ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა,

 რომ 2010-2012 წლებში მშენებლობებზე 15 081 ნებართვა გაიცა, 2013-2015 წელს კი 23 473. ხოლო ფართობის მიხედვით კი, თბილისში მშენებლობები 63%-ით და აჭარაში 70%-ით გაიზარდა.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

მინისტრის მიერ დასახელებული მონაცემების გადასამოწმებლად, ჩვენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მივმართეთ და მშენებლობის შესახებ არსებული ოფიციალური სტატისტიკა გამოვითხოვეთ. მიღებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ დასახელებული რიცხვები არაზუსტია და ოფიციალური მონაცემებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მინისტრის მიერ ხსენებულ დროის მონაკვეთებში თითქმის იდენტური რაოდენობის მშენებლობის ნებართვებია გაცემული. აღნიშნული ტენდენცია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თბილისისა და აჭარის შემთხვევებშიც ფიქსირდება.

ცხრილი 1: 

გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა

რეგიონი 2010-2012 2013-2015
სულ 24 744 28 897
თბილისი 14 103 14 150
აჭარა 2 173 3 513

განსხვავებული მდგომარეობაა მშენებლობების ფართობის მიხედვით დათვლის შემთხვევაში. 2010-2012 წლებში, ფართობის მიხედვით, თბილისში სულ 9 438 938 მ2 -ზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, ხოლო 2013-2015 წლებში ამ რიცხვმა 15 425 415 მ2 შეადგინა. შესაბამისად, სახეზეა 63%-იანი ზრდა, რაც ქუმსიშვილის მიერ დასახელებულ რიცხვთან თანხვედრაშია. ანალოგიური მდგომარეობაა აჭარაშიც, წინა ხელისუფლების მმართველობის უკანასკნელ ორ წელთან შედარებით, 2013-2015 წლებში მშენებლობების საერთო ფართობი 70%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრი ამ ნაწილშიც მართალია. აღნიშნულ პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით 56%-იანი ზრდა ფიქსირდება.

ცხრილი 2:

სამშენებლო ნებართვები ფართობის მიხედვით, მ2

  2010 2011 2012 2013 2014 2015
სულ 2 800 199 5 682 595 6 598 229 8 374 817 7 258 011 7 839 726
თბილისი 1 010 785 3 933 260 4 494 893 5 957 076 4 626 021 4 842 318
აჭარა 879 942 914 402 1 165 742 1 589 905 1 650 138 1 804 297

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2013-2015 წლებში, 2010-2012 წლებთან შედარებით, მშენებლობის მასშტაბი 56%-ით არის გაზრდილი.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2010 და 2011 წლები პოსტ-კრიზისული პერიოდია, რა დროსაც ბევრმა სამშენებლო კომპანიამ დროებით საქმიანობა შეაჩერა ან გაკოტრდა. მნიშვნელოვანია იმის გაგებაც, თუ როგორ იზრდებოდა მშენებლობის ნებართვების მოცულობა (მ2-ებში) წლიდან წლამდე. ამის გარკვევა 2011 წლიდან შევძელით. 2011-ში ნებართვები გაორმაგდა, ხოლო 2012 წელს 16%-ით გაიზარდა. 2013-ში ანალოგიური მონაცემი 27%-ით გაიზარდა, 2014-ში 13%-ით შემცირდა, ხოლო 2015-ში 8%-ით გაიზარდა. 2011-2012 წლებში ზრდა საშუალოდ 60%-ია, ხოლო 2013-2016 წლებში 7%. აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წლის მაჩვენებელი 6%-ით ჩამოუვარდება 2013 წლისას.

სამშენებლო სექტორში მიმდინარე ტენდენციების ასახსნელად, მხოლოდ გაცემული ნებართვებით საუბარი ამომწურავ ინფორმაციას არ იძლევა. მშენებლობების ზრდა/შემცირებას ყველაზე კარგად უჩვენებს ის, თუ რა მოცულობის რეალური დამატებითი ღირებულება შეიქმნა აღნიშნულ სექტორში. 2012 წელს 1 352 მლნ ლარის (2010 წლის ფასებში) სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა, ხოლო 2015 წელს 1 583 მლნ ლარის (2010 წლის ფასებში). ამდენად, ზრდა 17%-ია.

  დასკვნა

სამშენებლო ნებართვების გაცემის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ დასახელებული მონაცემები არაზუსტია. საქსტატის მონაცემებით, დასახელებულ დროის მონაკვეთებში თითქმის იდენტური რაოდენობის სამშენებლო ნებართვაა გაცემული. ფართობის მიხედვით, მშენებლობები მართლაც გაზრდილია და ამ მხრივ ეკონომიკის მინისტრის მიერ დასახელებული მაჩვენებლები ოფიციალურ ინფორმაციას ემთხვევა - დედაქალაქში ზრდამ 63%-ს, ხოლო აჭარაში 70%-ს მიაღწია.

როდესაც სამშენებლო სექტორში არსებულ ტენდენციებზეა საუბარი, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, თუ რა ღირებულების სამუშაოები განხორციელდა. ამას კი, მშენებლობის სექტორში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულების მაჩვენებელი გამოხატავს, სადაც, 2012 წელთან შედარებით, 2015 წელს 17%-იანი ზრდაა. ეს მაჩვენებელი კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფართობის მიხედვით მშენებლობის ნებართვებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი