17 აგვისტოს გადაცემის „ალტ-ინტერვიუ“ სტუმარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით მრავალი მანიპულაციური და დეზინფორმაციული მტკიცება გაავრცელა.

მტკიცება 1: აცრის შედეგად წარმოქმნილი რეაქცია კიდევ უფრო ძლიერს ხდის ამ ახალ-ახალ შტამებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, თითქოს ვაქცინები ვირუსის მუტაციას და უფრო საშიში შტამებს წარმოქმნას ხელს უწყობს, არის ყალბი ამბავი.

SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. რაც უფრო დაბალია ვაქცინაციის დონე, მით უფრო მაღალია ვირუსის მუტაციის ალბათობა. ვირუსისთვის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობის მიცემა, მუტაციების გამოწვევასა და უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას შეუწყობს ხელს. როგორც ედინბურგის უნივერსიტეტის გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორმა დევი შრიდჰარმა განაცხადა: „რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს და ახალი ვარიანტები გაჩნდეს, რამაც შეიძლება ჩვენი დღევანდელი ვაქცინები არაეფექტური გახადოს“.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტავს, „ვირუსებისთვის დამახასიათებელია ახალი ვარიანტების წარმოქმნა, რაც მეტ ადამიანში იმოგზაურებს ვირუსი, მით მეტად განიცდის მუტაციას და ახალი შტამები წარმოიქმნება. რაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი ვირუსი სუსტდება და მუტაციის უნარი მცირდება. არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რომ ვაქცინირებული ადამიანი ხელს უწყობს ვირუსის მუტაციას და უფრო სახიფათო შტამის წარმოქმნას“.

მტკიცება 2: [კოვიდვაქცინებს] მხოლოდ პრეკვალიფიკაცია აქვს მინიჭებული, კვალიფიკაცია არა, ყველა კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული

ვერდიქტი: მანიპულირება

COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.

ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ ვაქცინების ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კვლევებით არის დამტკიცებული. ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მხოლოდ მას შემდეგ ენიჭება, რაც კლინიკური კვლევის სამივე ფაზას წარმატებით გაივლის.

ვაქცინა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების (პრეკლინიკურ) ფაზას გადის, პრეკლინიკური ფაზა არის ექსპერიმენტული. ვაქცინას თავდაპირველად ცხოველებზე ცდიან. თუ ვაქცინა იმუნურ რეაქციას აღძრავს, ამის შემდეგ კლინიკური შემოწმება ხდება, რომელიც სამი ფაზისგან შედგება. პირველ ფაზაში ვაქცინის გამოცდა მცირე ჯგუფში შემავალ მოხალისეებზე ხდება. მეორე ფაზაში - ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური რეაქციის აღძვრის უნარის შემდგომი შეფასების მიზნით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რამდენიმე ასეულ მოხალისეს უტარდება აცრა. ამავე ეტაპზე, როგორც წესი, შესადარებლად გამოცდაში ერთვება ჯგუფი, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია. ამის შედეგად დგინდება, აცრილთა ჯგუფის წევრებში დაფიქსირებული ცვლილებები, ვაქცინითაა გამოწვეული თუ შემთხვევითობის შედეგს წარმოადგენს. მესამე ფაზაში ათასობით მოხალისე ერთვება და შედარება ანალოგიურ ჯგუფში შემავალ მოხალისეებთან ხდება, რომელთაც ვაქცინა არ მიუღიათ, თუმცა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო) მიიღეს. აღნიშნულის საფუძველზე განისაზღვრება ვაქცინის ეფექტურობა შესაბამისი დაავადებისგან თავდაცვის მიზნით და ვაქცინის უსაფრთხოების შესწავლა ადამიანთა გაცილებით ფართო ჯგუფზე ხდება. გამოცდების მესამე ფაზა სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ადგილას ტარდება, იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული მიგნებების გამოყენება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან არის შესაძლებელი.

კოვიდვაქცინებმა ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც მიენიჭათ ავტორიზაცია. ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

მტკიცება 3: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იყენებენ ოზონოთერაპიას და დადებითობის ძალიან დაბალი მაჩვენებელია, და ჩვენთანაც უნდა დაიწყოს ამის გამოყენება, ამის შესახებ ვიწრო წრეებიდან ვიცი

ვერდიქტი: მანიპულირება

COVID-19-ის ოზონოთერაპიით მკურნალობის ეფექტიანობისა და ასევე მისი გვერდითი მოვლენების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური მტკიცებულებები არ არსებობს.

COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინის თანახმად, „ზოგიერთი ავტორის მიერ COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ ასევე განიხილება ოზონოთერაპიის გამოყენების საკითხიც. თუმცა, ვინაიდან ოზონოთერაპიის ეფექტიანობისა და ასევე მისი გვერდითი მოვლენების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური მტკიცებულებები არ არსებობს, ცალკეულ შემთხვევებში ოზონოთერაპიის გამოყენება შესაძლებელია განხილულ იქნეს მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში“.

აღსანიშნავია, რომ გაიდლაინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის (NIH), ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების (IDSA), აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC), ევროპის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის და სხვა ინსტიტუტების COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინებს/პროტოკოლებს და რეკომენდაციებს ეყრდნობა. გაიდლაინში გათვალისწინებულია COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში მკურნალობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

გაიდლაინის ერთ-ერთმა ავტორმა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ეპიდემიოლოგმა - აკაკი აბუთიძემ, „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტა: „მსოფლიოს წამყვანი ჯანდაცვის ინსტიტუტების გაიდლაინებში არსად არ არის ოზონოთერაპია, როგორც COVID-19-ის საბაზისო მკურნალობის მეთოდი. ოზონოთერაპია გამოიყენება მხოლოდ კლინიკური კვლევის დონეზე, ლოკალურად. ჯერჯერობით, არ არსებობს ოფიციალური მტკიცებულებები ოზონით მკურნალობის დადებითი ეფექტის შესახებ.

საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ COVID-19-ის მკურნალობაში ოზონის გამოყენების ნებართვას არ გასცემს. FDA და EMA, სანამ არ დაამტკიცებს ან არ გასცემს ნებართვას გადაუდებელი გამოყენებისთვის, კლინიკური კვლევის გარდა, დანარჩენ შემთხვევაში, მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის/მედიკამენტის გამოყენება დაუშვებელია“.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში გაჟღერებული მტკიცებები, COVID-19-ით მკურნალობაში ოზონოთერაპიის ეფექტიანობის შესახებ, დაუსაბუთებელია. ამასთან, ოზონოთერაპია ვერანაირად ვერ იქნება ვაქცინის ალტერნატივა, ვაქცინა არის პრევენციის საშუალება და ინფიცირების შემთხვევაში ადამიანს დაავადების გართულებისა და სიკვდილისგან იცავს.

მტკიცება 4: აცრილების 80 % არის აცრილი ფაიზერით ისრაელში, დღეს ისრაელი გადადის ლოქდაუნზე, იმიტომ, რომ მათ ვერ მოახერხეს ამ ახალი შტამების გამკლავება

ვერდიქტი: მანიპულირება

მსოფლიოში „დელტა“ ვარიანტი დომინანტური ხდება, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, მათ შორის, ვაქცინირებულ მოსახლეობაშიც. ახალ შტამებზე ვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, თუმცა ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან თავის დასაცავად. ამასთანავე, ვაქცინირებულ ადამიანში - როგორც სხვა, ისე დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევები ბევრად იშვიათია, ვიდრე არავაქცინირებულ ადამიანში.

ისრაელის კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერის ვაქცინის სიმპტომური კოვიდისგან დაცვის მაჩვენებელი 40.5%-მდე შემცირდა, თუმცა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 88%, ხოლო დაავადების კრიტიკული მიმდინარეობისგან და ლეტალობისგან დაცვის მაჩვენებელი 91%-ზე მეტია.

ისრაელის მაგალითზე რომ განვიხილოთ, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა კრიტიკული შემთხვევების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია. რაც სწორედ, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის დამსახურებაა. 23 აგვისტოს მონაცემებით, ისრაელში კორონავირუისის 72 687 აქტიური შემთხვევაა, მათგან მხოლოდ 0.9% (664 შემთხვევაა) კრიტიკული. სიკვდილიანობის მაჩვენებელს რაც შეეხება, გასული 1 კვირაში სიკვდილიანობის საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა ისრაელში 24 შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აქტიური შემთხვევების რაოდენობა ისრაელზე უფრო ნაკლებია (56 779 შემთხვევა), სიკვდილიანობის საშუალო დღიური მაჩვენებელი 56-ია.

აღნიშნულ მანიპულაციასთან დაკავშირებით, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განაცხადა: „ყველა ავტორიზებული ვაქცინა (მათ შორის სინოფარმი და სინოვაკი) გვიცავს დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან, ყველა შტამის შემთხვევაში. ტრენდს თუ დავაკვირდებით, ვაქცინირებულ მოსახლეობაში, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდეა“.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი