„რადიო ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იყო მიწვეული, რომელმაც გადაცემის მსვლელობის დროს კორონავირუსის პანდემიასა და მის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით არაერთი შეცდომაში შემყვანი და მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. გადაცემის შემოკლებული ვიდეო Facebook-გვერდმა „კორონავირუსი/covid-19 ერთად დავამარცხოთ“ გამოაქვეყნა.

მტკიცება: 2020 წელს პანდემია არ ყოფილა, საქართველოს ბოლო ხუთ წელიწადში ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰქონდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მიხეილ ცაგარელის მტკიცებით, 2020 წელს პანდემია არ ყოფილა, რადგან „ბოლო ხუთი წელიწადში ყველაზე დაბალი სიკვდილიანობა საქართველოში იყო 2020 წელს“. საქსტატის მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში, 2016 წლის შემდეგ ქვეყანაში საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია იყო, გასულ წელს კი - სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3%-ით [3,878 ერთეულით] გაიზარდა. გასულ წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა, 2017-2019 წლების მაჩვენებელს, ასევე მკვეთრად აღემატება.

გრაფიკი 2: გარდაცვლილთა რიცხოვნობა თვეების მიხედვით (2019-2020 წლებში)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წლის ზრდის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით, როგორც პროცენტულად, ასევე რაოდენობრივად, გაცილებით მაღალი იყო. ამასთან, 2020 წელს გარდაცვლილთა ყოველთვიურ სტატისტიკას თუ გავაანალიზებთ, ნათლად ჩანს, რომ გარდაცვალების მკვეთრი ზრდა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნოემბერ-დეკემბერში დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ეპიდაფეთქების პიკურ პერიოდთან თანხვედრაშია. 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარდაცვლილთა რიცხოვნობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 4 717-ით აღემატება. ოქტომბერ-დეკემბერში COVID-19-ით გარდაცვალების 2 466 შემთხვევა აღირიცხა. ამ პერიოდში COVID-19-ით გარდაცვალება შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეგისტრირებული მონაცემები.

ხოლო რაც შეეხება ზოგადად მტკიცებას, რომ 2020 წელს პანდემიის გამოცხადების საჭიროება არ არსებობდა, რადგან რეალურად პანდემია არ არსებობს, სიცრუეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო მასშტაბით 114 ქვეყანაში, 118000-ზე მეტი დაინფიცირებისა და 4291 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ვირუსის ფაქტები 11 მარტის მონაცემებით დაფიქსირებული იყო დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა). ამასთან, ზემოთ აღნიშნულ ჩინეთში, იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში მთელი შემთხვევების რაოდენობის 90% მოდიოდა. უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება: ვაქცინაციას აზრი არ აქვს, რადგან ყველა ვირუსის ერთნაირი გადამტანი-გამავრცელებელია

ვერდიქტი: მანიპულირება

ცაგარელი საუბრის დროს კიდეც ერთ მანიპულაციურ მტკიცებას აჟღერებს, რომ თითქოს ვაქცინაცია პანდემიას ვერ დაასრულებს, რადგან აცრილი და აუცრელი ადამიანი ერთნაირად არის ვირუსის გადამტანი და გამავრცელებელი.

SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. ამ ეტაპზე მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, დელტა ვარიანტია (ე.წ. ინდური შტამი) დომინანტური. ახალ შტამებზე კოვიდვაქცინების ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც შესაბამისი კვლევებით დასტურდება. ამასთან, ახალ შტამებზე კოვიდვაქცინები ინფიცირების რისკს, ისევე როგორც ვირუსის გავრცელების რისკებს, გარკვეულწილად ამცირებენ. რაც უფრო დაბალია ვაქცინაციის დონე, ვირუსის მუტაციის და ახალი ვარიანტების და ტალღების წარმოქმნის ალბათობა მით უფრო მაღალია.

დელტა ვარიანტის გაჩენამდე, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა მრავალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იყვნენ აცრილები და შემდგომ დაინფიცირდნენ, არავაქცინირებულებთან შედარებით, უფრო ნაკლები ვირუსული დატვირთვა ჰქონდათ, ანუ ნაკლებად გადამდებები იყვნენ. დელტა ვარიანტის გამოჩენის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირებული, ვაქცინირებული ადამიანებიც კი შესაძლოა ისევე გადამდებები აღმოჩნდნენ, როგორც არავაქცინირებულები, რადგან მათ ვირუსული რნმ-ის და კულტივირებად ვირუსის რაოდენობის მსგავსი დონე აქვთ. თუმცა ვაქცინირებულები ნაკლები დროით არიან გადამდებები, რადგან კვლევებმა სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ვირუსული რნმ-ის რაოდენობის და კულტივირებადი ვირუსის დონის სწრაფი კლება აჩვენა. კვლევებით დასტურდება, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირებული სრულად ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად გადამდებები აღმოჩნდნენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომელნიც საერთოდ არ იყვნენ, ან ერთი დოზით იყვნენ აცრილები. უფრო დაწვრილებით ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

ამდენად, მტკიცება, რომ ვაქცინირებულები და არავაქცინირებული ადამიანები ერთნაირად ავრცელებენ ვირუსს, მანიპულაციურია. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, პანდემიის დასრულების ერთ-ერთ წინაპირობად ვაქცინაციასთან ერთად, პირბადის ტარებისა და სხვა სიფრთხილის ზომების დაცვას ასახელებს.

მტკიცება: ვაქცინები არ არის გამოკვლეული სხვადასხვა დაავადებებზე, გამრავლებაზე, ონკოლოგიურ დაავადებებზე

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

გადაცემის სტუმარი ასევე ამტკიცებს, რომ ვაქცინებზე საკმარისი კვლევები არ არის ჩატარებული და არავინ იცის, თუ რა გავლენა აქვს მაგ „გულსისხლძარღვთა სისტემაზე,... როგორ მოქმედებს შიდა ორგანოებზე, მათ შორის მეტაბოლურ პროცესებზე, გამრავლებაზე, ონკოლოგიურ დაავადებებზე“. ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება. გლობალურად ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ვაქცინა გამრავლებაზე, ონკოლოგიურ თუ სხვა სახის დაავადებებზე გავლენას ახდენს, არ არსებობს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კვლევების დროს ნებისმიერი ვაქცინის ყველანაირი (მათ შორის ონკოგენობაზე) შემოწმება ხდება. კოვიდვაქცინების მიერ მსგავსი დაავადების გამოწვევის თეორიული შანსიც კი არ არსებობს. ამასთან, ვაქცინების გამოყენება ადამიანებზე მისი წინასწარი შესაბამისი შემოწმების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ ხდება. რაც შეეხება უნაყოფობის თემას, დღემდე არსებული კვლევების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას, ქალის ან კაცის ორგანიზმის ნაყოფიერების უნარზე, რაიმე სახით ნეგატიური გავლენის მოხდენა არ შეუძლია. არც ერთი ვაქცინის გვერდით ეფექტს პოტენციური უშვილობის საფრთხე არ წარმოადგენს.

„ბრიტანეთის ნაყოფიერების საზოგადოების“ (The British Fertility Society) და „რეპროდუქციისა და კლინიკური მეცნიერების ასოციაციის“ (Association of Reproductive and Clinical Scientists) ცნობით, აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება და არც თეორიული მიზეზი არსებობს იმისა, რომ რომელიმე კოვიდვაქცინას ქალის ან მამაკაცის ნაყოფიერებზე რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია. იმავეს ამტკიცებენ ამერიკის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (CDC) და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც (NCDC), რომ კორონავირუსის ვაქცინებს შვილოსნობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ იხილეთ „ფაქტ- მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება: ღორის გრიპით საქართველოში 3-ჯერ მეტი ინფიცირებული და გარდაცვალებული იყო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

უახლესი ისტორიის მანძილზე, 2009 წელს, პანდემიად ასევე გამოცხადდა ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) ვირუსი, რომელიც 2010 წლის აგვისტოში დასრულდა. პანდემიის დროს საქართველოში 120 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 18 გარდაიცვალა. მომდევნო წლებში H1N1-ის პანდემია სეზონურ გრიპად იქცა, რომელსაც როგორც სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს კვლავ გააჩნია მძიმე შემთხვევების გამოწვევის მაღალი უნარი. როგორც საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები აჩვენებს 2010 წლის შემდეგ იგივე შტამის A/H1p ქვეტიპის ვირუსის შედეგად, საქართველოში დაიღუპა 133 ადამიანი, საიდანაც ყველაზე მეტი (46), 2015-2016 წლების გრიპის სეზონს უკავშირდება.

რაც შეეხება კორონავირუსის სტატისტიკას საქართველოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე (2021 წლის 24 დეკემბრის მონაცემებით) სულ კორონავირუსი 920 617 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 13 367 ადამიანი გარდაიცვალა. ამდენად, ამ მონაცემების მოყვანის შემდეგ, თვალსაჩინოა, რომ საქართველოში დღემდე კორონავირუსის პანდემიამ უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ვიდრე 2010 წელს ე.წ. ღორის გრიპმა.

ღორის გრიპის (H1N1) პანდემია არაერთხელ დაუკავშირებიათ კორონავირუსის პანდემიასთან. Covid-19 და H1N1 ვირუსები ნამდვილად იყო პანდემიის გამოცხადების საფუძველი, თუმცა ამ ვირუსების ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია. ორივე მათგანი, კორონავირუსიც და ღორის გრიპის ვირუსიც რესპირატორული დაავადებებია, მათ შორის, ისინი ზოგიერთი სიმპტომითაც ჰგვანან ერთმანეთს (ცხელება, ყელის და თავის ტკივილი და სხვა), მაგრამ მათ ვირუსებს შორის არსებობს განსხვავებაც: COVID-19 უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე 2009 წლის H1N1 გრიპი. ასევე, დღემდე კორონავირუსმა უფრო მეტი სიკვდილი გამოიწვია, ვიდრე ღორის გრიპმა.

მტკიცება: ი-რნმ ვაქცინა ადამიანის „დნმ-ს ჭრის“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ცვლის - კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული მითია. რეალურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ადამიანის დნმ-თან შეხება არ აქვს.

ახალ ტექნოლოგიაზე (ი-რნმ) დაფუძნებული Pfizer/BioNTech -ისა და Moderna-ს ვაქცინები, ორგანიზმში იმუნური პასუხის შესაქმნელად, ბუნებრივი ქიმიური ნივთიერების ასლს- რნმ მატრიცას იყენებს. უჯრედში მოხვედრის შემდეგ, რნმ ვაქცინა ფუნქციონირებს, როგორც რნმ მატრიცა და უჯრედს ასწავლის, უცხო ცილა ან მხოლოდ პროტეინის ნაწილი შექმნას, რომელიც იმუნური პასუხის გამომუშავებას იწვევს. ვაქცინით შეყვანილი ი-რნმ ინექციიდან ერთი დღის შემდეგ იშლება და ორგანიზმიდან განიდევნება. ამასთან ერთად, თავად რნმ-ის მოლეკულა საზიანო არ არის, ადამიანის უჯრედები რნმ-ს ისედაც მუდამ წარმოქმნის და იყენებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

ამდენად, ი-რნმ ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა საერთოდ არ აქვთ და შესაბამისად, მასში რაიმე ცვლილების შეტანაც არ შეუძლიათ. COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს და, ზოგადად, არც ერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა ( ან „დნმ-ის დაჭრა“) არ შეუძლია. ვაქცინა უჯრედის ბირთვში ვერ აღწევს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც ვერ შეიტანს. გენეტიკური მოდიფიკაციისას უცხო დნმ-ის შეყვანა სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მიხეილ ცაგარელი საუბრის დიდ ნაწილს უთმობს კონსპირაციულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, სამყაროს სხვადასხვა მასონური და გლობალური ძალების მიერ იმართება (საბანკო სისტემა, ფარმაცევტული კომპანიები). ამ ძალების მიზანი კი ადამიანებზე ტოტალური კონტროლის დამყარებაა. მსგავსი კონსპირაციული თეორიები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (იხ. ბმული).

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი