იტვირთება

გიორგი ვაშაძე: პენსიონერებს წამლებზე არ ეყოფოდათ სესხების აღება, ახლა კალაძემ ტრანსპორტის ვაუჩერისთვის დაუმატა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის ტყუილი

რეზიუმე: 2022 წელის 1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობის ღირებულების საფასური შეიცვალა. კერძოდ, სტანდარტული ერთჯერადი პაკეტი 50 თეთრის მაგივრად 1 ლარი გახდა. გასათვალისწინებელია, რომ გარდა საფასურის ცვლილებისა, მერიამ გადახდის ვაუჩერული სისტემა შემოიღო, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები ყიდულობენ 1- კვირიან, 1-თვიან, 3-თვიან, 6-თვიან, ანდაც 1-წლიან ვაუჩერებს, რის შედეგადაც მათ მგზავრობა ულიმიტოდ შეუძლიათ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მერიამ ტრანსპორტზე მანამდე არსებული საშეღავათო პაკეტები შეინარჩუნა. პენსიონერები ახალი ტარიფების ამოქმედების შემდეგაც, მეტროს და ავტობუსის შემთხვევაში კვლავ შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ და ტრანსპორტში 20 თეთრს გადაიხდიან, ხოლო სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაში, მათთვის მგზავრობა იაფდება. შესაბამისად, მათზე ტრანსპორტის ტარიფის ცვლა ფინანსურად უარყოფითად არ აისახება, რადგან სატრანსპორტო აბონემენტის შეძენა მათ არ ესაჭიროებათ. აქედან გამომდინარე, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ პენსიონერებს ვაუჩერის საყიდლად სესხის აღება მოუწევთ, არის ტყუილი.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ გადაცემა საქმის კურსში განცხადება გააკეთა:

„პენსიონერებს წამლების საყიდლად არ ეყოფოდათ საპენსიო სესხების აღება, ახლა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტის ბარათების შესაძენად დაუმატა“.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

თბილისის მერიის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმირების ფარგლებში 2022 წლის 1 თებერვლიდან ახალი ტარიფები ამოქმედდა, რის შედეგადაც ერთჯერადი მგზავრობის საფასური მეტროს და ავტობუსის შემთხვევაში 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდა, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გაზრდილ ტარიფს მიკროავტობუსის სერვისიც დაემატა, რაც მანამდე (ლურჯი მიკროავტობუსების გარდა) 50-თეთრიან ტარიფში საერთოდ არ შედიოდა.

რეფორმის ფარგლებში მერიამ შემოიღო ე.წ სამგზავრო ბარათები -აბონემენტები, რომელიც გახლავთ 1-დღიანი, 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი და 1- წლიანი. ვაუჩერის შეძენის შემდგომ მგზავრობის რაოდენობა ლიმიტირებული არ არის.

ცხრილი1: თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ტარიფები

წყარო: რადიო თავისუფლება

ასევე აღსანიშნავია, რომ იმ სოციალური ჯგუფებისთვის, რომლებიც დედაქალაქში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობისას შეღავათებით სარგებლობდნენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება,. უფრო მეტიც, ახალი „ლურჯი მიკროავტოსების“ შემთხვევაში, მთელი რიგი სოციალური ჯგუფების შემთხვევაში, „ყვითელ მიკროავტობუსებთან“ შედარებით, მგზავრობა იაფდება კიდევაც, რადგან წარსულში, მგზავრობის საფასურად განსაზღვრული იყო 50% ფასდაკლება. უფასო მგზავრობით ისარგებლებენ დედაქალაქში რეგისტრირებული უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები, სამხედრო ძალების ვეტერანები, სკოლის მოსწავლეები, შსს-ს უბნის ინსპექტორები.

10-თეთრიანი ტარიფი უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000-ზე დაბალი ქულა აქვთ მინიჭებული.

20 თეთრს გადაიხდიან - დედაქალაქში განლაგებული ლიცენზირებული და აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, სკოლისა და ბაღების თანამშრომლები, 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები, პენსიონერები, საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები, უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები, მანდატურები, სოციალური აგენტები და სოციალური მუშაკები.

როგორც აღვნიშნეთ, მეტრო და ავტობუსების შემთხვევაში, დედაქალაქში მცხოვრებ პენსიონერებს ტრანსპორტზე არსებული შეღავათი უნარჩუნდებათ და 1 თებერვლიდან კვლავ 20-თეთრიანი ტარიფით სარგებლობენ, ხოლო მიკროავტობუსების შემთხვევაში, მათთვის მგზავრობა იაფდება. შესაბამისად, მათთვის რომელიმე ტიპის სატრანსპორტო აბონემენტის შეძენის საჭიროება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ პენსიონერებს სატრანსპორტო ხარჯის გასაწევად საპენსიო სესხის აღება მოუწევთ, არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი