ბექა დავითულიანი: შეიძლება ეს კადრები იყოს გაყალბებული, ეს თუ ასე არ არის, დაემატება კიდევ ერთი მუხლი საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კიდევ უფრო დიდ სასჯელს მოიხდის, თუმცა დიდი ალბათობით ეს არის „Reality Show”

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა დავითულიანის განცხადება არის მცდარი

რეზიუმე: საქართველოში სასჯელის შთანთქმის პრინციპი მოქმედებს. მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს მიერ უკვე მისჯილი აქვს 6 და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მას საზღვრის უკანონო კვეთის დანაშაული დაუმტკიცდება (მაქსიმალური სასჯელი 5 წელი), უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრ სასჯელს შთანთქავს.

ანალიზი:

2021 წლის 1 ოქტომბერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა 2 პოსტი და 2 ვიდეო გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც იგი საქართველოში, კერძოდ ბათუმში იმყოფება. აღნიშნულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას ქართული ოცნების წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ შეიძლება ეს კადრები იყოს გაყალბებული, „ეს თუ ასე არ არის, დაემატება კიდევ ერთი მუხლი საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კიდევ უფრო დიდ სასჯელს მოიხდის, თუმცა დიდი ალბათობით ეს არის „Reality Show“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2013 წლის 17 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართალში დანაშაულის შეკრებითობის პრინციპი გაუქმდა და აღნიშნული სასჯელთა შთანთქმის პრინციპმა ჩაანაცვლა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

ამ მომენტისთვის, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო მიერ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შესაბამისად, თუ დავუშვებთ, რომ სააკაშვილი საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, მოცემული დანაშაულისთვის მას საპატიმრო სასჯელის ვადა არ გაუხანგრძლივდება. აღნიშნულის გათვალისწინებით ბექა დავითულიანის განცხადება გახანგრძლივებული სასჯელის მოხდის შესახებ, არის მცდარი.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი