ბლოგერმა ირაკლი ჯანყარაშვილმა, რომელსაც პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილები აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია, Facebook-ზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წაყენებულ პირობებზე მანიპულაციური პოსტი გამოაქვეყნა.

ჯანყარაშვილის მტკიცებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს შემდეგ პირობებს უყენებენ:

  1. გვემსახურე ჩვენ;
  2. უარი თქვი რწმენაზე;
  3. უარი თქვი ოჯახზე;
  4. იომე ჩვენთვის.

„ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი ჩვენ მივიღებთ ფურცელზე დაწერილ პირობას, რომ ოდესმე შევალთ ევროკავშირში!“.

ჯანყარაშვილის მიერ შემოთავაზებულ 4 პირობას, საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ რეკომენდებულ 12 პრიორიტეტულ საკითხთან (ე.წ. 12 პუნქტი) საერთო არაფერი აქვს. პრორუსი ბლოგერი, გამოქვეყნებულ პოსტში იმ ფართოდ გავრცელებული ნარატივების რეზიუმეს გვთავაზობს, რაც წლებია ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ძირითად გზავნილებს წარმოადგენენ. ამ კრემლისტური გზავნილების მიხედვით, ევროკავშირი მართლმადიდებლობას, ტრადიციულ ღირებულებებსა და ოჯახს ებრძვის და ცდილობს, საქართველო ომში ჩაითრიოს და რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნას.

სინამდვილეში, ევროკავშირის (ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს) მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის წაყენებულ ე.წ. 12-პუნქტიან გეგმაში (ისევე როგორც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვა აქამდე არსებულ ნებისმიერ ფორმატსა და სამუშაო დოკუმენტში), მსგავსი არაფერი წერია.

2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 2022 წლის 7 მარტს, ევროკავშირის საბჭომ სთხოვა კომისიას, ამ განაცხადთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვერსალში გამართულ ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს.

2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ საკუთარი დასკვნა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, საქართველოსთვის მიეცათ პერსპექტივა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ასევე გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭოს, რაც იგი 12 პრიორიტეტულ საკითხს დააკმაყოფილებს.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წაყენებული 12 პრიორიტეტული საკითხია:

  1. 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი თანამშრომლობის გზით გადაჭრას;
  2. უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გააძლიეროს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გააუმჯობესოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა;
  3. მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით;
  4. გააძლიეროს ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტი-კორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახლადდაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა უზრუნველყოს;
  5. „დეოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით;
  6. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს, კერძოდ, საგულდაგულო გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით; სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა უნდა იყოს გარანტირებული;
  7. უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე;
  8. სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით;
  9. გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ;
  10. უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე;
  11. მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში;
  12. უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ; აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს.

შესაბამისად, ჯანყარაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტი და ამ პოსტში ასახული 4 პირობა, ავტორის მიერ გამოგონილი დეზინფორმაციაა და ის საქართველოში კრემლის მიერ წლების განმავლობაში კულტივირებული ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

-----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი