იტვირთება

შალვა ნათელაშვილი: ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ გაყალბებების მსხვერპლი ვარ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა ნათელაშვილი განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: ლეიბორისტული პარტიის საქმეზე, რომელიც 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება („საქართველოს ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ“) 2008 წელს აქვს გამოტანილი.

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ლეიბორისტულ პარტიას სამართლიანად შეეძლო „მსხვერპლის“ სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად - № 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის შესაძლო დარღვევებისთვის, მოეთხოვა.

ამასთან, სასამართლომ ერთ-ერთ ნაწილში, მართლაც, დაადგინა, რომ № 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი დაირღვა. კერძოდ, გადაწყვეტილების თანახმად, 2004 წელს ხულოსა და ქობულეთის ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევით (განმეორებითი არჩევნებისას), ადგილი ჰქონდა საყოველთაო საარჩევნო უფლებიდან გადახვევასა და არჩევნებში კენჭისყრის უფლების დარღვევას. მიუხედავად ამისა, ამ ნაწილში სასამართლოს გაყალბებებთან დაკავშირებით არ უმსჯელია და შეაფასა ის ფაქტი, რომ ხმის მიცემის პროცესს ადგილი საერთოდ არ ჰქონია. მეტიც, სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ მოვლენები, რომლებიც ხულოსა და ქობულეთში განვითარდა, უშუალოდ ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული და არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტები არ დაზარალდნენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შალვა ნათელაშვილის განცხადება, რომ სტრასბურგის სასამართლომ ლეიბორისტული პარტია გაყალბებების მსხვერპლად აღიარა, მსგავსი ფორმულირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება და უნდა შეფასდეს, როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

17 აგვისტოს, „ტვ პირველზე“, გადაცემაში „პირველი ხაზი“ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ლეიბორისტული პარტია გაყალბებების მსხვერპლად აღიარა: „ ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ გაყალბებების მსხვერპლი ვარ. ერთადერთი პარტია ვართ მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს მიერ აღიარებულია გაყალბების მსხვერპლად, რომელსაც ხმებს პარავენ“, - აღნიშნა მან.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, მართლაც აღიარა, თუ - არა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ლეიბორისტული პარტია „გაყალბებების მსხვერპლად“.

ლეიბორისტული პარტიის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წელს აქვს გამოტანილი. ის 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება.


საქმის გარემოებები

2003 წლის 2 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ლეიბორისტულმა პარტიამ პროპორციულ ნაწილში ხმების 12.04% აიღო (20 ადგილი პარლამენტში - 150-დან).

მალევე, ნოემბერში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, (არჩეული პარლამენტარების პარლამენტიდან იძულებით გამოდევნისა და იმჟამინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ), უზენაესმა სასამართლომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები ბათილად სცნო. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წლის იანვარში უნდა ჩატარებულიყო, ხოლო ხელახალი საპარლამენტო არჩევნები - მარტში.

არჩევნებამდე, დეკემბერში, ცესკომ არაერთი ბრძანება გამოსცა, რომელთა მიხედვითაც, ამომრჩევლებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენის მისაღებად სპეციალური ფორმების შევსება დაევალათ. წინასწარი რეგისტრაციის აღნიშნული ფორმა ლეიბორისტულმა პარტიამ (რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატი არ ჰყავდა წარდგენილი) სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ. გარდა ამისა, ცესკომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა წინასწარი სიები, მონაცემები უნდა ყოფილიყო, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასწარი რეგისტრაციის დროს შეგროვდა.

არჩევნების პროპორციული სისტემით განმეორებით გამართვის შემდეგ, აპრილში, ცესკომ კიდევ ერთი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში (დარღვევებზე კომისიაში შესული საჩივრების მიზეზით) არჩევნების შედეგები ბათილად გამოცხადდა. ასევე, წინასწარი რეგისტრაციის პრინციპით დაინიშნა და აპრილშივე გაიმართა აღნიშნულ ოლქებში განმეორებითი არჩევნები, თუმცა, საარჩევნო უბნების გაუხსნელობის გამო, დაახლოებით 60 000-მა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო.

საბოლოოდ, ლეიბორისტულმა პარტიამ ხმების 6,01% მიიღო, რაც 7%-იანი ბარიერის გადასალახავად და პარლამენტში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ლეიბორისტული პარტია აპროტესტებდა საარჩევნო სიების შედგენის წესს, წინასწარ რეგისტრაციას, რამდენადაც, მათი თქმით ბევრმა ამომრჩეველმა წინასწარი პროცედურის გავლა ვერ მოახერხა და შემდეგ მათ ხმის მიცემაზე უარი ეთქვათ. ამასთან, მათი მტკიცებით, აღნიშნული პროცედურა ქმნიდა ე.წ. კარუსელს და გაყალბების საშუალებას და ყოველივე ამის გამო მათ ხმები დაკარგეს. ლეიბორისტული პარტია ასევე აცხადებდა, რომ ცესკოს არ ჰქონდა უფლება, საარჩევნო სიების შედგენის წესები შეეცვალა.

პარტია საარჩევნო კომისიების შემადგენლობასაც აკრიტიკებდა და დასძენდა, რომ ვინაიდან კომისიაში, ყველა დონეზე, 15-დან 8 წევრი პრეზიდენტისა და მისი მხარდამჭერი პარტიების წარმომადგენელი იყო, ლეიბორისტული პარტიისთვის მიცემული ხმები მათ სასარგებლოდ ჩათვალეს.

ლეიბორისტულმა პარტიამ სტრასბურგის სასამართლოში № 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის [1] დარღვევის ფაქტი გაასაჩივრა, რაც მათი მტკიცებით გამოიწვია ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ წესმა, რომელიც ცესკოს 2004 წლის 27 თებერვლის ბრძანებით იყო განსაზღვრული. შემდეგ, პარტია საპრეზიდენტო კონტროლს ყველა დონის საარჩევნო კომისიებზე, 28 მარტის განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების დროს აპროტესტებდა. ასევე, პარტიის მტკიცებით საბოლოო ხმების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოქვეყნდა ისე, რომ ხულოსა და ქობულეთის რაიონებში არჩევნები ჩატარებული არ იყო. გარდა ამისა, ლეიბორისტული პარტია აცხადებდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი [2], რამდენადაც მათი დისკრიმინაცია არასამართლიანი საარჩევნო პროცესების შედეგად და პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, მოხდა.


რა დაადგინა სასამართლომ

საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ლეიბორისტულ პარტიას სამართლიანად შეეძლო მოეთხოვა „მსხვერპლის“ სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის [3] შესაბამისად, № 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის შესაძლო დარღვევებისთვის.

ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა № 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევას ხულოსა და ქობულეთის ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევით. როგორც გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, მთლიანი მოსახლეობის ნებისმიერი ჯგუფის ან კატეგორიის გამოთიშვა [არჩევნებიდან] № 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის მიხედვით დაუშვებელია და საკანონმდებლო ორგანოს დემოკრატიულობას საფრთხეს უქმნის.

სასამართლოს თანახმად, № 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის საფუძველზე, ლეიბორისტულ პარტიას უფლება ჰქონდა, ხულოსა და ქობულეთის ელექტორატს დაყრდნობოდა, განურჩევლად შანსებისა, მიიღებდა, თუ - არა ის ხმების უმრავლესობას აღნიშნულ ოლქებში.

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, სასამართლომ დაადგინა, რომ:

№ 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი არ დარღვეულა იმით, რომ 2004 წლის 28 მარტის განმეორებითი საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის ახალი სისტემა იქნა შემოღებული. გადაწყვეტილების თანახმად, ამომრჩეველთა რეგისტრაციის სისტემას ბიულეტენების გაყალბების პრობლემა არ გამოუწვევია;

არ დარღვეულა № 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან მიმართებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ არ წარმოადგინა საარჩევნო კომისიებში ჩადენილი გაყალბებების არანაირი მტკიცებულება, რომ საარჩევნო კომისიებში პრეზიდენტის წარმომადგენლები ხმებს თავიანთ სასარგებლოდ ითვისებდნენ, ან ზღუდავდნენ მის უფლებებს;

არ დარღვეულა კონვენციის მე-14 მუხლი № 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლთან კავშირში, ანუ ლეიბორისტული პარტიის მიმართ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციას.

დასკვნა

სტრასბურგის სასამართლომ განხილული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ლეიბორისტულ პარტიას სამართლიანად შეეძლო მოეთხოვა „მსხვერპლის“ სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად, № 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის შესაძლო დარღვევებისთვის.

ამასთან, სასამართლომ ერთ-ერთ ნაწილში, მართლაც, დაადგინა, რომ დაირღვა № 1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი. კერძოდ, გადაწყვეტილების თანახმად, 2004 წელს ხულოსა და ქობულეთის ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევით (განმეორებითი არჩევნებისას), ადგილი ჰქონდა საყოველთაო საარჩევნო უფლებიდან გადახვევასა და არჩევნებში კენჭისყრის უფლების დარღვევას. მიუხედავად ამისა, ამ ნაწილში სასამართლოს გაყალბებებთან დაკავშირებით არ უმსჯელია და შეაფასა ის ფაქტი, რომ ხმის მიცემის პროცესს ადგილი საერთოდ არ ჰქონია. მეტიც, სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ მოვლენები, რომლებიც განვითარდა ხულოსა და ქობულეთში, მიზანმიმართული იყო უშუალოდ ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ და არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტები არ დაზარალდნენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შალვა ნათელაშვილის განცხადება, რომ სტრასბურგის სასამართლომ ლეიბორისტული პარტია გაყალბებების მსხვერპლად აღიარა, მსგავსი ფორმულირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება და უნდა შეფასდეს, როგორც ნახევრად სიმართლე.

[1] „მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოების არჩევისას, უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას“.

[2] „კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველ გვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად“.

[3] „საჩივრით სასამართლოს შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ან ცალკეულ პირთა ჯგუფმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მსხვერპლია რომელიმე მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევისა. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არაფრით დააბრკოლონ ამ უფლების სრულად განხორციელება“.

[1] „მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოების არჩევისას, უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას“.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი