„რუსთავი 2“-ის ეთერში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა: "

დააანონსეს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაში დახარჯავდნენ 8 მილიარდს. როგორ დავიჯერო ეს, როცა ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ ხარჯავდნენ 200-300 მილიონს".

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2017 წლის საქართველოს ბიუჯეტის კანონის

მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჯამში 10 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც შეესაბამება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას ინფრასტრუქტურის განვითარებაზე განსაკუთრებული ზრუნვის შესახებ. 4 წლიან პროგნოზზე დაყრდნობით, 1 294 მლნ საკანალიზაციო სისტემების მართვას; 1 226 მლნ იმერეთის რეგიონულ განვითარებას; 1 014 მლნ შიდასახელმწიფოებრივ გზებს; 838 მლნ კახეთის რეგიონულ განვითარებას; 693 მლნ კი ქუთაისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტს დაეთმობა. 2017-2020 წლებში თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთების რეკონსტრუქცია-მშენებლობაზე 431 მლნ, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალის დაფინანსებაზე კი 104 მლნ ლარი დაიხარჯება.

ცხრილი 1:

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები 2017-2020 წლებში (მლნ ლარი)

1 საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტი (SIDA) 1 294
2 რეგიონალური განვითარების პროექტი II (იმერეთი) (WB) 1 227
3 შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი (WB) 1 015
4 რეგიონალური განვითარების პროექტი I ნაწილი (კახეთი) (WB) 838
5 ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი (EU, KfW) 694
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მომდევნო 4 წლის (2017-2020) განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა წინა 4 წლის (2013-2016) მაჩვენებელს საგრძნობლად აჭარბებს. გარდა ამისა, თითქმის ყოველი გასული წლისთვის (გარდა 2013 წლისა), ბიუჯეტით, ინფრასტრუქტურაზე დასახარჯი წინასწარ განსაზღვრული თანხობრივი მონაცემი ამავე წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ვადისთვის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი ბოლომდე ვერ სრულდებოდა. გასული 4 წლის განმავლობაში კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მთავრობამ ჯამში 4 188 მლნ დახარჯა.

  ცხრილი 2:

განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები 2012-2016 წლებში (მლნ ლარი)

წელი პროექტი ფაქტი
2012 - 1 125
2013 1 039 1 076
2014 1 138 918
2015 1 027 1 017
2016 1 206 1 175
2017 1 557 -
ჯამი, 2013-2016 წლები 4 412 4 188
წყარო: საქართველოს ფინანასთა სამინისტრო  

მეტი სიცხადისთვის, როგორც აღვნიშნეთ, 2016 წელს კაპიტალურ პროექტებზე საქართველოს მთავრობამ 1 175 მლნ ლარი დახარჯა, საიდანაც 120-120 მლნ ლარი ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესებასა და წყალმომარაგებას, 112 მლნ საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, 85 მლნ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაციას, 63 მლნ კი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ განვითარებას მოხმარდა.

ცხრილი 3: 2016

წელს განხორციელებული კაპიტალური ინფრასტრუქტურული პროექტები (მლნ ლარი)

1 მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა (ADB) 120
2 ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (ADB) 120
3 საავტომობილო გზების რეაბილიტაცია 112
4

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის

მოდერნიზაცია-მშენებლობა (EIB, EU)
85
5 საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარება 63
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო   დასკვნა

სერგი კაპანაძის განცხადების გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრმა საქართველოს 2017 წლის კაპიტალური პროექტების შესახებ ბიუჯეტის კანონის თანდართული დოკუმენტი გააანალიზა. დოკუმენტის შესწავლისას დავადგინეთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე ჯამში დაახლოებით 10 მლრდ ლარს დახარჯავს, რაც დეპუტატის მიერ დასახელებულ მონაცემს აღემატება. 2016 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 1 მლრდ 156 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო 2013-2016 წლებში ინფრასტრუქტურაზე დახარჯული ჯამური თანხა 4 მლრდ 188 მლნ ლარია - წელიწადში საშუალოდ მილიარდი ლარი, და არა 200-300 მლნ ლარი.

საქართველოს მთავრობის მიერ 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასახარჯი თანხის ოდენობა წინა წლების ანალოგიურ მონაცემებს აღემატება: 2017-2020 წლებში გამოყოფილი თანხა (10 მლრდ) 2013-2016 წლებში იმავე მიმართულებით დახარჯულ თანხაზე 2.5-ჯერ მეტია. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წლებში გამოყოფილი თანხების ათვისებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდა, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებთან დაკავშირებით კითხვები მართლაც ჩნდება და ამ მხრივ სერგი კაპანაძის განცხადების კონტექსტი მართებულია. თუმცა, საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად მას არაზუსტი მონაცემები მოჰყავს, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებთნ დაკავშირებული რეალური სურათისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგი კაპანაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი