მიმდინარე წლის 3 იანვარს, რომან გოცირიძემ საკუთარი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით განაცხადა,

რომ სახელმწიფოს მიერ ხაზინის ანგარიშზე არსებული ნაშთები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორი მილიარდიდან 558 მილიონ ლარამდე შემცირდა და ხაზინის ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არის გასესხებული კომერციულ ბანკებზე.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის

თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი არის შესაბამის საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრები. სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი შესაძლებელია მოიცავდეს მიზნობრივი საინვესტიციო პროექტებისთვის გათვალისწინებულ ფულად სახსრებს, რომელთა გახარჯვაც ვერ მოხერხდა შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში და თავისუფალ ნაშთს, რომელიც მოიცავს იმ ფულად სახსრებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული კონკრეტული მიზნებისთვის.

სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე ნაშთების დაგროვება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბიუჯეტის შემოსულობები საანგარიშო პერიოდში გაწეულ ხარჯებს აღემატება. აღნიშნული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთზე გროვდება და მისი დახარჯვა ხდება მომდევნო საანგარიშო პერიოდში, შესრულებული სამუშაოს დასრულებისთანავე.

2017

წლის დასაწყისში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ნაშთის სახით 704 მილიონი ლარი იყო განთავსებული, საიდანაც 703.5 მილიონი თავისუფალი ნაშთი, ხოლო 601 ათასი ლარი მიზნობრივი საინვესტიციო პროექტებისთვის გათვალისწინებული ფულადი სახსრები იყო.

2017 წლის დეკემბრის დასაწყისში სახელმწიფო ხაზინაში ბიუჯეტის ნაშთმა 1 129 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2018 წლის დასაწყისში

  სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე არსებული ნაშთი 558 მილიონ ლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთების განთავსებას კომერციული ბანკების დეპოზიტებზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2017 წლის ივლისიდან, სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ფულადი სახსრების ეფექტური მართვისა და დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით, სახელმწიფო ხაზინამ ნაშთზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში განთავსება დაიწყო. კომერციულ ბანკებში დეპოზიტების განთავსება ხდება აუქციონის საფუძველზე, სამ თვიანი ვადით და განთავსებულ დეპოზიტებზე ხდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა.

2017 წლის ივლისიდან დღემდე სულ 19 აუქციონი ჩატარდა, ბოლოს სახელმწიფო ხაზინიდან კომერციულ ბანკებში დეპოზიტების განთავსება 2017 წლის 28 ნოემბერს განხორციელდა, განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 20 მილიონი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის

 თანახმად, 2017 წლის პირველი დეკემბრისთვის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კომერციულ ბანკებში განთავსებულმა დეპოზიტებმა 470 მილიონი ლარი შეადგინა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ დეკემბერში კომერციულ ბანკებში მთავრობის დეპოზიტების განთავსება არ მომხდარა, შესაბამისად, რომან გოცირიძის განცხადება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი სრულად განთავსდა კომერციული ბანკის დეპოზიტებზე სიმართლეს არ შეესაბამება.

ასევე მცდარია განცხადება იმის თაობაზე, რომ წინა მთავრობამ ნაშთის სახით 2 მილიარდი ლარი დატოვა. მთავრობა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვალა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის

  მდგომარეობით ხაზინის ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის სახით 368.4 მილიონი ლარი იყო განთავსებული და არა 2 მილიარდი, როგორც დეპუტატი აცხადებს. 2012 წლის ნოემბრის დასაწყისში ნაშთი 291 მილიონ ლარამდე შემცირდა, ხოლო 2013 წლის დასაწყისისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 332 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფაქტ-მეტრმა სრული სურათის შესაქმნელად ასევე გადაამოწმა, თუ როგორ შეიცვალა ნაერთი ბიუჯეტის ნაშთი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული ნაშთის მოცულობამ 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წელს ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული ნაშთი, ადგილობრივი ბიუჯეტის ნაშთების (დაახლოებით 500 მლნ) ჩათვლით, 1.8 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც  915.8 მილიონი კომერციულ ბანკებში დეპოზიტების სახით არის განთავსებული, ხოლო დარჩენილი 977.8 მილიონი ლარი ხაზინის ერთიან ანგარიშზე ირიცხება. 2013 წლის პირველი იანვრისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის ნაშთები ხაზინის ანგარიშზე არ აღირიცხებოდა (

კომერციულ ბანკებში იყო განთავსებული თავად ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ). ამიტომ, ახლანდელი ნაშთის - 1.8 მილიარდი ლარი, 2013 წლის პირველი იანვრის ნაშთზე შედარება, რთულია. სავარაუდოდ, ადგილობრივი ბიუჯეტების ნაშთის ჩათვლით, 2013 წლის პირველ იანვარს ნაშთი 1.5-1.6 მილარდი ლარი იქნებოდა.

დასკვნა

მიმდინარე წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთზე არსებული ფულადი სახსრები მართლაც შემცირად 558 მილიონ ლარამდე, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის დეკემბერში ფულადი სახსრების კომერციულ დეპოზიტებზე განთავსება არ მომხდარა. ამასთან, ნაშთის დაგროვება და შემცირება ჩვეულებრივი მოვლენაა, მთავარია აღნიშნულმა ხელი არ შეუწყოს ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას და უარყოფითად არ იმოქმედოს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.

აგრეთვე, დეპუტატი ცდება, როდესაც აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ ნაშთის სახით ორი მილიარდი ლარი დატოვა. 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთი 368.4 მილიონ ლარს შეადგენდა და არა ორ მილიარდს.

რომან გოცირიძე „ორ მილიარდში“, სავარაუდოდ, ნაერთი ბიუჯეტის ნაშთს გულისხმობდა. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, 2017 წლის ბოლოსაც ნაერთი ბიუჯეტის ნაშთი უნდა ვნახოთ და ის არა 558 მლნ ლარი, არამედ 1.9 მილიარდი ლარია, საიდანაც 915.8 მილიონი კომერციულ ბანკებში დეპოზიტების სახით არის განთავსებული, ხოლო დარჩენილი 977.8 მილიონი ლარი ხაზინის ერთიან ანგარიშზე ირიცხება. შესაბამისად, პოლიტიკოსი 2012 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯს ადარებს 2017 წლის სახელმწიფო ბიუეტის ნაშთს, რაც არასწორია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი