2022 წლის 7 ივნისს „ემი“ ჯგუფმა, რომელიც ანტივაქსერებსა და კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციის გამავრცელებლებს აერთიანებს, Facebook-გვერდზე მანიპულაციური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჰაერში ბიოციდების გაფრქვევაზეა საუბარი, რომელიც „ემი“ ჯგუფმა ე.წ. ქიმიურ ბილიკებს დაუკავშირა.

სინამდვილეში, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული დადგენილება 2020 წლის 17 აპრილს გამოსცა, როდესაც მსოფლიო COVID-19-ის პანდემიას სხვადასხვა მეთოდით ებრძოდა. დადგენილებას არაფერი აქვს საერთო ე.წ. ქიმიურ ბილიკებთან.

ჯანდაცვის სამინისტრომ ესპანეთის შეიარაღებული ძალების ბირთვულ, ბიოლოგიურ და ქიმიურ ქვედანაყოფებსა (NBC) და გადაუდებელი სიტუაციების სამხედრო დანაყოფს (UME) მიანიჭა უფლებამოსილება, კორონავირუსით გამოწვეული ჯანმრთელობის კრიზისული სიტუაციის მართვისათვის სადეზინფექციო ბიოციდები გამოეყენებინათ. ბიოციდები, რომლებიც დეზინფექციისთვის იყო განკუთვნილი ესპანეთში ავტორიზებული და რეგისტრირებულია UNE-EN 14476 სტანდარტის მიხედვით, რაც ქიმიური ანტისეპტიკებისა და სადეზინფექციო საშუალებების ვირუსულ შესაძლებლობებს აფასებს. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ბიოციდები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

როგორც სამინისტროს განცხადებაში იყო ნათქვამი, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა საჭირო იყო ისეთ დაწესებულებებზე, როგორებიცაა: საავადმყოფოები და სხვა ჯანმრთელობის ცენტრები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები, სატრანსპორტო კვანძები და ა.შ. დეზინფექციის ყველაზე ეფექტურ მეთოდად ჯანდაცვის სამინისტრომ საჰაერო დეზინფექცია მიიჩნია, რადგან ბიოციდები ამ გზით ყველა ტიპის ზედაპირზე მარტივად ხვდება.

რაც შეეხება ტექნიკას, რითაც დეზინფექცია მიმდინარეობდა, იყო არა თვითმფრინავები, რასაც „ემი“ ჯგუფი პოსტს ურთავს თავს, არამედ დრონები. იხილეთ 2020 წელს ესპანეთში ბიოციდებით დეზინფექციის ამსახველი კადრები:

მიუხედავად აღნიშნული ფაქტებისა, „ემი“ ჯგუფი მოცემულ ინფორმაციას ისე აქვეყნებს, თითქოს აღნიშნული დადგენილება ესპანეთმა წელს მიიღო და „ქიმიური ბილიკებით“ ადამიანისთვის საზიანო ბიოციდების გაშვება ლეგალურად დაუშვა. სწორედ ამ მიზნით ურთავს პოსტს „ემი“ ჯგუფი თვითმფრინავებისა და მათ მიერ ცაზე დატოვებული კვალის ფოტოს, რასაც, რეალურად, ესპანეთში დეზინფექციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ქიმიური ბილიკის“ შესახებ შეთქმულების თეორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძველი თეორიაა. ის სათავეს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნიდან იღებს. შეთქმულების თეორიის მიხედვით, ცაში ხშირად მთავრობების (ან სხვა აქტორების) მიერ თვითმფრინავებიდან განზრახ გამოფრქვეული დამაზიანებელი ნივთიერებების მიერ დატოვებული კვალი შეინიშნება. შეთქმულების თეორიას სხვადასხვა მიმდინარეობა აქვს. ერთ ნაწილს სჯერა, რომ მთავრობები ამინდს აკონტროლებენ, „გეო-ინჟინერიის“ ექსპერიმენტებისას გვწამლავენ და გავლენიანი ჯგუფები მოსახლეობას ქიმიკატებს აფრქვევენ, რათა ისინი უფრო დამყოლი და მარტივად გასაკონტროლებელი გახადონ.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებასთან ერთად სოციალურ ქსელში ე.წ. ქიმიური ბილიკების შესახებ ახალი შეთქმულების თეორია გაჩნდა. დეზინფორმატორების ნაწილი ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავებიდან „ქიმიური ბილიკების“ საშუალებით (Chemtrail) კორონავირუსს ავრცელებენ. საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის ახალ შტამს სწორედ ამ მეთოდით ავრცელებენ. „ქიმიური ბილიკის“ თეორიის ერთ-ერთ ვარიანტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ჯანმოს ევროპის დაბინძურების გამო ევროპული სახელმწიფოები უჩივიან, „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა. აღნიშნული მტკიცებები უსაფუძვლოა და დეზინფორმაციას წარმოადგენს.

რეალურად, რასაც შეთქმულების თეორიის მიმდევრები მომწამვლელ ნივთიერებებად აღიქვამენ, თვითმფრინავის მიერ დატოვებული ინვერსიული კვალია - ე.წ. „კონტრეილი“ (contrail). მისი წარმოქმნისთვის შესაბამისი პირობებია საჭირო, რაც ძირითადად თვითმფრინავის გაფრენის ადგილას ტენიანობასა და ჰაერის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. თვითმფრინავის საწვავის ნახშირწყალბადის წვისას გვერდითი პროდუქტის სახით აორთქლებული წყალი წარმოიქმნება. „კონტრეილი“ ყინულის მცირე ნაწილაკებისგან შედგება. შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში ის ხილულია, თუმცა მასშიც თვითმფრინავისგან გამოყოფილი წყალი მცირეა, ხოლო წყლის უმეტესი ნაწილი თავად თვითმფრინავის გზაზე ტენიანობიდან გამომდინარე ჰაერშივე არსებობს. „კონტრეილები“ ავიაციის ნორმალური ეფექტია, რომელიც ავიაციის განვითარების საწყისებიდანვეა ცნობილი. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, „კონტრეილებს“ შესაძლოა, კლიმატის ცვლილებაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, მაგრამ ის მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს ან/და ვირუსებს არ შეიცავს.

ქიმიური ბილიკის“ შეთქმულების თეორია იმდენად მასშტაბური გახდა, რომ მისი რეალობასთან შესაბამისობის გადასამოწმებლად კვლევაც კი ჩატარდა. კვლევაში სხვადასხვა პრესტიჟული უნივერსიტეტიდან და ინსტიტუტიდან (მაგალითად, კალიფორნიის უნივერსიტეტი) 77 მეცნიერი, რომლებიც ატმოსფეროს შეისწავლიან, მონაწილეობდა. მათი მიზანი იყო, დაედგინათ, „კონტრეილები“ მართლა „ქიმიური ბილიკებია“, თუ ეს გამოგონილი ტყუილია. თვითმფრინავებიდან მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების მასობრივი გაფრქვევა, რათა გარკვეულმა ინტერეს-ჯგუფებმა მოსახლეობა დაიმორჩილონ, დასაწყისშივე საფუძველს მოკლებული და არარეალურია. თუმცა აღნიშნული ჭეშმარიტება კვლევითაც დადასტურდა.

კვლევაში მონაწილე მეცნიერთა 98,7%-მა (76-მა მეცნიერმა 77-დან) განაცხადა, რომ მათ საიდუმლო მასშტაბური ატმოსფერული პროგრამის (secret large-scale atmospheric program – SLAP), იგივე - „ქიმიური ბილიკის (Chemtrail), ვერავითარი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს. ხოლო შეთქმულების თეორიის მიმდევრების მიერ მოყვანილი მტკიცებები სრულიად სხვა ბუნებრივი, ქიმიასა და ფიზიკაში კარგად ცნობილი ფაქტორებით აიხსნება, რაც თვითმფრინავების ფრენისა და საწვავის წვის შედეგია. რაც შეეხება, 77-დან იმ ერთ მეცნიერს, რომელიც 76 კოლეგას არ შეუერთდა, მან არც შეთქმულების თეორიას დაუჭირა მხარი. აღნიშნულის მიზეზად კი მან ის ფაქტი დაასახელა, რომ ატმოსფეროს ერთ-ერთ არეალში ბარიუმის მაღალი შემცველობა დააფიქსირა. აღნიშნულ არეალში კი, მისი თქმით, ხმელეთზე ბარიუმის დაბალი შემცველობა იყო. კვლევაში აგრეთვე განხილულია შეთქმულების თეორიის მიმდევრების მიერ გავრცელებული სურათები და მათზე აღბეჭდილი ცაში დატოვებული კვალის წარმოქმნის ბუნებრივი ფაქტორებია ახსნილი.

-------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი