები შემცირდა სოფლის მეურნეობაში. ასევე, ინვესტიციები შემცირდა ენერგეტიკის სფეროში, 2015 წლის პირველი კვარტალი დასრულდა მინუს 51%-ით, მეორე კვარტალი კი მინუს 88%-ით".

ფაქტ-მეტრმა ზურაბ მელიქიშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქსტატის წინასწარი მონაცემების

თანახმად, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულმა ჯამურმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 1 019 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17%-ით ნაკლებია.

  გრაფიკი 1:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2013-2015 წლებში (კვარტლების მიხედვით), მლნ აშშ დოლარი

image001

2015

წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 571 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიციების შემოდინების მხრივ მეორე ადგილზეა მშენებლობა 112 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი 110 მლნ აშშ დოლარით.

2015

წლის სამი კვარტლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში 21 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში კი სოფლის მეურნეობაში 11 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. შესაბამისად, 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოცულობა 91%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროს, 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, 42 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 153 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. ენერგეტიკის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა I კვარტალში 52%-ით, II კვარტალში 88.6%-ით, ხოლო III კვარტალში 56.8%-ით შემცირდა. სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით კი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მაჩვენებელი 72.5%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2014 წელსაც (22%-ით) შემცირდა. 2011-2012 წლებში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა, ეს ტენდენცია გაგრძელდა 2013 წელსაც. თუმცა, 2014 წელს ენერგეტიკის სექტორმა მეოთხე, ხოლო 2015 წლის მესამე კვარტალში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების შემცირებაზე და ვითარების გაუარესებაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.   დასკვნა

საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის პირველ სამ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 17%-ით შემცირდა.

2015

წლის სამი კვარტლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არათუ შემცირდა, როგორც დეპუტატმა განაცხადა, არამედ, პირიქით, 91%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროს, ინვესტიციების შემოდინების მხრივ 2011-2013 წლებში ენერგეტიკის სფერო პირველ ადგილზე იყო. ამ მხრივ ვითარება გაუარესდა 2014 წელს, ხოლო 2015 წელი კიდევ უფრო წარუმატებელი აღმოჩნდა. 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 72.5%-ით არის შემცირებული.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ მელიქიშვილი განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი