საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის 54-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხზე ისაუბრა და განაცხადა:

„საკმარისია ვახსენოთ, რომ საქართველომ, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის თანახმად, 104-ე ადგილიდან (2012 წელი) გადაინაცვლა 64-ე ადგილზე; გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, 137 ადგილიდან 48-ე ადგილზეა; ასევე, 74 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია, გადაინაცვლა რა 120-ე ადგილიდან 46-ე ადგილზე საკუთრების უფლების კატეგორიაში“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

პრესის თავისუფლების ხარისხს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში რამდენიმე ორგანიზაცია იკვლევს და ყოველწლიურ ანგარიშებს აქვეყნებს. მათ შორის, ყველაზე უფრო სანდო ორგანიზაციებს მიეკუთვნებიან ამერიკული Freedom House და საფრანგეთში მდებარე გაეროს ეგიდის მქონე ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (Reporters Without Borders). Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაქსიმალური 100 ქულიდან 50 ქულა აქვს მინიჭებული, რაც ნაწილობრივ/ნახევრად თავისუფალ მედია გარემოს ნიშნავს. მეთოდოლოგიის მიხედვით, 100 ქულიდან, რაც უფრო მაღალი ქულა აქვს ქვეყანას პრესის თავისუფლების ინდექსში, მით უფრო დაბალია პრესის თავისუფლების ხარისხი. მაგალითად, 2017 წლის მონაცემებით, პრესის თავისუფლების კუთხით ყველაზე უკეთესი შედეგი აქვს ნორვეგიას და 8 ქულა აქვს მინიჭებული, ხოლო ყველაზე უარესი ჩრდილოეთ კორეას - 85 ქულა. საქართველოს მსგავსი შედეგები

კი ალბანეთს, კოტ-დ’ივუარს, ნიგერიას, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ლესოტოს სამეფოსა და ჰაიტის აქვთ.

რაც შეეხება მსოფლიოს რანჟირებულ მონაცემებს,

საქართველოს 199 ქვეყნიდან 102-ე ადგილი უკავია. გასულ წლებში, საქართველოს საშუალო ქულა და რანჟირებაში ადგილი რამდენადმე იცვლებოდა, თუ 2013 და 2014 წელს ქულა წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა, 2014 წლიდან პრესის თავისუფლების ხარისხის შეფასების ქულა უარესდება (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1:

დამოუკიდებელი მედიის ინდექსი საქართველოში, 2012-2017 წლები

წელი 2012 2013 2014 2015 2016 2017
ზოგადი საშუალო ქულა 52 49 47 48 49 50
მდებარეობა რეიტინგში (197-199 ქვეყნიდან) 111-ე ადგილი 96-ე ადგილი 93-ე ადგილი 93-ე ადგილი 96-ე ადგილი 102-ე ადგილი
წყარო: Freedom House

Reporters Without Borders-ის მონაცემებით, 2017

წელს საქართველოს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, პრესის თავისუფლების ინდექსში 27.76 ქულით 64-ე ადგილი უკავია. 2015 წელს საქართველო 69-ე, ხოლო 2016 წელს, 2017-ის მსგავსად, 64-ე ადგილზე იყო. Freedom House-ის მეთოდოლოგიის მსგავსად, Reporters-ის მეთოდოლოგიის შემთხვევაშიც, რაც უფრო დაბალი ქულა აქვს ქვეყანას მინიჭებული, მით უფრო მაღალია პრესის თავისუფლების ხარისხი ქვეყანაში.

ცხრილი 2:

მედიის თავისუფლების ინდექსი საქართველოში, 2012-2017 წლები

წელი 2012 2013 2014 2015 2016 2017
საშუალო ქულა 38 30.09 29.78 27.70 27.96 27.76
მდებარეობა რეიტინგში (180 ქვეყნიდან) 105-ეადგილი მე-100 ადგილი 84-ე ადგილი 69-ე ადგილი 64-ე ადგილი 64-ე ადგილი
წყარო: Reporters Without Borders

მედიის თავისუფლების ინდექსებსა და მათი გაუარესების მიზეზებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (იხილეთ სტატია 1; სტატია 2; სტატია 3). გლობალური კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლებს ყოველწლიურად შვეიცარიული ორგანიზაცია „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ (World Economic Forum WEF) აქვეყნებს. 2017-2018 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო საშუალო 4.28 ქულით, მსოფლიოს 137 სახელმწიფოს შორის 67-ე ადგილს იკავებს (რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო კონკურენტუნარიანია ქვეყანა). საქართველოს მსგავსი შედეგები აქვს იორდანიას, კოლუმბიას, რუმინეთსა და ირანს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით (2016-2017 წლის ანგარიში) საქართველოს პოზიცია რანგირებაში 8 ადგილით გაუარესდა - გასულ წელს გლობალური კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლით ქვეყანა 59-ე ადგილს იკავებდა 4.32 ქულით. რაც შეეხება 2012 წელს,

მსოფლიოს 144 სახელმწიფოდან საქართველო 4.07 ქულით 77-ე ადგილს იკავებდა (იხ. ცხრილი 3).

  ცხრილი 3:

საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2012-2017 წლებში

წელი 2012 2013 2014 2015 2016 2017
საშუალო ქულა 4.07 4.15 4.22 4.22 4.32 4.28
მდებარეობა რეიტინგში 77-ე ადგილი 72-ე ადგილი 69-ე ადგილი 66-ე ადგილი 59-ე ადგილი 67-ე ადგილი
წყარო: World Economic Forum

აღსანიშნავია, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი საქართველოს შემთხვევაში 7 წლის მანძილზე პორველად 2017 წელს გაუარესდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). საკუთრების უფლების შესახებ ინფორმაციას „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ იგივე ანგარიშებში აქვეყნებს. 2017-2018 წლის ანგარიშის მიხედვით,

საქართველო 4.7 ქულით 46-ე ადგილს იკავებს. იგივე მაჩვენებელში, 2012 წელს საქართველო 3.1 ქულით 131-ე ადგილზე იყო. 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ისევე, როგორც გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, საკუთრების უფლების ინდექსიც გაუარესდა და საქართველომ 3 პოზიციით ქვემოთ ჩაინაცვლა (იხ. ცხრილი 4).

  ცხრილი 4:

საკუთრების უფლება საქართველოში, 2012-2017 წლები

წელი 2012 2013 2014 2015 2016 2017
საშუალო ქულა 3.1 3.4 3.9 4.3 4.8 4.7
მდებარეობა რეიტინგში 131-ე ადგილი 120-ე ადგილი 85-ე ადგილი 58-ე ადგილი 43-ე ადგილი 46-ე ადგილი
წყარო: World Economic Forum  

დასკვნა 2017 წელს, მედიის თავისუფლების ხარისხში, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსსა და საკუთრების უფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა მსოფლიოს რანჟირებულ სიებში 2012 წელთან მიმართებით გაუმჯობესდა. Freedom House-

ის მიხედვით, 2012 წელს მედიის თავისუფლების ხარისხი საქართველოში 52 ქულით შეფასდა, რაც ნახევრად თავისუფალ კატეგორიას განეკუთვნება, იგივე მაჩვენებელი 2017 წელს უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაუმჯობესდა და 50 ქულით შეფასდა, თუმცა, საქართველოს მედია გარემო, კვლავ, ნაწილობრივ თავისუფალთა კატეგორიაში გადის. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ Freedom House-ის მიხედვით, 2012 წელთან მიმართებით, 2013 წელს მდგომარეობა  გაუმჯობესდა, თუმცა, ამის შემდგომ, ყოველ წელს პრესის თავისუფლების ხარისხში მონაცემები უარესდება. როდესაც პრესის თავისუფლების ინდექსზე საუბრობს, პრემიერ-მინისტრი, აშკარად, ეყრდნობა ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ (Reporters Without Borders) მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველომ მედიის დამოუკიდებლობის ხარისხით 105-ე ადგილიდან (2012 წელი) 64-ე ადგილზე გადაინაცვლა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Freedom House-ისგან განსხვავებით, Reporters Without Borders-ი რანჟირებას არა 199, არამედ 180 ქვეყნისთვის გვთავაზობს.

რაც შეეხება გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს, საქართველო 137 სახელმწიფოდან არა 48-ე ადგილზე, არამედ 4.28 ქულით 67-ე ადგილზეა, რაც წინა წლის მონაცემებთან მიმართებით 8 პოზიციით დაქვეითებას ნიშნავს. საკუთრების უფლების მონაცემები 2012 წელთან მიმართებით საქართველომ შესამჩნევად გაიუმჯობესა, თუ 2012 წელს რანჟირებაში იგი 131-ე ადგილზე იყო, 2017 წელს 4.7 ქულით 64-ე ადგილზეა, თუმცა 2016 წელთან მიმართებით ეს მაჩვენებელიც გაუარესებულია.

პრემიერ-მინისტრი საუბრობს გაუმჯობესებულ მონაცემებზე 2012 წელთან მიმართებით, რაც სიმართლეა, თუმცა არ აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით 2017 წელს, მონაცემები წინა წელთან მიმართებით, ძირითადად, უარესობისკენ შეიცვალა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი