დეზინფორმაცია: კომენდანტის საათი, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყანაში მოიხსნა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook გვერდი „ჯალათი მამის ცივსისხლიანი შვილი“ დეზინფორმაციის შემცველ პოსტს აქვეყნებს. 2 თებერვალს გავრცელებული პოსტის თანახმად, კომენდანტის საათი, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყანაში მოიხსნა და ქვეყნები ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან.

სოციალურ ქსელში გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არაზუსტია. მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ქვეყანაში, როგორც კომენდანტის საათი, ისე კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო სხვა შეზღუდვები, ჯერ კიდევ ძალაშია. მსგავსი ქვეყნების რიგს განეკუთვნება:

საფრანგეთი

საფრანგეთში 2020 წლის დეკემბრიდან მოყოლებული კომენდანტის საათი (20:00-დან 6:00-მდე) ფუნქციონირებდა. 16 იანვრიდან დღემდე, საფრანგეთში კომენდანტის საათის ხანგრძლივობა გაიზარდა და დღეის მონაცემებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კომენდანტი 18.00 საათიდან დილის 6 საათამდე მოქმედებს. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, სპეციალური ცნობის უქონლობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევ პირს 135 ევროს ოდენობის ჯარიმა ეკისრება.

კომენდანტის საათთან ერთად, საფრანგეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო აკრძალვების გამო დახურულია ბარები, რესტორნები, კინოები, თეატრები, მუზეუმები და სავარჯიშო დარბაზები.

საბერძნეთი

საბერძნეთმა, პირველად, 2020 წლის ნოემბერში 21:00-დან 5:00 საათამდე დააწესა კომენდანტის საათი და დახურა მაღაზიები, სკოლები და საბავშვო ბაღები.

იანვარში, შემცირებული კოვიდ შემთხვევების ფონზე, საბავშვო ბაღებს, დაწყებით სკოლებსა და მაღაზიებს ხელახალი გახსნის უფლება მიეცათ, თუმცა კომენდანტის საათი არ გაუქმებულა.

29 იანვარს, ათენსა და სხვა ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, ინფიცირების მაღალი რიცხვი დაფიქსირდა, რის შედეგადაც კონკრეტული ტერიტორიები წითელ ზონებად მოინიშნა და ზემოთ ხსენებული ობიექტები კვლავ დაიკეტა. წითელი ზონების გამოცხადების შემდეგ, ათენში კომენდანტის საათი 21:00-დან 5:00-მდე შენარჩუნდა მაშინ, როცა სხვა წითელ ზონებში კომენდანტის საათი 18:00-დან 5:00-მდე ფუნქციონირებდა. 6 თებერვლის შემდგომ, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ათენში, თესალონიკში, ჰალკიდიკსა და სხვა წითელ ზონებში კომენდანტის საათი გამკაცრდა და 6 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით შაბათ-კვირას 18:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე იფუნქციონირებს. კვირის სხვა დღეებში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 6:00 საათამდე ფუნქციონირებს.

იტალია

იტალიაში, მზარდი კორონავირუსის შემთხვევების ფონზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებადი კომენდანტის საათი ( 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე) ნარჩუნდება. ამასთან ერთად, 11 თებერვლის ინფორმაციით, იტალიის მთავრობამ კორონავირუსის მზარდი შემთხვევების ფონზე, ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაცია 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. ამასთან ერთად, შეზღუდვები რეგიონებს შორის გადაადგილებაზეც დააწესა, რის მიხედვითაც აუცილებლობის გარეშე, მოქალაქეებს ერთი რეგიონიდან მეორეში გადაადგილება ეკრძალებათ. ასევე, იკრძალება ორი ერთად არ მცხოვრები პიროვნების ერთ სახლში სტუმრობა. იტალიაში რეგიონები ინფექციის გადადების ხარისხის მიხედვით სამ ზონადაა დაყოფილი: ყვითელი ( შედარებით უსაფრთხო), სტაფილოსფერი (საშუალო რისკი) და წითელი (მაღალი რისკი). რეგიონებს შორის გადაადგილება, ყვითლად მონიშნული რეგიონების ჩათვლით, აკრძალულია.

ესპანეთი

ესპანეთის სამეფოში 2020 წლის 25 ოქტომბერს განახლებული საგანგებო მდგომარეობა დღემდე გრძელდება. ამასთან ერთად, ქვეყანაში 2021 წლის მაისის პირველ რიცხვებამდე ფუნქციონირებს ეროვნული კომენდანტის საათი. ესპანეთის სამეფოს ჩვიდმეტივე ავტონომიურ ოლქში დაწესებულია ღამის ცხოვრებისა და სოციალიზაციის შეზღუდვები. ზოგიერთ რეგიონში შეზღუდვები ბევრად უფრო მკაცრია ვიდრე სხვა რეგიონებში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ესპანეთის მთლიან ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი 22:00 ან 23:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. ამასთან ერთად, ესპანეთის მთავრობის მიერ გამოცემული ბრძანებულების მიხედვით, ცალკეულ რეგიონებს შემდეგი უფლებები ეძლევათ:

• დააწესონ შეზღუდვები ღამის საათებში გადაადგილებაზე.

• შეზღუდონ საზოგადოებრივი შეკრებები.

• შეამცირონ ობიექტების სამუშაო საათები.

• შეზღუდონ რეგიონში ან რეგიონების კონკრეტულ ტერიტორიებზე შესვლა და გამოსვლა.

• საჭიროების შემთხვევაში, დააწესონ დამატებითი შეზღუდვები პროვინციებში, მუნიციპალიტეტებში ან მთლიანი რეგიონის მაშტაბით.

კომენდანტის საათი, ევროპის გარდა, სხვა კონტინენტებზეც, რამდენიმე ქვეყანაში ფუნქციონირებს. მათ შორისაა ინდოეთის ორი შტატი - მიზორამსა (20:00-დან 04:30-მდე) და მეგჰალაია (23:00-დან 5:00-მდე). კომენდანტის საათი ასევე გახანგრძლივდა კანადაში, კვებეკის ოლქში 10 იანვარს დაწესებული კომენდანტის საათი (20:00-დან 05:00-მდე). ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან, სხვა მრავალ შეზღუდვასთან ერთად ეროვნული კომენდანტის საათია გამოცხადებული ეკვადორზე (21:00-დან 05:00-მდე). ეროვნული კომენდანტის საათი (21:00-დან 05:00-მდე) ფუნქციონირებს ჰონდურასშიც.

საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, კომენდანტის საათი პირველად 2020 წლის 31 მარტს ამოქმედდა, რომლის შედეგადაც 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იკრძალებოდა ქვეყნის მასშტაბით, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება. დღეის მონაცემებით, კომენდანტის საათის პერიოდში, საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე, სპეციალური საშვის არ არსებობის შემთხვევაში, გადაადგილება იკრძალება. საქართველოში კორონავირუსის გავრცელებისა და პრევენციული ქმედებების ქრონოლოგიის შესახებ, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი