საინფორმაციო სააგენტო „Info 9“-მ სოციალურ ქსელში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, Pfizer/BioNTech-ის მიერ იმუნიტეტის შესუსტებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მანიპულაციურად გაავრცელა. კერძოდ, სააგენტომ Facebook-ზე საკუთარი სტატია გამოაქვეყნა, რომლის სათაურიც შემდეგნაირად ჟღერს: „ასუსტებს თუ არა ფაიზერის ვაქცინა იმუნიტეტს? – DW-ს კვლევა“. თუმცა, საკუთრივ „Info 9“-ს სტატიაში, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი გაცემული არაა, რამაც შესაძლოა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, Pfizer/BioNTech-ის მიმართ მკითხველები უარყოფითად განაწყოს.

იხ. Facebook პოსტი და სტატია

„Info 9“-ს სტატიაში საუბარია გერმანიის სახელმწიფო საერთაშორისო მაუწყებლის, DW-ის ამ მასალაზე, რომელიც ნეიმეგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით მომზადდა. DW-ის სტატია განმარტებითი ხასიათისაა და ის პასუხს სცემს კითხვას, BioNTech/Pfizer-ის ვაქცინა თანდაყოლილ იმუნიტეტს ასუსტებს, თუ - არა. DW ასკვნის, რომ მსგავსი მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

საკითხის გადამოწმების მიზნით, DW კვლევის ერთ-ერთ ავტორს, მიხაი ნეტეას დაუკავშირდა. ნეტეას თქმით, კვლევის ამოცანას SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის ეფექტურობის განსაზღვრა წარმოადგენდა. კვლევის შედეგად კი პრეპარატის ეფექტურობა დადასტურდა. მეცნიერისვე განცხადებით, ცნობები იმის შესახებ, რომ კვლევით BioNTech/Pfizer ვაქცინით აცრით შემთხვევაში თანდაყოლილი იმუნიტეტის დასუსტება მტკიცდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

რა დადგინდა კვლევით?

აღნიშნული კვლევის შედეგები 2021 წლის მაისში medRxiv-ის პლატფორმაზე გამოქვეყნდა. კვლევის ავტორებმა სხვადასხვა სტიმულატორზე 16 მოხალისის იმუნური სისტემის საპასუხო რეაქცია გააანალიზეს. კვლევით დადგინდა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა გავლენას ახდენს როგორც შეძენილ, ისე თანდაყოლილ იმუნიტეტზე.

კვლევისას, მისი მონაწილეების იმუნური სისტემის უჯრედების სტიმულირება არა მხოლოდ SARS-CoV-2 ვირუსით მოახდინეს, არამედ სხვა პათოგენებითაც (ვირუსის ნაწილაკები, სოკოები და ბაქტერია). აღმოჩნდა, რომ სტიმულანტის სახეობისა და ანალიზის დროის მიხედვით, იმუნური სისტემის პასუხი, ჩვეულებრივთან შედარებით, უფრო ძლიერი ან სუსტი იყო. გერმანიის იმუნოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის, კრისტინე ფალკის მიხედვით, კვლევის შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ თანდაყოლილი იმუნიტეტის „გავარჯიშებაა“ შესაძლებელი. ფალკის განცხადებით, თანდაყოლილ იმუნიტეტზე გავლენას არა მხოლოდ SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, არამედ ყველა ვაქცინა ახდენს. აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორის, მიხაი ნეტეას თქმით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, არასპეციფიკური სტიმულატორების მიმართ ორგანიზმის თანდაყოლილი იმუნიტეტის რეაქციაში ცვლილებები მოკლევადიანია. აღნიშნულს ფალკიც იზიარებს და ამბობს, რომ Pfizer/BioNTech-ით აცრიდან ორი კვირის შემდეგ იმუნური სისტემა მუშაობის ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება და მას მარაგში საჭირო ანტისხეულები აქვს.

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი