2013

წლის 17 მაისს, საქართველოს პარლამენტში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას, რეინტეგრაციის საკითხებში

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა: „ხდება სანქციის მოდიფიცირება. რა ხელს გვაძლევდა, რომ ასეთი

მკაცრი სანქცია არსებობდა? ყველა უცხოელ მოაქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს ვსვამდით ციხეში, რომელთა უმრავლესობა იყო აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანი. განრიდება არცერთი მათგანის მიმართ არ განხორციელებულა“.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებას წინ საკანონმდებლო ცვლილების ოთხდღიანი განხილვა უძღოდა. საპარლამენტო უმცირესობის მტკიცებით, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განრიდების მექანიზმს გვთავაზობს, სისხლის სამართლებრივი სანქციის ადმინისტრაციული სანქციით ჩანაცვლების აუცილებლობა არ არსებობს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ვაშაძემ 2013 წლის  15 მაისს, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: „თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინმეს შეეშალა და შემთხვევით გადმოკვეთა საზღვარი, ამისთვის არსებობს პროკურორის დისკრეცია და დღესაც შეიძლება ავარიდოთ ადამიანებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“.

ქეთევან ციხელაშვილის მტკიცებით, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, განრიდების მექანიზმი [სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე პრიმა მუხლის  მიმართ] არასდროს გამოუყენებიათ.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება ქეთევან ციხელაშვილის განცხადება, განრიდების მექანიზმის გამოუყენებლობის შესახებ, სიმართლეს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე პრიმა მუხლის თანახმად, განრიდება პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომლის საფუძველზეც პროკურორს შეუძლია შეწყვიტოს ან არ დაიწყოს პირის სისხლის სამართლებრივი დევნა. სანაცვლოდ, პირმა უნდა შეასრულოს ჩამოთვლილ ქმედებათაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე: სახელმწიფოს უნდა გადასცეს უკანონოდ მოპოვებული ქონება, დანაშაულის იარაღი ან სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტი; აანაზღაუროს მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი; სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს თანხა, მინიმუმ 500 ლარის ოდენობით; შეასრულოს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო 40 საათიდან 400 საათამდე.

განრიდება ქართული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისთვის ახალი მექანიზმია, ის 2011 წლის 21 ივნისს ამოქმედდა. განრიდების შეთავაზება წერილობით ხდება და მისი პირობების შესრულება ნებაყოფლობითია. ამრიგად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული განრიდების მექანიზმის გამოყენება შესაძლებელია, ასევე, იმ პირების მიმართ, ვინც დაარღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. თუმცა, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, პროკურორს მსგავს შემთხვევებში დისკრეციული უფლებამოსილება არასდროს გამოუყენებია.

ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად, ფაქტ-მეტრმა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს მიმართა და საჯარო ინფორმაცია მოითხოვა. ჩვენ დავინტერესდით, განრიდების ამოქმედებიდან 2013 წლის 1 მაისამდე იყო თუ არა გამოყენებული ეს მექანიზმი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე პრიმა მუხლის მიმართ. მთავარი პროკურატურისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დროის მოცემულ პერიოდში, უცხოელის ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების დარღვევისთვის, პროკურორის მიერ განრიდების გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

მიუხედავად იმისა, რომ ქეთევან ციხელაშვილის განცხადება განრიდების გამოუყენებლობასთან დაკავშირებით სიმართლეს შეესაბამება, ამ საკითხზე განსხვავებული იყო დისკუსიის ერთიანი კონტექსტი. უმცირესობის დეპუტატის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შეცვლის გარეშეც, შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდება და ის ფაქტი, რომ განრიდების მექანიზმის გამოყენების პრაქტიკა ჯერ არ გვაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ განრიდება სასჯელის შემსუბუქების ალტერნატივა არ არის. თეორიულად, განრიდების სახით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აცილების მექანიზმი დღესაც არსებობს. პრობლემურია ის ფაქტი, რომ განრიდების შემთხვევაში, სასჯელის შემსუბუქება დამოკიდებულია პროკურორის ნებაზე, ხოლო ადმინისტრაციული სანქციის შემოღების შემთხვევაში, ხდება ნებისმიერ შემთხვევაში.

დასკვნა

საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განრიდების ამოქმედების დღიდან, ეს მექანიზმი სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე პრიმა მუხლის მიმართ არასდროს გამოუყენებიათ. მიუხედავად ამისა, მექანიზმის პრაქტიკაში გამოუყენებლობა იმას არ ნიშნავს, რომ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება არ არსებობს. განრიდების გამოყენება 322-ე პრიმა მუხლის მიმართ შესაძლებელია საპროცესო კოდექსის თანახმად. ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგება.

შესაბამისად, ქეთევან ციხელაშვილის განცხადება: „ყველა უცხოელ მოაქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს ვსვამდით ციხეში, რომელთა უმრავლესობა იყო აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანი. განრიდება არცერთი მათგანის მიმართ არ განხორციელებულა“, არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი