იტვირთება

ლევან ვასაძე: დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, საქართველოში სიღატაკის ზღვარს მიღმა 1%-ზე ნაკლები ცხოვრობდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ვასაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე: სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის 19.5% აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს, თუმცა სიღარიბე არაა მხოლოდ უკანასკნელი 30-წლიანი პერიოდის გამოწვევა. მტკიცება, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები ცხოვრობდა სიღარიბეში, მცდარია.

ანალიზი

2021 წლის 6 მაისს, „ღამის კურიერში“, ბიზნესმენმა და ახალდაფუძნებული მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერმა ლევან ვასაძემ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, 30-წლიან პერიოდზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში სიღატაკის ზღვარს მიღმა 1%-ზე ნაკლები ცხოვრობდა, ახლა კი 20%.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. აქვე აღსანიშნავია, რომ 1990 წელს საბჭოთა სისტემა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა, შესაბამისად რთულად წარმოსადგენია, რომ მანამდე სიღარიბე და უთანასწორობა მინიმალურ დონეზე ყოფილიყო.

გაეროს განვითარების პროგრამის 2009 წლის ანგარიშის თანახმად, საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, პოსტსაბჭოთა პერიოდში სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე საბჭოთა პერიოდში. 1980-1990 წლებში საქართველოს მოსახლეობის 8%-10% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, რაც ნიშნავს რომ მათი დღიური მოხმარება დღეში 2.15 PPP დოლარზე PPP (ფულის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით) ნაკლები იყო. ქვეყნის მოსახლეობის წილი, რომელიც დღიურად 4.30 PPP დოლარზე ნაკლებს მოიხმარდა - 32%-დან 36%-მდე მერყეობდა. 2002 წელს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელმა 38%-ს, ხოლო ზოგადი სიღარიბის დონემ 76%-ს მიაღწია.

1990-იანი წლებში საქართვლოში სიღარიბე მკვეთრად გაიზარდა, რაც ომთან, ტერიტორიების დაკარგვასთან და ღრმა ეკონომიკურ კრიზისთან იყო პირდაპირ კავშირში.

გრაფიკი 1: სიღარიბის დონე 1981-2005 წლებში

წყარო: UNDP – „Poverty, Inequality, and Social Policy Reform in the Former Soviet Union“; World Bank database

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 19.5% ცხოვრობდა. აბსოლუტური სიღარიბის გაანგარიშების მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ „საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს“ ეფუძნება, სიღარიბის ზღვრად საარსებო მინიმუმია აღებული. 2004-2010 წლებში სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 34%-38% იყო. სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით ყოველწლიურად მცირდებოდა. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით გაიზარდა, ხოლო 2017 წელს სიღარიბის დონე თითქმის იმავე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 2).

2020 წელს, COVID-19-ის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა, პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რასაც გამაღარიბებელი ეფექტი ჰქონდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ეროვნული სიღარიბე 5.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

გრაფიკი 2: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მსოფლიო ბანკი სიღარიბის დონეს სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით აფასებს. კერძოდ, სიღარიბის ზღვრად აღებულია 1.90 PPP დოლარი დღეში და 3.20 PPP დოლარი დღეში. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 3.8%-ის დღიური მოხმარება 1.90 PPP დოლარზე ნაკლებია, რაც 2002-2003 წლების მაჩვენებელზე 2.7-ჯერ ნაკლებია. 2019 წელს მოსახლეობის 4% დღეში 3.20 PPP დოლარზე ნაკლებს მოიხმარდა, ეს მაჩვენებელი 2002-2003 წლებთან შედარებით დაახლოებით 2.5-ჯერ შემცირდა. 2002-2019 წლებში სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2010 წელს დაფიქსირდა, რაც აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენა იყო. 2011 წლიდან კი სიღარიბის შემცირების ტენდენცია დაიწყო.

გრაფიკი 3: სიღარიბის ტენდენცია, 1997-2019 წლებში (სიღარიბის ზღვრად აღებულია 1.90 PPP დოლარი დღეში და 3.20 PPP დოლარი დღეში)

წყარო: მსოფლიო ბანკი


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი