სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 223.5 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 16%-ით (31 ლარით) არის გაზრდილი. საარსებო მინიმუმის ზრდა სამომხმარებლო ფასების ზრდასთან (ინფლაციასთან) არის დაკავშირებული. 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ არსებული საარსებო მინიმუმი ადამიანის საჭიროებებს რეალურად არ ასახავს და ის მხოლოდ მინიმალური სასურსათო კალათის ფასის ცვლილებას გვიჩვენებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საარსებო მინიმუმი აჩვენებს, რამდენად გაძვირდა ცხოვრება.

გრაფიკი 1: საარსებო მინიმუმი 2020-2021 წლებში (ლარი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორ ხდება საარსებო მინიმუმის გაანგარიშება?

საარსებო მინიმუმს საქსტატი იმ მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელიც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას შეიცავს. სასურსათო კალათის შემადგენლობა, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წელს განისაზღვრა. ის 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს - პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა, რაც ჯამში 2 300 კილოკალორიას შეადგენს.

მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ჯამური ღირებულება 0.86-ზე, ე.წ. „შევაჭრების კოეფიციენტზე“, მრავლდება. ეს არის დაშვება, რომ ადამიანი პროდუქტს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ვაჭრობის ან ფასდაკლების შედეგად, 14%-ით იაფად ყიდულობს.

მას შემდეგ, რაც სასურსათო კალათის ჯამური ღირებულება „შევაჭრების კოეფიციენტზე“ გამრავლდება, მისი კიდევ ერთხელ დაკორექტირება ხდება. ამისთვის, სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება 0.7-ზე იყოფა. საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ის სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის ცვლილებაზე გავლენა მხოლოდ სურსათის ფასებს აქვს.

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადასახედია და რეალურად ის გაცილებით მაღალია. ხარჯების ამგვარი გადანაწილება (სასურსათო ხარჯები 70%, არასასურსათო ხარჯები 30%) რეალური საარსებო მინიმუმის ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. დღეს არსებული ოფიციალური მონაცემებით გამოდის, რომ ადამიანს არასასურსათო ხარჯებისთვის თვეში დაახლოებით 67 ლარი უნდა ეყოს, რაც არარეალურია, რადგან აქ შედის ტრანსპორტის, ტანსაცმლის, კომუნალური გადასახადების, ჯანდაცვისა და სხვა ხარჯები. რეალურად, არასასურსათო ხარჯების წილი გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული საარსებო მინიმუმის 30%. საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება და ახალი ზღვრის დაწესება 2012 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. თუმცა, ეს დაპირება არ შესრულებულა.

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება და რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში საარსებო მინიმუმი ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია. ამასთან, საარსებო მინიმუმი ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონის, სიღარიბის მაჩვენებლის განსაზღვრისთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი