რეზიუმე:

15 ნოემბერს Facebook-ზე გავრცელდა სომეხი ფეხბურთელის კომენტარი, სადაც ის საქართველოს ნაკრებს ემუქრება. 15 ნოემბერს, ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრები მიიღო, სადაც 1:2 დამარცხდა. სიახლეც სწორედ ამ შეხვედრას ეხება, სადაც ერთ-ერთი სომეხი ფეხბურთელი, მატჩის წინ მეტოქე გუნდზე საუბრობს.

ანალიზი:

ვებგვერდ https://sportexpress.ge/-ზე მოცემულია სომხეთის ნაკრების ფეხბურთელის, ხორენ ბაირამიანის მატჩისწინა კომენტარი, სადაც ის საქართველოსთან შეხვედრის წინ ამბობს, რომ მეტოქეს კვლავ გაუტანს გოლს.

სიახლეში ბაირამიანის სიტყვები შემდეგნაირად არის გადმოცემული:

„ქართველებო, წინა თამაშშიც გაგიტანეთ და გპირდებით, რომ თქვენს კარს ახლაც ავიღებ. ვიცი თქვენი სუსტი მხარეები, ძალიან კარგად ვიცი როგორ მოვატყუო თქვენი მცველები და ამას აუცილებლად გავაკეთებ“, - გადმოცემულია სიახლეში ფეხბურთელის სიტყვები.

უეფას ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში, საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს ორჯერ დაუპირისპირდა.

პირველი მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართა, რომელიც 2:2 დასრულდა. ბაირამიანმა იმ შეხვედრაში გოლი გაიტანა (მე-6 წუთი, 1:0).

sportexpress.ge/-ზე გამოქვეყნებულ სიახლეში კი ბაირამიანი მეორე მატჩის წინ ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებს კვლავ გაუტანს, თუმცა ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

მეორე შეხვედრის წინ ხორენ ბაირამიანს ტრავმა ჰქონდა და ის არათუ შემადგენლობაში, არამედ განაცხადშიც საერთოდ არ იყო. „სპორტექსპრესს“ ამის დამადასტურებელი წყარო სტატიაში მითითებული არ აქვს. მეტიც - ციტატაში მოცემული ტექსტი საერთოდ არ შეესაბამება სათაურის შინაარსს და იმგვარადაა გადაკეთებული, რომ შეცვლილია ციტატის აზრი. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს განცხადება იარსებებდა, სტატიის სათაური, მკითხველის შეცდომაში შეყვანის მიზნით, მანიპულაციურადაა შერჩეული.

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხოაკინ კაპაროსმა შემადგენლობა 6 ნოემბერს, მატჩის თარიღიდან 9 დღით ადრე დაასახელა და მაშინვე იყო ცნობილი, რომ ბაირამიანი საქართველოსთან ვერ ითამაშებდა.

ასევე, 1TV.GE-ზე გამოქვეყნებულ სიახლეში აღნიშნულია, რომ სომეხ ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა და ამ მიზეზით ტოვებდა შეხვედრას. ცხადია, მატჩის წინ ბაირამიანი საქართველოს ნაკრებს ვერ დაემუქრებოდა გოლის გატანით, რადგან ის ტრავმირებული იყო და სომხეთის ეროვნულ გუნდში საერთოდ არ იყო გამოძახებული.

ბაირამიანის ტრავმა

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ სომეხ ფეხბურთელს ტრავმები ხშირად აწუხებდა. 28 წლის ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბ „როსტოვში“ ირიცხება და მან 3 შეხვედრა გამოტოვა. ოქტომბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, კლუბში დაბრუნებულმა ბაირამიანმა ჯერ 18 ოქტომბერს „როსტოვისა“ და „ახმატის“ მატჩი გამოტოვა. შეხვედრის წინ, რუსული გუნდის მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა თქვა, რომ ბაირამიანი სომხეთის ნაკრებიდან ტრავმით დაბრუნდა და სწორედ ამიტომ ტოვებდა „ახმატთან“ მატჩს. 18 ოქტომბრის შემდეგ, „როსტოვმა“ მომდევნო შეხვედრა 25 ოქტომბერს ჩაატარა და აქ უკვე სომეხი ფეხბურთელი მოედანზე შეცვლაზე შევიდა. როგორც ჩანს, 28 წლის სომეხს ამ მატჩში მონაწილეობის გამო ტრავმა გაურთულდა და მას შემდეგ მოედანზე ნოემბრის სანაკრებო პაუზებამდე საერთოდ აღარ გამოჩენილა. „როსტოვი“ 25 ოქტომბრის შემდეგ 31 ოქტომბერს „სპარტაკს“ ეთამაშა და ბაირამიანი შემადგენლობაში არ იყო. 8 ნოემბერს, „როსტოვმა“ რუსეთის პრემიერ ლიგაში, ნოემბრის სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩი გამართა და სომეხი ფეხბურთელი განაცხადში აქაც არ ჩანდა.საქართველოს ნაკრებთან მატჩი სომხეთმა უკვე 15 ნოემბერს გამართა და ცხადია, რომ ბაირამიანი გოლის გატანას ვერავის დაჰპირდებოდა, რადგან მთელი თვე ტრავმა ჰქონდა და ნაკრების განაცხადში საერთოდ არ იყო შეყვანილი.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5421 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი