დეზინფორმაცია: პრაიდი მიზნად ისახავს „მამათმავლობის სენის“ მეტ „ჯანმრთელ“ ადამიანზე გავრცელებას

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Tbilisi Pride/თბილისი პრაიდის მიერ 1-5 ივლისს პრაიდის კვირეულის გამართვისა და 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე პრაიდის „ღირსების მარშით“ დასრულების დაანონსებისთანავე ულტრანაციონალისტური, პროკრემლინური და საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებული აქტორები გააქტიურდნენ. კვირეულის წინ და უშუალოდ მიმდინარეობისას აღნიშნული ჯგუფები ღირსების მარშის წინააღმდეგ მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდნენ. აქტორები ტრადიციულ და სოციალურ მედიაში დეზინფორმაციულ, ჰომოფობიურ, მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ და სიძულვილის ენას იყენებდნენ.

5 ივლისს ონლაინ მედია სააგენტომ tvalsazrisi.ge და Facebook-გვერდებმა “† დიდ ხარ შენ უფალო †”, qadageba.ge მამა დავითი ისაკაძის სიტყვები გამოაქვეყნეს. მამა დავითი ჰომოსექსუალობას მოიხსენიებს, როგორც „მომაკვდინებელ ცოდვას“ და ისეთ ნეგატიურ მიდრეკილებებთან აიგივებს, როგორებიცაა: ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, აზარტული თამაშებისკენ სწრაფვა. მამა დავით ისაკაძის თანახმად, ლგბტ თემის წარმომადგენლები „სხვა ადამიანების დაავადებას და თავიანთ გაუკუღმართებულ ცხოვრების წესზე მოქცევას“ ცდილობენ.


გარდა იმისა, რომ ტექსტი ჰომოფობიურია, იგი ცრუ ინფორმაციასაც შეიცავს, თითქოს ჰომოსექსუალობა გადამდები დაავადებაა და პრაიდის კვირეული სწორედ ამ „სენის“ „ჯანმრთელ ადამიანებზე“ გავრცელებას ისახავს მიზნად.

თბილისი პრაიდი/Tbilisi Pride არის სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც ჰომო/ტრანსფობიას უპირისპირდება და საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გამოყენების გზით მისი დაძლევისთვის იბრძვის. მოძრაობის მიზანი ქვეყანაში ისეთი გარემოს ფორმირების ხელშეწყობაა, რომელშიც ლგბტქი+ ადამიანები არიან დაცულები, მიღებულები, თავისუფლები და სხვა მოქალაქეების თანასწორები. აღნიშნული მიზნების მისაღწევად თბილისი პრაიდი ყოველწლიურად აორგანიზებს პრაიდის კვირეულს. 2019 წლის 18-23 ივნისს მოძრაობამ სოციალური სპექტაკლი, საერთაშორისო ლგბტქი+ კონფერენცია „თანასწორობა საჯარო სივრცეში“ და ღირსების მარშის მცირემასშტაბიანი მსვლელობა ჩაატარა. 2021 წლისთვის 1-5 ივლისის პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი იყო 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე პრაიდის ღირსების მარშით დასრულება. აქტივისტების მთავარ მიზანს წარმოადგენდა, ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებისკენ მიმართული დისკრიმინაციის დაგმობა, დაძლევა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს ფორმირება. თუმცა 5 ივლისს ქვებითა და ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიული ჯგუფების წარმომადგენლები ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს სასტიკად გაუსწორდნენ, დაარბიეს ორგანიზაციების ოფისები, რის გამოც ღირსების მარშის ჩატარება ვერ მოხერხდა.

ჰომოსექსუალი ადამიანების გარშემო ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მითის თანახმად, ჰომოსექსუალობა დაავადებაა, რომელიც ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანს შეიძლება გადაედოს. მამა დავითი ისაკაძის თქმით, ეკლესიაში ხშირად მიდიან გეები და ლესბოსელები, რომლებიც „ამ დაავადებისგან განკურნებას“ ცდილობენ, მაგრამ ამ კატეგორიისგან რადიკალურად განსხვავდებიან ისინი, ვინც ცდილობენ „სხვა ადამიანებიც დააავადონ და თავიანთ გაუკუღმართებულ ცხოვრების წესზე მოაქციონ“.

ჰომოსექსუალობა 1973 წლამდე მენტალურ დაავადებად მიიჩნეოდა. თუმცა 1973 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქიატრთა ასოციაციამ (APA) კვლევების საფუძველზე ჰომოსექსუალობა მენტალური დაავადებების სიიდან ამოიღო. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაციის განმსაზღვრელი ფაქტორები კომპლექსურია. თუმცა ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჰომოსექსუალობის ბიოლოგიური და ჰორმონალური ფაქტორებით ახსნას აქვს. ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბების გარემო ფაქტორებით ახსნა არამეცნიერულია. კლინიკური ლიტერატურის თანახმად, ჰომოსექსუალობა ადამიანის სექსუალური ორიენტაციის მისაღები ვარიაციაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) 1990 წელს ცვლილებები შეიტანა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში, ჰომოსექსუალობა ამოიღო დაავადებათა სიიდან და დააფიქსირა, რომ „სექსუალური ორიენტაცია თავის მხრივ არ უნდა ჩაითვალოს დარღვევად“.

შესაბამისად, მტკიცება, რომ ჰომოსექსუალობა გადამდებია, არის სრულიად უსაფუძვლო და მეცნიერულ მტიცებულებებს მოკლებული. ჰეტეროსექსუალი ინდივიდი ვერ გახდება ჰომოსექსუალი ამ საკითხზე ინფორმაციის მიღებით ან ჰომოსექსუალ ადამიანებთან კომუნიკაციით. ლგბტქი+ უფლებების დამცველი ორგანიზაციები და აქტივისტები პრაიდის საშუალებით ჰომოსექსუალობას არ ავრცელებენ, არამედ ცდილობენ, რომ საზოგადოების ცნობიერება გაზარდონ და თემის წარმომადგენლების უფლებების დაცვის ადვოკატირება უზრუნველყონ.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი