უსაფრთხო სასკოლო გარემო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს პრობლემატური საკითხია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ფართო გაგებით, უსაფრთხო სკოლის კონცეფცია მოსწავლეებისა და პერსონალის, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ - ემოციურ უსაფრთხოებას გულისხმობს. ფიზიკური უსაფრთხოების ნაწილი აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა სკოლის ინფრასტრუქტურული მოწყობა, ჯანსაღი კვება, უცხო პირების სასკოლო ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების საკითხი, მოსწავლის ან/და სკოლის პერსონალის მხრიდან სხვა მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის გამოვლინების პრევენცია, კატაკლიზმებთან და საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული რუტინები და სხვა წინასწარი ზომები, რომლებიც შემხებლობაშია მოსწავლეების ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. რაც შეეხება ემოციურ უსაფრთხოებას, იგი აერთიანებს ყველა სახის ძალადობის აღმოფხვრას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების ფსიქოლოგიურ დათრგუნვას, არაჯანსაღი სასკოლო პროცესების განვითარებას და დაძაბული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას.

წინამდებარე სტატიაში, ყურადღება სწორედ ამ უკანასკნელზე, სკოლებში ემოციური უსაფრთხოების საკითხზე მახვილდება.

ემოციური უსაფრთხოების ნაწილში, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია მოსწავლეების მხრიდან ერთმანეთის დაშინების მავნე პრაქტიკა ე.წ. ბულინგი. ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიხედვით, ბულინგი (ინგ. Bullying; ქართ. დაშინება) არის ძალადობრივი ხასიათის აგრესიული ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს დაუმორჩილოს ადრესატი რეალურ ან/და წარმოსახვით ძალაუფლებას. ბულინგი, როგორც წესი, პოტენციურად განმეორებადი ქცევაა. იმავე დეპარტამენტზე დაყრდნობით, ბულინგი განსაკუთრებით ხშირად ვლინდება სკოლის მოზარდებში, შესაბამისად, მისი განხორციელების ადგილი, ძირითადად, სკოლაა. არსებობს ბულინგის ოთხი განსხვავებული კატეგორია: ვერბალური, სოციალური, ფიზიკური და კიბერ ბულინგი, რომლებიც, თავის მხრივ, აერთიანებენ დაშინების მრავალფეროვან მეთოდებს. დასავლეთის წარმატებული დემოკრატიების ქვეყნებმა დიდი ხანია აღიარეს ბულინგი, როგორც უსაფრთხო სკოლის მთავარი გამოწვევა და პრობლემა.

ბულინგის თემით, საქართველოს განათლების სამინისტრო 2015 წელს დაინტერესდა. სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურმა“ ბულინგის შემთხვევათა სტატისტიკის წარმოება სწორედ 2015 წლიდან დაიწყო და არსებული ინფორმაციით, 2018 წლამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაფიქსირებულია ბულინგის 474 შემთხვევა (იხ. ცხრილი 1). აღრიცხვის სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ 2015 წლიდან, თითქმის ყოველ წელს იზრდება ბულინგის შემთხვევები. კატეგორიებად დაყოფილი ბულინგის სტატისტიკა, სამწუხაროდ, არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად, არ ვიცით საქართველოს სკოლებში როგორი სახის ძალადობა ჭარბობს მოსწავლეებს შორის.

ცხრილი 1: 2015-2018 წლებში საქართველოს სკოლებში დაშინების/ბულინგის შემთხვევები მოსწავლეებში

წელი

2015

2016

2017

2018

ბულინგის შემთხვევა

71

109

189

105

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბულინგის შემთხვევების სტატისტიკას სკოლებში მანდატურის სამსახური აწარმოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით არ აღირიცხება. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 2 312 სკოლაა, მათგან 2 085 საჯარო, ხოლო 227 კერძო სკოლაა. 2019 წლისთვის 1 312 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, მხოლოდ 486 საჯარო სკოლაში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ძალადობის შემთხვევებს მანდატურები საჯარო სკოლების მხოლოდ 23%-ში აღრიცხავენ, სკოლების საერთო რაოდენობისთვის კი ეს 21%-ია. ამ მიმართულებით რა ვითარებაა სკოლების 79%-ში, სამწუხაროდ, ამის შესახებ განათლების სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს. კიდევ ერთი პრობლემა ბულინგის აღრიცხვის შემთხვევაში შეიძლება იყოს ე.წ. მიმართვიანობის საკითხი. ხშირად, ბულინგის ხასიათიდან გამომდინარე, მისი გარე თვალისგან შემჩნევა საკმაოდ რთულია, ბულინგის მსხვერპლი კი, როგორც წესი, გაჩუმებას ამჯობინებს. ბულინგის პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება სკოლის ფსიქოლოგთა ჩართულობაა, რასაც საქართველოს სკოლები მოკლებულნი არიან.

რაც შეეხება მიმდინარე სასწავლო წლის დარღვევების სტატისტიკას, რომელიც, აგრეთვე მანდატურების მიერ, საქართველოს სკოლების 21%-ში აღირიცხება, მოსწავლეების მხრიდან ყველაზე ხშირ დარღვევად გაკვეთილიდან გაპარვა ფიქსირდება, საკმაოდ მაღალია გაკვეთილის ჩაშლის ან/და ჩაშლის მცდელობის შემთხვევები, აგრეთვე, არაეთიკური ქმედების და თამბაქოს მოხმარების შემთხვევები.

ცხრილი 2: 2018-2019 (აპრილის თვის ჩათვლით) წლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ დაფიქსირებული დარღვევები

N

დარღვევის ტიპი

2018 წელი (იანვარი-დეკემბერი)

2019 წელი (იანვარი-აპრილი)

1

გაკვეთილიდან გაპარვა

10 716

4 229

2

ალკოჰოლის მოხმარება მოსწავლის მიერ

26

7

3

არაეთიკური ქმედება

1 250

566

4

თამბაქოს მოხმარება

1 648

329

5

თანხის შეგროვება მოსწავლის მიერ

5

1

6

მაღალი რისკის შემცველი საგნები (დანა, ბასრი საგანი, კასტეტი, ცეცხლსასროლი/ პნევმატური იარაღი)

143

52

7

გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა მოსწავლის მიერ

6 506

2 486

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ინფორმაციისთვის, 2019 წლის განათლების სამინისტროს ბიუჯეტში უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფისთვის 15 259 000 ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ წლიდან-წლამდე აღნიშნული ბიუჯეტი იზრდებოდა (იხ. ცხრილი 3) და 2019 წლისთვის, ჯერჯერობით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ცხრილი 3: 2013-2018 წლებში, განათლების ბიუჯეტიდან უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები

წელი

2013

2014

2015

2016

2017

2018

თანხა

ათას ლარებში

9 893 360

10 718 760

11 245 960

11 912 030

12 518 600

12 770 000

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია