ვერქდიქტი: მამუკა ბახტაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.   რეზიუმე: 2012-2017

წლებში, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების მშპ-თან შეფარდების მაჩვენებელი ცვალებადი ტენდენციით ხასიათდებოდა. 2016 წელს მონაცემმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 26.8% გახდა. გასულ წელს მაჩვენებელი 25.4%-მდე შემცირდა. 2018 წლის ბიუჯეტის პროგნოზით კი 23.5%-მდე დაიკლებს. ამდენად, მამუკა ბახტაძის განცხადებაში მიმდინარე ხარჯების შემცირებაზე სწორი აქცენტია დასმული, თუმცა, წლიური მონაცემები მართებულად დასახელებული არ არის.

ფინანსთა მინისტრი ხარჯების შემცირების ტენდენციასთან ერთად, მთავრობის ზომის კლებაზე აკეთებს აქცენტს. მთავრობის ზომის სიდიდის შესაფასებლად ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობა უნდა გამოვიყენოთ, რადგან მისი მეშვეობით მთავრობის ხარჯვითი საქმიანობის სრულყოფილი შეფასებაა შესაძლებელი. ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელები ბიუჯეტის ხარჯთან ერთად ფინანსური და არაფინანსური აქტივების ცვლილების მუხლებსაც აერთიანებს. 2013-2017 წლებში, საქართველოში, მთავრობის ზომა იზრდებოდა. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მაჩვენებელი 0.5% პუნქტით უნდა შემცირდეს. აღნიშნული კლება, ბიუჯეტის პროგნოზის შენარჩუნების ან გაუმჯობესების შემთხვევაში, პოზიტიური ტენდენციის გამომხატველი იქნება.

  ანალიზი მიმდინარე წლის 16 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა,

რომ მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26%-დან შემცირდა 24.6%-მდე, 2018 წელს კი გათვალისწინებულია 23.9%-მდე შემცირება. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის ზომის შემცირება კარგი ტენდენციაა და ეს ტრენდი გაგრძელდება.

ეკონომიკური თეორიის მიხედვით, მთავრობის მიერ დახარჯული თანხის სიდიდის შეფარდება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობას - მთავრობის ზომას გამოსახავს. გაზრდილი მთავრობის ზომის შემთხვევაში ნაკლები ადგილი რჩება კერძო ინიციატივისთვის, რაც გრძელვადიან პერიოდში ქვეყანაში დოვლათის დაგროვებაზე ნეგატიურად მოქმედებს.

საქართველოს მთავრობის მიერ დახარჯული ან დასახარჯი თანხის მოცულობა ქვეყნის კონსოლიდირებულ, ნაერთ ბიუჯეტშია წარმოდგენილი. ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებს აერთიანებს.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში (2012-2018 წლები) საბიუჯეტო ხარჯები იზრდებოდა. გამონაკლისი იქნება 2018 წელი. ქვეყნის ძირითადი მიმართულებებისა და მონაცემების დოკუმენტში

მითითებულია, რომ 2018 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯი შემცირდება და 9 555 მლნ ლარი გახდება. აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო ხარჯების პროგნოზული მოცულობა ფაქტობრივი შესრულების ტენდენციის გათვალისწინებით იცვლება. ამდენად, სავარაუდოა, რომ წლის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი დადებითად ან უარყოფითად დაკორექტირდება.

ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებში ჩაშლილია საქართველოს ადმინისტრაციული ხარჯი, საშინაო და საგარეო ვალზე გადასახდელი წლიური პროცენტი, სუბსიდიების, გრანტების, ძირითადი კაპიტალის მოხმარებისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის (ჯანდაცვა, პენსიები) გამოყოფილი თანხები, ასევე, სხვა ხარჯები, რაშიც ინფრასტრუქტურული განვითარებისა და განათლებისთვის გამოყოფილი თანხები ერთიანდება. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების სიდიდის გასაზომად, მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ მის შეფარდებას მშპ-თან მიმართებით. ეს შეფარდება, ერთი მხრივ, რეალურად დაგვანახებს ხარჯების ცვლილების ტენდენციას, ხოლო,  მეორე მხრივ, გამოკვეთს ეკონომიკაში მთავრობის მონაწილეობის ზომას.

აღნიშნულ მონაცემს, საანგარიშო პერიოდში, გამოკვეთილი ტენდენცია არ ჰქონია. 2012-2014 წლებში 24.8%-დან 26.5%-მდე გაიზარდა, 2015 წელს 0.7% პუნქტით შემცირდა, 2016 წლისთვის კი ზრდის ტენდენცია განაახლა. გასული წელს მონაცემმა დაიკლო და 25.4% გახდა. კლების ტენდენცია გაგრძელდება 2018 წლის პროგნოზითაც. მიმდინარე წლის ბოლოს, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 23.5% უნდა გახდეს.

  ცხრილი 1:

ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების სტატისტიკა 2012-2018 წლებში (მლნ დოლარი, %)

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018
ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელები 8 475 8 659 9 656 10 612 11 494 13 003 13 666
ნაერთი ბიუჯეტის ხარჯი 6 495 6 723 7 730 8 180 9 126 9 664 9 555
მშპ 26 167 26 847 29 150 31 755 34 028 38 042 40 575
ნაერთი ბიუჯეტის ხარჯი (%) 24.8% 25.0% 26.5% 25.8% 26.8% 25.4% 23.5%
მთავრობის ზომა (%) 32.4% 32.3% 33.1% 33.4% 33.8% 34.2% 33.7%
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქსტატი

მოცემულ განცხადებაში, მამუკა ბახტაძე, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებს მთავრობის ზომასთან კავშირში განიხილავს და ამ მაჩვენებლის შემცირების ტენდენციაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ზომის სიდიდე ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების მშპ-თან შეფარდებით დგინდება. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯი გადასახდელების მუხლის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მას სრულად არ ფარავს. გადასახდელების მუხლი, ასევე, აერთიანებს ფინანსური და არაფინანსური აქტივების ცვლილებასაც. ფინანსური აქტივების ცვლილება სახელმწიფოს მხრიდან დეპოზიტების, გაცემული სესხების ან ფასიანი ქაღალდების ცვლილებას აერთიანებს. არაფინანსურ აქტივებში კი ბიუჯეტის კაპიტალური, ინფრასტრუქტურული ხარჯები ერთიანდება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყანაში დახარჯულ თანხას ბიუჯეტის გადასახდელების მუხლი აღწერს.

2012-2017 წლებში, საქართველოში, სახელმწიფოს ზომა მუდმივად იზრდებოდა, მხოლოდ, 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, მონაცემმა მცირედით დაიკლო და 32.3% გახდა. 2018 წლის გეგმის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელები 13 666 მლნ ლარს შეადგენს, რაც ქვეყნის ეკონომიკის 33.7% იქნება. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაში დახარჯული ყოველი 100 ლარიდან 34-ს საქართველოს მთავრობა დახარჯავს. ეს მაჩვენებელი 2017 წლის მონაცემს 0.5% პუნქტით ჩამოუვარდება, რაც პოზიტიურ ტენდენციას აჩვენებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდეს და საანგარიშო პერიოდის ბოლოს უარყოფითად არ შეიცვალოს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია