მიმდინარე წლის ივნისში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სახელმწიფო სტრუქტურებში დანამატის სახით გაცემული თანხების მნიშვნელოვან ზრდაზე იყო საუბარი. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნულ ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა: "არაფერი გამიორმაგებია, ზუსტად ვიცი. სახელფასო ფონდი, რამდენიც მქონდა წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, უცვლელია".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, მომსახურის შრომის გასამრჯელო თანამდებობრივ სარგოს (ხელფასი), პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატს მოიცავს. პრემია ფინანსური წახალისების ფორმას წარმოადგენს. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაქმებულის თანამდებობრივ სარგოს და კვარტალში მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაიცეს (მაგრამ არაუმეტეს წელიწადში სამჯერ).

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის

მიხედვით, 2015 წლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, პრემიის მუხლით გაცემული სახსრების შემცირების პარალელურად დანამატის მუხლით გაცემული სახსრების ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, აღნიშნულ ანგარიშში ეკონომიკის სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება შესული არ არის. როგორც აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა  ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურების შესწავალა ამჟამად მიმდინარეობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს სამინისტროს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული შრომის ანაზღაურება წინა წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა (ცხრილი 1). მათ შორის, პრემიის  მუხლით გაცემული თანხის ოდენობა 518 639 ლარით, ხოლო დანამატის მუხლით გაცემული თანხის ოდენობა 95 078 ლარით გაიზარდა.

ცხრილი 1:

 ეკონომიკის სამინისტროს აპარატის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება

2011 2012 2013 2014 2015 2016 (5 თვე)
თანამდებობრივი სარგო 4 112 201 4 176 499 3 210 569 3 097 940 3 048 247 1 228 272
პრემია 1 644 575 1 751 431 1 036 316 1 846 672 1 328 033 454 507
დანამატი 46 424 48 135 680 904 838 489 933 567 413 927
ჯამი 5 756 776 5 976 065 4 927 789 5 783 101 5 309 847 2 096 706

ცხრილი 2: 

ეკონომიკის სამინისტროში მინისტრებზე და მინისტრის მოადგილეებზე  გაცემული შრომის ანაზღაურება 2011-2016 წლებში

2011 2012 2013 2014 2015 2016 (6 თვე)
თანამდებობრივი სარგო 183 585 200 964 162 678 162 160 151 143 77 345
პრემია 207 000 226 430 45 055 106 710 48 880 24 730
დანამატი 0 0 163 030 152 464 142 040 73 390
ჯამი 390 585 427 394 370 763 421 334 342 063 175 465
 

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრების და მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურებას, 2011 წლიდან დღემდე ეს მაჩვენებელი ყველაზე ცოტა 2015 წელს იყო და 342 063 ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით კი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წელს მინისტრებზე და მინისტრის მოადგილეებზე შედარებით მეტი ოდენობის შრომის ანაზღაურება გაიცემა, ვიდრე 2015 წელს დაფიქსირდა. რაც შეეხება პრემიებსა და დანამატებს, 2013 წლიდან პრემიების მუხლით გაცემული თანხები შემცირდა, რის ხარჯზეც  დანამატები გაიზარდა. თუმცა, საერთო ჯამში თითქმის ერთი და იგივე რაოდენობის დანამატი და პრემია გაიცემა.

  დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის 2015 წლის ანგარიშში ეკონომიკის სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება შესული არ არის. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამინისტროს აპარატში გაცემული შრომის ანაზღაურების ოდენობა თითქმის ყოველწლიურად იცვლებოდა, თუმცა რაიმე კონკრეტული ტენდენცია, ზრდის ან კლების, არ შეინიშნება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია