იტვირთება

თეონა ჭალიძე: ბოლო წლის განმავლობაში, 100 ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეონა ჭალიძის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: 2021 წელს 99,974 პირი წავიდა ემიგრაციაში, თუმცა ამავე პერიოდში იმიგრანტების [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობამ 74,008 შეადგინა.

მიგრაცია ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, თუმცა მხოლოდ ემიგრანტების მაჩვენებელზე აპელირება და იმიგრანტების მაჩვენებლის უგულებელყოფა შეცდომაში შემყვანია. რეალური სურათის დასანახად მართებულია მიგრაციული სალდოს ( სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) განხილვა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნიდან 25,966 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

ანალიზი

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა ჭალიძემ განაცხადა: „ბოლო წლის განმავლობაში, 100 ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა“.

პირველ რიგში უნდა განიმარტოს, რომ ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. საქსტატის მეთოდოლოგიით, ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც საქართველო ბოლო 12 თვეში დატოვა და სხვა სახელმწიფოში სულ მცირე 183 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო, ანუ წინა 12 თვის მანძილზე, სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა არ იყო.

საქსტატის მონაცემებით, 1994 წლიდან გარე მიგრაციული სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. ამ მხრივ გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ 15,732 შეადგინა. აღნიშნული პანდემიით და საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. 2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობა შემცირდა.

2021 წელს 99,974 პირი წავიდა ემიგრაციაში, მათი 80.4% (80,351 პირი) საქართველოს მოქალაქეა. ამავე პერიოდში იმიგრანტების (ანუ ქვეყანაში შემოსულთა/დაბრუნებულთა) რაოდენობამ 74,008 შეადგინა, მათგან 53.4% (39,526 პირი) არის საქართველოს მოქალაქე.

როდესაც მიგრაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, მართებულია, მიგრაციული სალდო განვიხილოთ, ანუ სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნიდან 25,966 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

2013-2021 წლების მონაცემებით, უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა. თუმცა, 2021 წლის მონაცემები მოსახლეობის იმ ნაწილსაც მოიცავს, რომელიც საზღვრების ჩაკეტვის გამო 2020 წელს ემიგრაციაში ვერ წავიდა ან 2020 წელს ემიგრაციიდან დროებით დაბრუნდა ქვეყანაში და საზღვრების ჩაკეტვის გამო ვერ მოახერხა უკან დაბრუნება.

გრაფიკი 1: მიგრაციის მაჩვენებლები 2013-2021 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამრიგად, მართალია, მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. თუმცა მხოლოდ ემიგრანტების რაოდენობაზე აპელირება მანიპულაციურია და პრობლემის რეალურ შინაარსს არ გამოხატავს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4298 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი