იტვირთება

არჩევნების მეორე ტურის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ამომრჩეველს საპენსიო დანამატს ჰპირდება. კერძოდ, „100 ლარი ყოველთვიური დანამატი თბილისელ პენსიონერს“,- ასეთია ნიკა მელიას დაპირება.

ნიკა მელიას დაპირებას მყისვე მოჰყვა თბილისის მოქმედი მერისა და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის დაპირება. ის თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500-ლარიან ვაუჩერს ჰპირდება, რომელიც ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შესაძენად არის გათვალისწინებული.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, რამდენად რეალურია 100-ლარიანი საპენსიო დანამატის შესახებ დაპირება. პირველ რიგში, განვიხილოთ, თბილისის ბიუჯეტიდან 100-ლარიანი საპენსიო დანამატის ფინანსური უზრუნველყოფა რამდენად შესაძლებელია.

მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, თბილისში 232 339 პირია ასაკობრივი პენსიის მიმღები. ასაკით პენსიონერების 100-ლარიან დანამატს ყოველწლიურად 278,806,800 მლნ ლარი დასჭირდება. 2021 წლის თბილისის ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებული გადასახდელები (ხარჯები+არაფინანსური აქტივები) 1,226,976.9 მლნ ლარს შეადგენს, ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები კი 922,342.2 მლნ ლარს. შესაბამისად, საპენსიო დანამატს წლიური ბიუჯეტის გადასახდელების დაახლოებით 23%, ხოლო მთლიანი ხარჯების 30% დასჭირდება.

თბილისის ბიუჯეტის 2021 წლის გეგმის მიხედვით, შრომის ანაზღაურების მუხლი 73,146.9 მლნ ლარს, ხოლო საქონელი და მომსახურების მუხლი 148,575.3 მლნ ლარს შეადგენს, რაც ჯამში 221.7 მლნ ლარს შეადგენს. შესაბამისად, ბიუროკრატიული ხარჯები რამდენადაც არ უნდა შემცირდეს, ის საპენსიო დანამატების ფინანსური უზრუნველყოფისთვის არასაკმარისი იქნება.

თბილისის არსებული ბიუჯეტი პრაქტიკულად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საპენსიო დანამატებისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 278 მლნ ლარი იქნას გამოთავისუფლებული. მით უმეტეს, რომ გარდა საპენსიო დანამატებისა, ნიკა მელიას ერთ-ერთი დაპირება ასევე თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეების უფასო კვებით უზრუნველყოფაა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ბიუჯეტში სოციალური ხარჯები 157,178 მლნ ლარს შეადგენს, ამას თუ დავუმატებთ საპენსიო დანამატისთვის საჭირო 278 მლნ ლარს და საჯარო სკოლებში უფასო კვებისთვის განსაზღვრულ დაახლოებით 80 მლნ ლარს, ჯამში სოციალური ხარჯი 515,178 მლნ ლარს მიაღწევს, რაც თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების თითქმის 56%-ია.

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტი ვერ გასცემს პენსიას და, შესაბამისად, ამ დახმარების ფინანსური წყარო თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი ვერ გახდება. მუნიციპალიტეტს შეუძლია სოციალური დახმარების გაცემა, თუმცა ეს უკანასკნელი საჭიროებების შეფასებაზე დაფუძნებული დახმარების სისტემაა და არა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით გაცემული დახმარება.

სახელმწიფო პენსიის ან/და საპენსიო დანამატის გაცემა ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად, პენსიის გაცემა სახელმწიფო (ცენტრალური) ბიუჯეტიდან ხდება. სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონით, მის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, შეჩერებას და გაანგარიშებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლით მუნიციპალიტეტს შეუძლია, გარდა მისი საკუთარი უფლებამოსილებისა, განახორციელოს სხვა ღონისძიებები, რაც სხვა ორგანოს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება და კანონით არ არის აკრძალული. ამ კუთხით, ის უფლებამოსილია დაგეგმოს ღონისძიებები სოციალური დახმარების მიზნით. აქედან გამომდინარე, სოციალური დახმარების შესახებ კანონით სოციალური დახმარების დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი. სოციალური დახმარების შესახებ კანონის მე-4 მუხლით სოციალური დახმარება განიმარტება როგორც ნებისმიერი სახის ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისთვის, ღატაკი ოჯახისთვის ან უსახლკარო პირისათვის. მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური დახმარების გაცემისას, ბენეფიციარების განსაზღვრა უნდა მოხდეს მათ საჭიროებაზე დაფუძნებული შეფასებით, რომლის მიზნებსა და პრინციპებს ადგენს სოციალური დახმარების შესახებ კანონი.

ჩვენ დავუკავშირდით პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რათა გაგვერკვია, ოპოზიცია გამარჯვების შემთხვევაში რის ხარჯზე აპირებს საპენსიო დანამატის ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხის თბილისი ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებას. ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პენსია/საპენსიო დანამატი, არაა მერიის უფლებამოსილება და ასაკობრივი კატეგორია არაა ის დეფინიცია რის საფუძველზეც შეიძლება სოციალური შემწეობა გაიცეს, როგორ აპირებენ აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას. კომუნიკაციის არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ფაქტ-მეტრმა“ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ (მაგალითად, საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტაციის შედეგად) შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების ბენეფიციარი, გარდა სოციალური დახმარების შესახებ კანონით განსაზღვრული პირებისა, ასევე სხვა პირებიც გახდნენ. თუმცა პენსიის და საპენსიო დანამატის გაცემა მერიის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება კახა კალაძის დაპირებას, რომელიც გულისხმობს ღატაკი [სოციალურად დაუცველი] პენსიონერების მედიკამენტებისთვის განკუთვნილი ვაუჩერით უზრუნველყოფას, კანონმდებლობა არ ზღუდავს მსგავსი ტიპის დახმარების გაცემას. მეტიც, თბილისის მერიის ბიუჯეტში ისედაც გათვალისწინებულია, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისთვის (თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ და სხვა საჭიროების მქონე პირები) სოციალური დახმარებები/შესაბამისი სერვისების მიწოდება.

კახა კალაძის განმარტებით, თბილისში დაახლოებით 40 ათასი სოციალურად დაუცველი პენსიონერი ცხოვრობს. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის განხორციელება თბილისის ბიუჯეტს 20 მლნ ლარი დაუჯდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზაში თბილისში 60 წელს ზემოთ ასაკის 42 220 პირია რეგისტრირებული, აქედან საარსებო შემწეობის მიმღები არის 19,183 პირი. სავარაუდოდ თბილისის მერი სწორედ ბაზაში რეგისტრირებულ ასაკით პენსიონერ პირებს გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძის დაპირება ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც რეალისტურია, უნდა ითქვას რომ, სოციალურად დაუცველი პენსიონერების საჭიროებები ქალაქის მოქმედ მერს, მხოლოდ მერის არჩევნების მეორე ტურის წინ, კონკურენტის მიერ გაცემული დაპირების შემდგომ, გაახსენდა.


მსგავსი სიახლეები

3475 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი