ტრადიციულად, საქართველოში, წინასაარჩევნო დაპირებებს შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებულ დაპირებებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანია, ამ ეტაპზე, მსგავსი დაპირებებით ნაკლებად არის გადატვირთული.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე უმეტესი პარტიების დაპირებებში, მოცემული მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცედურის გამარტივებაა. აღნიშნულ დაპირებას თითქმის ყველა საარჩევნო სუბიექტის შემთხვევაში ვხვდებით.

"ქართული ოცნება"

"ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო პროგრამა ჯერ არ გაუსაჯაროებია, თუმცა, სავარაუდოა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებული პროექტების გაგრძელების დაპირება აქტუალური იქნება.

აღნიშნული მიმართულებით "ქართული ოცნების" (მთავრობის) მიერ ბოლოს გადადგმული ნაბიჯი პირთა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებაა. ცვლილების თანახმად, რეგისტრაციის პროცედურა და მისთვის საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა უფასო გახდა, ამავდროულად გაფართოვდა დოკუმენტაციის ნუსხა, რომელიც საკუთრებაზე უფლების დასადასტურებლად საკმარისია.

გაჟღერდა რთველის სუბსიდირების გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც, რაც თავისთავად მანკიერი პრაქტიკაა, მაგრამ ამომრჩევლის ძირითადი ნაწილის მხრიდან დადებით კონტექსტში განიხილება.

"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული მნიშვნელოვანი პროექტია აგროდაზღვევა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას, ხელშეკრულება კი, შესაბამისი წესით, ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან ფორმდება.

ასევე, ხორციელდება მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მცირემიწიან ფერმერებს "ხვნის ბარათი" ან/და "აგრო ბარათი" გადაეცემათ, რომელთა გამოყენება, შესაბამისად, მიწის ფართობის დასამუშავებლად და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შესაძენად არის შესაძლებელი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ხორციელდება პროექტი "აწარმოე საქართველოში", ასევე, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამები. მნიშვნელოვანი პროექტია შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება და 2016 წლის ივნისის მდგომარეობით ლარში დენომინირებული 24,537 სესხია გაცემული, რაც, ჯამში, 700 მლნ ლარამდეა. დოლარში გაცემული სესხების ოდენობა კი 1,937 ერთეულია, ჯამური მოცულობით 208 მლნ დოლარამდე.

"ნაციონალური მოძრაობა"

"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო დაპირებებს შორის სპეციალიზებულად, სოფლის მეურნეობის კუთხით დაგეგმილ ცვლილებებს მოკრძალებული ადგილი უჭირავს. ამ მიმართულებით „ნაციონალების“ ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის 25%-ით შემცირებაა, რაც, თავის მხრივ, საწვავისა და, შესაბამისად, მიწის დამუშავების ხარჯების შემცირებას გახდის შესაძლებელს.

სხვა პარტიების მსგავსად, "ნაციონალური მოძრაობის" დაპირებებს შორისაა, ასევე, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მიწის რეგისტრაციის გამარტივება.

დაგეგმილია ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების, მათ შორის მიწის ნაკვეთების გასხვისებისას მიღებული შემოსავლის განთავისუფლება გადასახადისგან. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელია, ქონება პირის საკუთრებაში 2 წელზე მეტხანს იმყოფებოდეს.

სოფლის მეურნეობის კუთხით საინტერესოა განსახორციელებელი საგადასახადო ცვლილებების დანარჩენი ასპექტებიც. დაპირების თანახმად, მიკრობიზნესის სტატუსით ისარგებლებენ და შესაბამისად, გადასახადებისგან განთავისუფლდებიან 90 000 ლარამდე ბრუნვის მქონე პირები. დღეის მდგომარეობით აღნიშნული ზღვარი 30 000 ლარია.

ამავდროულად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭება და ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმით ისარგებლებს 200 000 ლარამდე ბრუნვის მქონე ბიზნესი, ნაცვლად დღეს არსებული 100000-ლარიანი ზღვრისა. აღნიშნული ცვლილებები საერთოა მთლიანად ეკონომიკისთვის და ბუნებრივია, გავრცელდება სოფლის მეურნეობის სექტორზეც.

"პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" და "ვაშაძე-ჯაფარიძე ახალი არჩევანი (გირჩი)"

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების გარდა, რასაც სხვა პოლიტიკური ძალების პროგრამებშიც ვხვდებით, პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" გეგმავს სასოფლო-სამეურნეო მიმართულების სპეციალისტთა მომზადების წახალისებას შესაბამისი პროფესიული პროგრამებისა და სადემონსტრაციო მეურნეობების შექმნის გზით.

იგეგმება სხვადასხვა რეგიონში 10 საცდელი მეურნეობის მოწყობა კერძო სექტორის მონაწილეობით. ამავდროულად, დარგის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, სექტორისთვის სპეციფიკური ტექნიკისა და ტექნოლოგიების იმპორტი განთავისუფლდება გადასახდელებისგან.

დაპირების თანახმად, წახალისდება ერთიანი ქართული ბრენდის შექმნა, რომლის პოპულარიზაციაშიც კერძო სექტორს სახელმწიფო გაუწევს დახმარებას. საექსპორტო ბაზრებისთვის ხარისხიანი და სანდო პროდუქციის მიწოდების უზრუნველსაყოფად კი მოხდება ნაწარმის სერტიფიცირება, რისთვისაც დაგეგმილია შესაბამისი პროფილის ლაბორატორიების შექმნა.

მოცემული პოლიტიკური ძალის შემთხვევაშიც ვხვდებით დაპირებას გადასახადების შემცირების მიმართულებით, რაც მთლიანად ეკონომიკას და, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სექტორსაც შეეხება.

პარტიის "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" დაპირებები სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით კონკურენტი პოლიტიკური ძალების დაპირებებისგან მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამავდროულად დაპირებების დიდი ნაწილი უშუალოდ ეხება სოფლის მეურნეობას და არ აქვს ზოგადი ხასიათი.

"ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანის" საარჩევნო დაპირების მიხედვით, მფლობელობაში არსებული მიწის დაკანონება პროაქტიურად განხორციელდება, პარალელურად კი დაჩქარდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის პროცესი.

გარდა აღნიშნულისა, "გირჩი" გეგმავს მიწი საკუთრების ანგლოსაქსური მოდელის დანერგვას. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მიწის მფლობელის საკუთრებად იქნება მიჩნეული არა მარტო მიწის ზედაპირზე მოყვანილი მოსავალი, არამედ ის წიაღისეულიც, რაც პირის მფლობელობაში არსებულ ფართობზე შეიძლება აღმოჩნდეს. დღეის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ქონა მასზე აღმოჩენილი წიაღისეულის საკუთრებად აღიარებისთვის საკმარისი პირობა არ არის.

სხვა პოლიტიკური ძალების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც სახეზეა გადასახადების შემცირების დაპირება, რაც, ბუნებრივია, გავრცელდება სოფლის მეურნეობის სექტორზეც.

ხსენებული ორი პოლიტიკური ძალა გასულ კვირას გაერთიანდა და 8 ოქტომბრის არჩევნებზე ერთიანი საარჩევნო ბლოკის სახით წარსდგება. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია რა ფორმით ჩამოყალიბდება მათი ერთობლივი დაპირება სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

"ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატები"

"თავისუფალი დემოკრატების" დაპირებებს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ზოგადი ხასიათი აქვს. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ტრადიციული ქართული სოფლის განვითარებასთან ერთად, სასოფლო კოოპერატივების შექმნის წახალისება იგეგმება. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი მათი პრიორიტეტი მოცემული მიმართულებით აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების წახალისება იქნება.

"თავისუფალი დემოკრატები" მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო ზღვრების ამაღლებას გეგმავენ, რაც სოფლის მეურნეობის სექტორსაც შეეხება. კერძოდ, მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების ზღვარი 30 000 ლარიდან 80 000 ლარამდე ამაღლდება. მცირე ბიზნესის სტატუსი განისაზღვრება 200 000 ლარამდე, ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარისა.

"პატრიოტთა ალიანსი"

"პატრიოტთა ალიანსი" არჩევნებზე ბლოკის სახით გამოდის. ბლოკში, უშუალოდ "პატრიოტთა ალიანსის" გარდა, 5 პარტიაა გაერთიანებული: "თავისუფალი საქართველო", "თავისუფლება", "ტრადიციონალისტები", "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა".

"პატრიოტთა ალიანსი", კონკურენტების მსგავსად, მიწის რეგისტრაციის პროცედურის გამარტივებასა და ბიუროკრატიული ბარიერების აღმოფხვრას ჰპირდება ამომრჩეველს. სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად კი იგეგმება ცეკავშირის ტიპის წარმონაქმნის შექმნა, რომელიც მოსახლეობისგან გარანტირებულ ფასად შეისყიდის სოფლის მეურნეობის პროდუქციას. თუმცა, პროგრამაში არ ჩანს მითითება, რაში გამოიყენებს აღნიშნული ორგანიზაცია შეძენილ პროდუქციას და რა ფაქტორი უზრუნველყოფს მის კონკურენტუნარიანობას კაპიტალისტური წყობის პირობებში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მიმდინარე საარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელ დაპირებას გადასახადების შემცირებისა და ადმინისტრირების გამარტივების შესახებ ვხვდებით "პატრიოტთა ალიანსის" შემთხვევაშიც. კერძოდ, წვრილი და საშუალო მეწარმეები, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორში, დაიბეგრებიან მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით და მოეხსნებათ საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება.

"ლეიბორისტები"

ჩვენთან საუბარში, "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციამდე აღნიშნული თემის კომენტირებისგან თავი შეიკავეს.

დასკვნა

ძირითადი საარჩევნო სუბიექტების დაპირებებიდან გამომდინარე, ერთი საერთო მიდგომაა მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება და სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ყველა პოლიტიკური სუბიექტის შემთხვევაში სახეზეა საგადასახადო შეღავათების დაწესების დაპირებაც, რაც, სხვა დარგებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სექტორსაც ეხება.

ზოგადი სურათიდან კი ნათელია, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაცემული დაპირებების ინტენსივობა წინამორბედი არჩევნების პრაქტიკასთან მიმართებაში მოკრძალებულია.


მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია