იტვირთება

საქართველოში არაერთი მასწავლებლისა და მოსწავლისთვის დისტანციური სწავლება კვლავ გამოწვევად რჩება.„ფაქტ-მეტრმა“იმ პრობლემებზე, რომელთა შესახებაც მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები საუბრობენ, არაერთხელ დაწერა. ძირითადად, ეს ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას, ასევე მათი გამოყენებისთვის საჭირო უნარებს ეხება.

ჩვენ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ინფორმაცია, დისტანციურ სწავლებაზე სკოლის მოსწავლეების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს განხორციელებული აქტივობებისა და ამ მიმართულებით გაწეული ხარჯების შესახებ, ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

მიღებული პასუხი იმით იწყება, რაც საყოველთაოდ ცნობილია: საქართველოს მეცნიერების, განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში ეხმარება. ასევე, 2020 წლის 30 მარტიდან, პირველ არხზე დაიწყო პროექტი ,,ტელესკოლა", რომელიც ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას. ,,ტელესკოლა" დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატია, რომელიც მოსწავლეებს, მიუხედავად იმისა, აქვს, თუ - არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, თვალი ადევნოს I-XII კლასების გაკვეთილებს ყველა აუცილებელ საგანში.

რეგიონის განათლების სამინისტროს პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მეშვეობით, შექმნა Microsoft Office 365-ის სამომხმარებლო ანგარიში საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლისთვის. Microsoft TEAMS-ის პლატფორმაზე ყველა სკოლის კლასებისთვის ვირტუალური საკლასო ოთახი გამოიყო.

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები შეიქმნა, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ექსპერტები (ტექნოლოგიების მიმართულებით), მასწავლებლებს დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან. შემუშავდა სპეციალური რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზე მშობელი დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში ბავშვის ჩართულობას უზრუნველყოფს. მასწავლებლები კი მშობლებს, მუდმივი კომუნიკაციის გზით, დისტანციური საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 229 საჯარო და 24 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. ისინი დისტანციური სწავლებისათვის იყენებენ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებას: Microsoft TEAMS; Feedc Edu; Zoom, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო კომუნიკაცია. სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის გამოყენებისათვის, მასწავლებლებს ინსტრუქციები დაეგზავნათ. როგორც აჭარის განათლების სამინისტრო გვწერს, რესურსცენტრები სკოლებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებიან, ხოლო პროცესზე მონიტორინგს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მიერ განხორციელებულ აქტივობებს (ტრენინგები, მასტერკლასები, ვორქშოფები, სემინარები, უცხოეთში სტაჟირება, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები) დაემატა ვებინარები - ინტერნეტსემინარი, რომელიც მასწავლებლის სახლის სხვადასხვა საგნის გამოცდილმა ტრენერებმა მოამზადეს. ეს პედაგოგებისათვის დისტანციური სწავლების დროს დამხმარე რესურსია, რომელიც აერთიანებს საგნობრივი და დისტანციური სწავლების კომპონენტებს. ფონდის ფეისბუქგვერდსა და ვებგვერდზე განთავსებული, წინასწარ მომზადებული ვიდეოები ყველა პედაგოგისთვის ხელმისაწვდომია. ვებინარის წამყვანი, როგორც წესი, ვებინარის დასრულების შემდეგ, თვალს ადევნებს სტატისტიკას და შეკითხვებს პასუხობს.

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მიერ ასევე დაგეგმილია ტრენინგმოდული „დისტანციური სწავლება Microsoft რესურსების გამოყენებით“.

დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რეგიონის სამინისტროს აქტივობები ამით შემოიფარგლება. მოსწავლეების ჩართულობა ონლაინ საგაკვეთილო პროცესში კი, შეუძლებელია, გამართული ინტერნეტისა და შესაბამისი ტექნიკის გარშე. ამ მხრივ ბათუმში სიტუაცია შედარებით მოწესრიგებულია, თუმცა პრობლემები მაინც არსებობს. მაგალითად, ფონდმა „იალქანმა“ რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც ონლაინგაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ და მთელ დღეს ქუჩაში ატარებდნენ, დიდი ძალისხმევით საგაკვეთილო პროცესში ჩართო, დაარეგისტრირა და საკუთარ ოფისში მათთვის რამდენიმე კომპიუტერი, ტელეფონი და სამუშაო სივრცე გამოყო, სადაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები უსაფრთხოების შესახებ მაქსიმალურად დაცულია. ბავშვები დილის ცხრა საათზე მიდიან ოფისში და ონლაინგაკვეთილებს ესწრებიან. თუმცა, მთავრობის ახალმა გადაწყვეტილებამ შეზღუდვების შესახებ, შესაძლოა, ამ ბავშვებს გადაადგილების პრობლემა შეუქმნას და ისინი სასწავლო პროცესში ვეღარ ჩაერთონ.

მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია ასევე დისტანციური სწავლება ქობულეთსა და რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების დაბებში. მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში კი, სადაც ინტერნეტის ქსელი არაა და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ტექნოლოგიებზე ხელი არ მიუწვდება, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები გაცილებით რთულ მდგომარეობაში არიან.

„ფაქტ-მეტრი“ აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და დისტანციური სასწავლო პროცესის შეფასება სთხოვა.

ედუარდ გოგრაჭაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი: „დისტანციური სწავლების მიღმა რომ ვინმე იყოს, ასეთი ფაქტი არ გვაქვს. არის სიტუაციები, როცა რაღაც მომენტში მოსწავლეები ვერ ერთვებიან. უკავშირდებიან მასწავლებლებს, დირექტორებს და ისინი ეხმარებიან და უგვარებენ პრობლემას, რომლის გამოც ვერ ახერხებენ ჩართვას. მონიტორინგის პერიოდში ძირითად პრობლემად ის გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა დაბისა, ინტერნეტქსელი არ არის. მოსწავლეები იყენებენ ან რადიოინტერნეტს, ან მობილურ ინტერნეტს. ოჯახში ერთი მობილური ინტერნეტიც რომ იყოს, საკმარისია, რომ ჩაერთონ. მაგრამ არის სიტუაციები, როცა პაკეტი ამოიწურა და ოჯახს საშუალება არ აქვს, რომ შეიძინოს. ამ შემთხვევაში უკვე დირექტორები და კლასის დამრიგებლები ეხმარებიან, საკუთარი სახსრებით ყიდულობენ. ზოგჯერ არის, რომ ტელეფონი გაფუჭდა, ამ დროსაც ერთვება სკოლა. გვეხმარება ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი კომპიუტერი შევიდა ოჯახებში. მაგალითად, პირველკლასელებს ბუკები დაურიგდათ და რომ გადავიდა ზედაკლასში, იყენებს. ამიტომ დაწყებით კლასებში შედარებით მოგვარებულია პრობლემა ტექნიკის მხრივ. ასევე საბაზო საფეხურის წარმატებულ კურსდამთავრებულებმა საჩუქრად სახელმწიფოსგან მიიღს კომპიუტერები. კლასის დამრიგებლებმაც მიიღს კომპიუტერები და ასეთი მარაგები სკოლებში გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეების ნახევარი კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფილია.

ჩავარდნები არის, რა თქმა უნდა. რომ დაიწყო სწავლა და მოსწავლეს საერთოდ არ ჰქონია წვდომა ინტერნეტთან, ასე არაა. ხანდახან ხდება, რომ ესა თუ ის მოსწავლე ვერ ერთვება ერთ დღეს, მაგრამ პრობლემა მალევე გვარდება.

ეს, რა თქმა უნდა, შედეგებზე მოქმედებს. ბუნებრივია, ონლაინსწავლება თავისი ხარისხით საკლასო ოთახში ჩატარებულ საგაკვეთილო პროცესს ვერ გაუთანაბრდება, მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი რომ ვერ დაძლიოს, ასეთი ფაქტი არ გვაქვს. ზოგადად ცუდია, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლები გვაქვს, მაგრამ დისტანციური სწავლების უკეთ წარსამართად ეს უპირატესობას გვაძლევს, რადგან ორი-სამი მოსწავლეა ხოლმე კლასში და თუ ინტერნეტით ვერ ერთვება, ბოლო გამოსავალია, რომ მასწავლებელთან სატელეფონო კომუნიკაცია შედგეს.

საბოლოოდ, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ არ არის სოფლებში ინტერნეტი და დამოკიდებული ვართ მობილურ ინტერნეტზე. ეს საკმაოდ ძვირი უჯდებათ ოჯახებს და ყველას არ აქვს საშუალება, რომ შეიძინოს. ზოგს რამდენიმე ბავშვი ჰყავს ოჯახში და პაკეტის გააქტიურება არ შეუძლია. მე ვიცი, რომ სახელმწიფო მუშაობს, რათა სამომავლოდ ყველა სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდეს.

რადგან მცირეკონტინგენტიანი სკოლები გვაქვს, ჩვენი სამინისტრო ცდილობდა, რომ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მაინც დაწყებულიყო სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. ჩემი აზრით, სკოლებში, სადაც ძალიან ცოტა ბავშვია, დამრიგებლები უკეთ გააკონტროლებდნენ და უფრო დაცულები იქნებოდნენ. თუმცა მერე ისე განვითარდა მოვლენები, რომ მუნიციპალიტეტშიც იმატა ინფიცირების შემთხვევებმა, რამდენიმე მასწავლებელსაც დაუდასტურდა ვირუსი. როცა შემთხვევების რაოდენობა დაბლა წამოვა, უკვე შესაძლებელი იქნება საკლასო ოთახებში სწავლის განახლება“.

ედუარდ მიქელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი: „სასწავლო წლის დაწყებისას იყო გარკვეული პრობლემები. მაგალითად: ორ სოფელში ინტერნეტი საერთოდ არ იყო. „მაგთი“ დაგვეხმარა, ანძები დაამონტაჟა და პრობლემა მოგვარდა. ამ ეტაპზე ისეთი მოსწავლე არ გვყავს, რომ ინტერნეტში სართოდ ვერ ერთვებოდეს. ტექნიკის თაობაზე ჩვენთან მომართვა არ ყოფილა. სამინისტროს მირ გადაცემული კომპიუტერები პირველკლასელებისა და წარჩინებული მოსწავლეებისთვის, ასევე ტელეფონები აქვთ ოჯახებში. თიმსით (TEAMS), რომელიც მთავარი პლატფორმაა, შესაძლოა, მოსწავლეების 3-5% ვერ სარგებლობდეს. თუმცა გაკვეთილების მიწოდება სხვადასხვა პლატფორმით ხდება“.

მიუხედავად ასეთი ოპტიმისტური პასუხებისა, ფონდ „იალქანის“ დირექტორმა თეონა აბაშიძემ, რომელიც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის სკოლებში დისტანციურ სწავლებაზე მონიტორინგს აწარმოებს, გვითხრა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებში სკოლაში მხოლოდ ათი მოსწავლეა და ვერც ერთი მათგანი თიმსის პროგრამაში ვერ ერთვება, რადგან სოფელში ინტერნეტის პრობლემაა. მისივე ინფორმაციით, ანალოგიური პრობლემაა არაერთ სოფლის სკოლაში.

იმ ფაქტს, რომ პანდემიით გამოწეულმა კრიზისმა უთანასწორობა გააძლიერა და გაზარდა დაუცველ ბავშვთა რიცხვი, რომელთა ნაწილს დისტანციურ სწავლებაზე ხელი საერთოდ არ მიუწვდება, თავის კვლევებში გაროს ბავშვთა ფონდიც (unicef) აღნიშნავს. თუმცა განათლების სისტემის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ონლაინსწავლებაში ყველა ბავშვი ჩართულია და ასეთ დროს ძირითად რესურსად „ტელესკოლას“ ასახელებენ.


მსგავსი სიახლეები

3586 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
ყალბი ამბავი
8%

ყველაზე კითხვადი